“საქართველო უარყოფს ევროკავშირის ანტიირანულ სანქციებს და პრიორიტეტს სუვერენიტეტსა და პრაგმატიზმს ანიჭებს” -Tehran Times
ირანის ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთის „თეირან თაიმსის“ (Tehran Times – დაარსდა 1979 წელს) 23 აგვისტოს ნომერში, პირველ გვერდზე გამოქვეყნებულია სარედაქციო კომენტარი სათაურით: “საქართველო უარყოფს ევროკავშირის ანტიირანულ სანქციებს და პრიორიტეტს სუვერენიტეტსა და პრაგმატიზმს ანიჭებს”, რომელშიც პოზიტიურად არის შეფასებული საქართველო საგარეო პოლიტიკა, კერძოდ – საქართველოსა და ირანის ურთიერთობები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
საქართველო მტკიცედ იცავს თავის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და ოფიციალურად უარს აცხადებს შეუერთდეს ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ ბოლო დროს შემოღებულ იძულებით სანქციებს. ეს გადაწყვეტილება ასახავს მზარდ ტენდენციას იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უარს ამბობენ ბრმად გაიზიარონ ეკონომიკური ზეწოლის დასავლური ტაქტიკა, თავიანთი საკუთარი ეროვნული ინტერესების საზიანოდ.
ცნობილმა ქართველმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება“ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის საერთაშორისო მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სუვერენული პრიორიტეტებით არის განპირობებული. „მიუერთდება თუ არა საქართველო რომელიმე რეზოლუციას ან როგორ ნაბიჯებს გადადგამს საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასეთი მოქმედება განისაზღვრება მხოლოდ ერთი კრიტერიუმით: საქართველოს ინტერესებით მოცემულ მომენტში“, – აღნიშნა დეპუტატმა და ხაზი გაუსვა, რომ „თუ რომელიმე [საერთაშორისო ორგანიზაციის] გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას ეწინააღმდეგება, ჩვენ სრულიად არ გვაღელვებს, ვის ინტერესებს ემსახურება მისი მიღება“.
საქართველოს ასეთი სუვერენული მიდგომა რეალიზდება მსოფლიოს პოლიტიკის ფართო გარდაქმნის ფონზე, როცა ჩვენი რეგიონული მეზობლები აღიარებენ დასავლური ცალმხრივი სანქციების უსარგებლობას. ათეული წლების განმავლობაში დასავლეთის სახელმწიფოები, ვაშინგტონისა და ბრიუსელის ხელმძღვანელობით, ეკონომიკურ სანქციებს იყენებდნენ როგორც ჰეგემონიის ინსტრუმენტებს და ცდილობდნენ ირანის იზოლაციაში მოქცევას, მათი მიზანი იყო ქვეყნის კანონიერი ტექნოლოგიური და ეკონომიკური პროგრესის ჩახშობა. იმავდროულად თეირანის მდგრადი „წინააღმდეგობის ეკონომიკისა“ და ევრაზიის კონტინენტზე დიპლომატიური კონტაქტების გაფართოების ფონზე დასავლეთის ზეწოლის კამპანია უშედეგო და არაფექტურია.
თბილისის უარი ევროკავშირის შემზღუდავი ზომებისადმი მიერთებაზე ხაზს უსვამს კონსტრუქტიული და პრაგმატული ურთიერთობების სასიცოცხლო მნიშვნელობას თეირანსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის. ბოლო წლებში ირანსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ ურთიერთპატივისცემა და რეგიონული კავშირების განვითარება უფრო მეტ უპირატესობას იძლევა, ვიდრე ევროკავშირის ცალმხრივი დიქტატისადმი დამორჩილება
საქართველო, რომლისთვისაც ეროვნული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასავლეთის დიქტატი, უერთდება მზარდ მრავალპოლუსიან კონსენსუსს, რომელიც უარყოფს უკანონო გარეშე ჩარევებს რეგიონულ საქმეებში.