1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა”-Financial Times
“დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა”-Financial Times

“დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა”-Financial Times

0

„აშშ-ის პრეზიდენტის პოპულარობა ამომრჩევლებში სულ უფრო მცირდება. ისინი თვლიან, რომ დონალდ ტრამპი ქვეყანას არასწორად მართავს“, – წერს ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) ვაშინგტონელი კორესპონდენტი იენ ჰადსონი სტატიაში სათაურით: “დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა” , რომელშიც ქვეყნის მეთაურისა და მმართველი პარტიის მიმართ ამერიკელ ამომრჩეველთა პოზიციაა განხილული.

რა იწვევს ამერიკელების ნეგატიურ განწყობას ქვეყნის რესპუბლიკელი ლიდერის მიმართ, როცა შუალედურ არჩევნებამდე მხოლოდ ორიოდე თვეღაა დარჩენილი? როგორც ავტორი აღნიშნავს, ამომრჩევლები შეშფოთებულნი არიან აშშ-ის ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე – ნოემბრამდე – ორ თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი, ბოლო საერთოეროვნულმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ დარეგისტრირებული ამომრჩევლებიდან დონალდ ტრამპის საქმიანობას პრეზიდენტის პოსტზე მხარს მხოლოდ 33% უჭერს – ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მაისის თვიდან, რაც „ფაინენშელ თაიმსის“ დაკვეთით საზოგადოებრივი გამოკითხვის სააგენტო Focaldata-მ პირველად დაუსვა კითხვა ამერიკელებს. შედეგი თანდათან უარესდება – აგვისტოში რეიტინგი სამი პუნქტით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ივლისში. დონალდ ტრამპის მხარდაჭერის კოეფიციენტი ორი პუნქტით დაეცა უშუალოდ რესპუბლიკელ ამომრჩევლებშიც – 72%-მდე, რაც კიდევ ერთი რეკორდია „ფაინენშელ თაიმსის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად.
მთავარ მიზეზებს, რის გამოც ამომრჩევლებმა პრეზიდენტის საქმიანობა უარყოფითად შეაფასეს, ეკონომიკის მდგომარეობის გაუარესება და ცხოვრების გაძვირება წარმოადგენს: გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი ასევე სავალალოდ აფასებს დონალდ ტრამპის სატარიფო და სავაჭრო პოლიტიკას.
გამოკითხვა ჩატარდა ირანის ომით გამოწვეული სიძნელეების ფონზე (პრეზიდენტი უუნაროა ექვსთვიანი ომი დაასრულოს) – იზრდება ფასები საწვავზე და სამომხმარებლო საქონელზე, მატულობს აგრეთვე საბანკო კრედიტების ღირებულებაც.
კომპანია AAA motoring group-ის მონაცემებით, პარასკევს, 4 სექტემბერს, აშშ-ში დიზელის საწვავის ფასმა, რომელიც ამერიკული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობისათვის ძირითად საწვავად ითვლება, რეკორდულ დონეს მიაღწია – ერთი გალონი უკვე 5,85 დოლარი ღირს, რაც მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას ინფლაციის მორიგი ტალღით ემუქრება.
გამოკითხვის შედეგები თეთრი სახლისთვის საკმაოდ ცუდ მომასწავებელ ნიშნად უნდა ჩაითვალოს იმდენად, რამდენადაც რესპუბლიკელებს შუალედური არჩევნების შედეგებით სურთ კონტროლი შეინარჩუნონ კონგრესის ორივე შემადგენელ სტრუქტურაზე – როგორც წარმომადგენლების პალატაზე, ასევე სენატზე. მართალია, თვითონ დონალდ ტრამპის სახელი საარჩევნო ბიულეტენში ჩაწერილი არ იქნება, მაგრამ შუალედური არჩევნები ფართოდ განიხილება როგორც რეფერენდუმი ამჟამინდელი პრეზიდენტის ლიდერობაზე.

როგორც სოციოლოგებს რეგისტრირებული ამომრჩევლების თითქმის ორმა მესამედმა განუცხადა, აშშ-ის ეკონომიკა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 57%-მა აღნიშნა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა, რაც ოთხი პუნქტით მეტია, ვიდრე გასულ თვეში იყო, როცა ამომრჩეველთა 53%-მა თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაზე დაიჩივლა.

რესპუბლიკელ ამომრჩეველთა შორის მხოლოდ 53%-მა განაცხადა, რომ იწონებს პრეზიდენტის ნაბიჯებს დასაქმებისა და ეკონომიკის სფეროებში, რაც რვა პუნქტით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.

რაც შეეხება ვაჭრობას, რეგისტრირებული ამომრჩევლების 56%-მა, მათ შორის კი 60%-ზე მეტმა დამოუკიდებელმა და თითქმის მესამედმა რესპუბლიკელმა განაცხადეს, რომ არ იწონებენ დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 56%-იანი ბაჟის შემოღებაზე კანადური წარმოების პროდუქციის მიმართ. როგორც ცნობილია, კანადამ აშშ-ის საპასუხოდ, უკვე მიიღო 50%-იანი ბაჟი ამერიკული პროდუქციის იმპორტზე, რამაც ორ მეზობელს შორის სავაჭრო ომის ესკალაცია და მომხმარებელში ფასების სავარაუდო ზრდისადმი შიში გამოიწვია

დონალდ ტრამპმა შუალედური არჩევნების წინ თავისი თავი რესპუბლიკელთა საარჩევნო კამპანიის ცენტრში დააყენა. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი მიმდინარე კვირაში, ტეხასის შტატში, დალასში, უპრეცედენტო ორდღიან კონფერენციას ჩაატარებს შუალედურ არჩევნებისადმი მზადებასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის თავმჯდომარეობით, ამომრჩეველთა მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით

მაგრამ როგორც „ფაინენშელ თაიმსის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, დიდი ალბათობაა, რომ რესპუბლიკელების სტრატეგიამ უკუშედეგები აჩვენოს. რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 46%-მა განაცხადა, რომ ტრამპი თავისი მოქმედებით რესპუბლიკელებს გამარჯვებას გაურთულებს, ხოლო დამოუკიდებელი ამომრჩევლების ვარაუდი უფრო უარესია – თუ რომელიმე კანდიდატს პრეზიდენტი პიროვნულად მხარს დაუჭერს, ის კანდიდატი არჩევნებს წააგებს.
რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა დემოკრატებს 7,5 ქულიანი უპირატესობა მისცეს რესპუბლიკელებთან შედარებით, როცა მათ შეკითხვა დაუსვეს – ვის მისცემენ თავიანთ ხმას. წინა თვეში დემოკრატების სავარაუდო უპირატესობა 5 ქულიანი იყო, ანუ აგვისტოში კიდევ 2,5-ით მოიმატა.
როგორც ბატლგრაუნდის ოკრუგის ოლქში „ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტთან საუბარში ადგილობრივმა რესპუბლიკელმა კანდიდატებმა განაცხადეს, ისინი მოუთმენლად ელოდებიან, თუ როგორ დახარჯავს MAGА Inc (ანუ ლოზუნგის „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ მომხრეთა კომიტეტი) მათ მხარდაჭერაზე დაპირებულ 400 მილიონ დოლარს. სხვათა შორის, Maga Inc-მა უკვე განაცხადა, რომ ტეხასში რესპუბლიკელი კანდიდატის კენ პაქსტონის სენატში არჩევის რეკლამირებისათვის 10 მილიონი დოლარი გამოყო.
„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა – ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ (ირანთან ომის) გამო ეკონომიკის განვითარება შესაძლოა ზოგჯერ დროებით შეფერხდესო, ადმინისტრაცია ძველებურად იმედოვნებს, რომ ეკონომიკური პროგრამის რეალიზება მაინც განხორციელდება, რომელიც გადასახადების შემცირებას, დერეგულირებას და ენერგორესურსების უზრუნველყოფას ითვალისწინებს“, – ხაზი გაუსვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, – „დასაქმების სფეროში აგვისტოს თვის მონაცემები ადასტურებს იმას, რომ პროგრამის მიხედვით, კერძო სექტორში უწყვეტად იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მზარდი ტემპით ხდება აშშ-ის რეინდუსტრიის სტიმულირება, რიგითი ამერიკელების მდგომარეობის შესამსუბუქებლად“
„ფაინენშელ თაიმსის“ დაკვეთით გამოკითხვა ჩატარდა ლონდონის დამოუკიდებელი კვლევითი კომპანიის Focaldata-ს მიერ 28 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით. გამოკითხვაში ასახულია 1914 ამერიკელი რეგისტრირებული ამომრჩევლის თვალსაზრისს და მისი ცდომილება პლუს-მინუს 2,6%-ია.

წყარო: