“ევროპა ვერ გაუძლებს რუსეთთან ისეთ ომს, რომელიც გამოფიტვაზე იქნება გათვლილი: ექსპერტები შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან ჰიბრიდულ ომს მოიგებს”-The Guardian
„ევროპა ვერ გაუძლებს რუსეთთან ისეთ ომს, რომელიც გამოფიტვაზე იქნება გათვლილი: ექსპერტები შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან ჰიბრიდულ ომს მოიგებს“, – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორის პატრიკ ვინტურის მიერ გაანალიზებულია ევროპული ქვეყნების ძალისხმევა რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხის განეიტრალებისათვის.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
გასულ კვირაში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც ევროპულ სამომავლო სამხედრო კოორდინაციის საკითხები განიხილეს, ნატოს თავდაცვის დაგეგმვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებმა შიშნეულად აღნიშნეს, რომ რუსეთთან კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში დღევანდელი ევროპა ხანგრძლივ გამომფიტველ ომს ვერ გადაიტანს – იმიტომ, რომ ევროპული საზოგადოება ასეთი ომისათვის მომზადებული არ არის. ეს პესიმიზმი ასახავს შეშფოთებას, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მოიგებს ე.წ. „ჰიბრიდულ ომს“ ევროპასთან და, შესაბამისად, ნატოს სამხედრო მგეგმავების შრომა უქმად ჩაივლის.
ევროპულ სახელმწიფოებში არსებული პოპულისტური ძალებისადმი მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა საფრთხის ქვეშ აყენებს ხუთი ევროპული ქვეყნის (E5 – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის) წინადადებებს, რომ მათ საკუთარ თავზე იტვირთონ ახალი მაკოორდინირებელი როლი იარაღით მომარაგების საქმეში – იმდენად, რამდენადაც აშშ ემზადება შეამციროს თავისი წვლილი და ვალდებულება ევროპის თავდაცვის საქმეში.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა, განაცხადა, რომ ევროპულ საზოგადოებას, დიდი ალბათობით, არ აქვს ხანგრძლივი ომის წარმოების სურვილი, შესაბამისად, შექმნილ სიტუაციაში ნატოს მოუწევს გეგმები შეიმუშაოს სწრაფი კონფლიქტის გათვალისწინებით.
ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა აღიარა, რომ დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოება „ცუდად“ არის ინფორმირებული რუსეთთან ჰიბრიდული კონფლიქტის მასშტაბების შესახებ. კიდევ ერთმა ყოფილმა ბრიტანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა, რომლებიც ერთმანეთს ზედიზედ ცვლიდნენ, არაფერი არ გააკეთეს, რომ მოსახლეობისათვის საფრთხის მასშტაბები აეხსნათ. მათი თქმით, ახლა ძალიან ძნელია მოქმედმა მინისტრებმა დაარწმუნონ ამომრჩევლები იმაში, რომ საჭიროა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები შემცირდეს თავდაცვის სფეროს დაფინანსებისათვის. „დისკუსიები საბავშვო სახლის დონეზე მიმდინარეობს“, – აღიარა ბრიტანელმა დიპლომატმა.
კონფერენციაზე, რომელიც მიუნჰენის უსაფრთხოების ფორუმის (MSC) ფონდის ეგიდით ჩატარდა, კიდევ ერთმა გამომსვლელმა თქვა, რომ რუსეთთან ცივი ომის დროინდელი გამყოფი ხაზების გაქრობამ მოსკოვს შესაძლებლობა მისცა თავისუფლად გამოეყენებინა ევროპულ საზოგადოებაში – როგორც მემარცხენეებში, ისე მემარჯვენეებში – არსებული შიშები და ისეთი პროპაგანდა განეხორციელებინა, რომელიც ამ შიშის ფაქტორს გაამწვავებდა. შესაბამისად, ჩამოყალიბდა განწყობა, რომ ევროპა რუსეთთან ჰიბრიდულ ომს ნამდვილად წააგებს, რასაც, დიდი ალბათობით, მემარჯვენე პოპულისტები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ მომავალ წელს, როცა პოლონეთში, საფრანგეთში და იტალიაში საპრეზიდენტო-საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
პოპულისტური პარტიების უმრავლესობა, „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD) ჩათვლით, რუსეთს სიმპათიით უყურებენ და უკრაინაში კონფლიქტის დასრულება [კრემლის სასარგებლოდ] სურთ.
კონფერენციაზე გამართულმა დისკუსიებმა, რომელთა მონაწილეების დასახელება და იდენტიფიცირება იკრძალებოდა, ამ კვირაში დიდი აქტუალობა შეიძინა ლეიფციგში მომხდარი ინციდენტის ფონზე, როცა გერმანიამ რუსეთს ადგილობრივი აეროპორტის მიმართ დრონით შეტევის ბრალდება წაუყენა. ინციდენტი გასულ თვეში, 4 აგვისტოს მოხდა: პიროვნება, რომელიც ლეიფციგის აეროპორტში დრონთან ერთად აფეთქდა, ბელარუსის მოქალაქე აღმოჩნდა, მაგრამ რუსული პასპორტით, რომელიც ევროპაში იტალიური ტურისტული ვიზით იყო გასული.
კონფერენციის დროს გაჟღერებული წინადადებების თანახმად, აუცილებელია, რომ ევროკავშირმა კოლექტიური განცხადება გამოაქვეყნოს რუსული საფრთხის თაობაზე, რომელიც პოპულისტურმა ძალებმა ან უნდა აღიარონ, ან უარყონ. საზოგადოება აშკარად დაინახავს პოპულისტური ულტრამემარჯვენეების პოზიციას და მათ მოქმედებას შესაბამისად შეაფასებენ.
„იმ დროს, როცა აშშ-მა უახლოეს თვეებში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროპაში ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფების ყოფნა-არყოფნის თაობაზე, როცა ევროპა სტაგნაციას განიცდის, საგარეო საფრთხეებმა კი სერიოზული მასშტაბი შეიძინეს, ევროპული საზოგადოება უდიდესი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ეს ყველაფერი თავდაცვის სფეროში დიდ და მჭიდრო ინტეგრაციას მოითხოვს“, – ამბობს ვოლფგანგ იშინგერი, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე. მისი მტკიცებით, E5-ის ქვეყნების წინადადებით, ყველა ევროპული ქვეყანა, რომლებთაც მნიშვნელოვანი სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი აქვთ, [რუსეთის წინააღმდეგ] უნდა გაერთიანდეს. შესაძლოა, მოგვიანებით [მშვიდობის დამყარების შემდეგ] მათ რიგებში აღმოჩნდეს უკრაინაც, რომელსაც ამჟამად ევროპაში ყველაზე ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია ჰყავს.
E5-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თქმით, ინტეგრირება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ნატოს დუბლირებას მოახდენენ, თუმცა არსებობს იმის ეჭვები, რომ აშშ დაბლოკავს ნატოს ევროპელ წევრებს შორის ძლიერი საყრდენის გაჩენას: „ვაშინგტონს უფრო მოვალეობების გადანაწილება აწყობს, ვიდრე უფლებამოსილების გაყოფა“, – ირონიულად შენიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
E5-ის ქვეყნებს შორის იტალია ყველაზე მეტად არის შეშფოთებული რუსული ჰიბრიდული ომის მავნე გავლენით. აღსანიშნავია, რომ ჯორჯა მელონის მემარჯვენე მთავრობა, რომელიც ზომიერ კურსს ატარებს უკრაინის მხარდასაჭერად, ყველაზე დიდხანს არის იტალიის ხელისუფლებაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტონიო ტაიანის განცხადებით, რუსულ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ კრემლი აუცილებლად ჩაერევა მომავალ წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში და გარკვეულ მანიპულაციებს განახორციელებს: „ომი მხოლოდ ტანკებით, ავიაციით და ბომბებით არ წარმოებს, უამრავი ჰიბრიდული წესი არსებობს და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“. თავის დიპლომატ კოლეგას ეთანხმება თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო, რომლის თქმით, „სისულელე იქნება, რომ რუსეთის ჩარევის დონე არ ვაღიაროთ“, მით უმეტეს ისეთ ფონზე, როცა მატულობს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობა ძლიერი კიბერშეტევების განხორციელებისათვის, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
იტალიაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის სავარაუდო მომხრეებად მოიაზრებიან, მაგალითად, ულტრამემარჯვენე ეროვნული მოძრაობა „მომავალი“ და მისი ლიდერი რობერტო ვანაჩი. იგი ჯორჯა მელონის მოწინააღმდეგე იქნება მომავალი წლის აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში. როცა რობერტო ვანაჩის მიმართ გამოძიება დაიწყო – არის თუ არა მისი პარტია ფაშიზმის აღორძინების ხელშემწყობი – მან კრიტიკაზე ირონიულად განაცხადა: „ეს-ესაა გავიგე, რომ მე თურმე რუსეთის გამოგზავნილი „მანჯურიელი კანდიდატი“ ვყოფილვარ, რომ ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, იტალიაში, ბენზინის ფასების მატება გავაპროტესტო“. („მანჯურიელი კანდიდატი“ ცნობილი ამერიკული მწერლის სტივენ კოლდონის ნაწარმოებია, რომლის მიხედვით, კორეის ომის დროს, მანჯურიაში, ამერიკელი ჯარისკაცები ტყვედ ჩავარდებიან, საბჭოთა და ჩინური სპეცსამსახურები კი მათ ფსიქიკაზე ზემოქმედებას ახდენენ, „ტვინს ურეცხავენ“, ათავისუფლებენ და აშშ-ში ქილერებად იყენებენ). (…)