1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს

342
0

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო  უკრაინაში მიმდინარე ოპერაციებში ირანული დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას  უსაფუძვლოს   დაუსაბუთებელს უწოდებს.

 

gttv.ge   ირანის საელჩოს განცხადებას   უცვლელად გთავაზობთ: 

 

  1. ირანის ისლამური რესპუბლიკა კატეგორიულად უარყოფს და გმობს უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ განცხადებებს ირანული უპილოტო თვითმფრინავების გაყიდვის შესახებ, უკრაინაში მიმდინარე ოპერაციებში გამოსაყენებლად.  ასეთი უსაფუძვლო განცხადებები, რომლებიც მხოლოდ არასწორ და მცდარ ვარაუდებს ეფუძნება, სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდისტული შეტევა, ანტი-ირანული პოლიტიკური პროცესების გასაგრძელებლად. ამასთან დაკავშირებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა, უკრაინის კრიზისისადმი კონსტრუქციული მიდგომით გამოხატავს კეთილ ნებას და  გამოთქვამს მზადყოფნას ჩაერთოს ერთობლივი ტექნიკურ და საექსპერტო თანამშრომლობაში, რათა ნათელი მოეფინოს ირანის წინააღმდეგ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს

 

  1. უკრაინის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის აფიქსირებს თავის მკაფიო, მყარ და მტკიცე პოზიციას და ხაზგასმით აცხადებს, რომ გაეროს წევრმა ყველა სახელმწიფომ უნდა დაიცვას გაეროს ქარტიით განსაზღვრული პრინციპები და პატივი სცეს საერთაშორისო კანონებს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

 

ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკა, როგორც ომის შედეგად გამოწვეული ნგრევის მსხვერპლი ქვეყანა, ეწინააღმდეგება ნებისმიერ კონფლიქტს და ომს მსოფლიოს ყველა წერტილში.

 

ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს მშვიდობასა და კონფლიქტის დასრულებას უკრაინაში და დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მხარეებს მოუწოდებს თავშეკავებისკენ და ისეთ პროცესებში ჩართვისკენ, რომლითაც შესწავლილი იქნება ამჯამინდელი ვითარების გამომწვევი მიზეზი და მშვიდობიანი გზებით გადაიჭრება არსებული უთანხმოება. ირანი მხარებს ასევე მოუწოდებს, საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარულ პრინციპებზე დაყრდნობით შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და გამართონ შესაბამისი კონსულტაციები მშვიდობიანი მოსახლეობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის დასაცავად სამხედრო თავდასხმებისაგან.

ირანის ისლამური რესპუბლიკა ასევე მხარს უჭერს გაეროს მუდმივ ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ობიექტურობა და ნეიტრალიტეტი რათა საპასუხისმგებლო და კონსტრუქციული როლი შეასრულოს უკრაინის  კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაჭრაში. ამ ორგანიზაციის ყველა ნაბიჯი მიმართული უნდა იქნას არსებული სიტუაციის გამოსწორების, კონფლიქტის გადაჭრის და დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისკენ.

ამავდროულად, ირანის ისლამური რესპუბლიკა ეწინააღმდეგება კონფლიქტის მონაწილე ერთი მხარის მიმართ ნებისმიერი სახის სანქციას, ზეწოლას ან პროვოკაციულ ქმედებას, რაც კიდევ უფრო გააუარესებს არსებულ სიტუაციას და გაართულებს მშვიდობის მიღწევას. შესაბამისად დასავლეთის ფართო სამხედრო მხარდაჭერა და თანამედროვე იარაღის მიწოდება არათუ არ წარმოადგენს ომის დასრულების სურვილს, არამედ მისი მიზანია კონფლიქტის გაგრძელება და ზარალისა და ნგრევის ზრდა.

ირანის ისლამური რესპუბლიკა გააგრძელებს კონსტრუქციულ მუშაობას კრიზისის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.