1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა
27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა

27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა

728
0

დღეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე 1840 წლის 27 ოქტომბერს სოფ. ვარიანში ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა.

 სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს ადვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი ძლიერ უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს უყვებოდა. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალაბათ ამიტომაც შეძლო შემდგომში იაკობმა, ასე საინტერესოდ აღეწერა ეს მშვენიერი სამყარო „ბუნების კარში”.

მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა-კითხვას შინ ასწავლიდნენ ხოლმე. მაგრამ იაკობი იმდენად ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ ოჯახმა იგი ქალაქ გორში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. იაკობი მეტად ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, ძალიან ბევრს მეცადინეობდა და მალე საუკეთესო მოწაფე გახდა. იაკობს ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა საეკლესიო ისტორიასა და საღვთისმეტყველო წიგნებს. შემდგომში ეს ცოდნა მას დაეხმარა, ბავშვებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე დაეწერა საღმრთო ისტორია.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს, იაკობი თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და 1861 წელს სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს. კიევში მას შესაძლებლობა მიეცა, თანამედროვე მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადო მოღვაწეების შრომებს გასცნობოდა. მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი იძულებული გახდა, მესამე კურსი მიეტოვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო.

1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. იაკობი მაშინვე შეუდგა ძველი ჩვევების აღმოფხვრას: სემინარიის გამგეობას სწავლის პროცესის მთლიანად გარდაქმნის პროექტიც წარუდგინა, სრულიად გააუქმა დასჯა. 1865 წელს გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის”, შემდეგ – „ბუნების კარი” (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში” (1872), „დედა ენა” (1876). „დედა ენა” გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, მისი გარდაცვალების შემდეგ – 25-ჯერ. „დედა ენას” „ვეფხისტყაოსნის” ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. გოგებაშვილის წიგნები ათიათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი „დედა ენა” და 5-6 ათასი „ბუნების კარი” იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების ფართოდ გავრცელებას.

იაკობ გოგებაშვილი მონაწილეობდა ი. მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას, იყო ამ საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი (1879 წლიდან). იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების შემოსავლიდან დიდ დახმარებას უწევდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას”, ერთხელ მთელი მიღებული თანხა – ცამეტი ათასი მანეთი – მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. მის თანამედროვეთა თქმით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” მისი მეორე ოჯახი იყო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა.

გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი”, „მერცხალი და მეცხვარე”, „ცხვარი და მარტი” და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი”, „ბეღურა”, „ლომი”, „მერცხალი”, „აქლემი”, „ორაგულის ცხოვრება”, „ნამი”, „ცისარტყელა” და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი”, „იოთამ ზედგენიძე”, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი”, „ცოტნე დადიანი”, „თავდადებული მღვდელი თევდორე”, „სხივი წარსულისა”, „სამასი თავდადებული გლეხი” და სხვა. მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს.

ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა” (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს”, „ჯეჯილსა” და „ნაკადულს”.

სიკვდილის წინ, 1912 წელს ანდერძი დაწერა და მთელი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა. შავი დღისთვის გადანახული ფული გაანაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც სკოლა გაიხსნა.

72  წლის ასაკში, იაკობი მძიმედ ავად გახდა. ექიმების ყოველგვარი მცდელობა ამაო გამოდგა. 1912 წლის 1 ივნისს (14 ივნისი) იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა. იაკობ გოგებაშვილი დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვირგვინი მიართვა წარწერით: ხალხის მასწავლებელს – იაკობ გოგებაშვილს.

1940 წელს აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.