პოლიციამ თბილისში “გლოვოს” კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია „გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი – მომხდარიდან მეორე დღეს, ხოლო კიდევ ორი ბრალდებული, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ, 13 აგვისტოს დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.