
კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა
კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 49-ე ადგილზეა. შესაბამის ანგარიშს ამერიკული ორგანიზაცია World Justice Project აქვეყნებს.
“მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველოს კვლავ საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა, მსოფლიოში კვლავ 49-ე პოზიციაზე გავიდა და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში I ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ანგარიშთან შედარებით, საქართველოს პოზიცია კანონის უზენაეოსობის ინდექსის რეიტინგში არ შეცვლილა. რაც შეეხება 2020 წელს, საქართველო 42-ე საფეხურს იკავებდა.
კანონის უზენაესობით საქართველო საუკეთესო შვიდეულში მოხვდა საშუალოშემოსავლიანი კატეგორიის ქვეყნებს შორის.
რეიტინგში მოწინავე ხუთეული ასე გამოიყურება – დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, ბოლო ადგილს კი ვენესუელა იკავებს. ამასთან, კანონის უზენაესობის ინდექსით უკრაინა 76-ე ადგილზეა. კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსის მიხედვით, რუსეთი 107-ე ადგილს იკავებს.
“მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” კანონის უზენაესობის ინდექსი ასახავს კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 140 ქვეყანაში.
კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებული ვითარების შესაფასებლად “მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტი” იყენებს 44 ინდიკატორს, რომლებიც 8 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: სამთავრობო ძალაუფლებების შეზღუდვები, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, კანონის აღსრულება, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართალი.
8 ფაქტორიდან 5 ფაქტორში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტალური აზიაში პირველ ადგილზე გავიდა (კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, ნორმატიული უზრუნველყოფა, სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება).
ინდექსის ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება საქართველო მსოფლიოში 31-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი 19-ე ადგილზეა.
44 ინდიკატორიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია კრიმინალური დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველია; ევროპის საუკეთესო ათეულში 8-ე ადგილზეა, მსოფლიოში კი 13-ე პოზიციაზეა.
ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის მსოფლიოში ასეულობით ათასი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. კვლევის მონაცემები სტანდარტიზდება 0-1 ქულათა გრადაციაზე: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია კანონის უზენაესობა ქვეყანაში.
ცნობისთვის, მთლიანობაში საქართველოს ქულა ძალიან მცირედით 0.01 პუნქტით შემცირდა და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებს შორის 2022 წელს 7-ე ადგილზე გავიდა, ნაცვლად მეხუთე ადგილისა – (2021წ).