1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ალექსანდრე ლუკაშენკომ ბოდიში მოიხადა ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე და ტონი შეცვალა. რატომ?”-Deutsche Welle
“ალექსანდრე ლუკაშენკომ ბოდიში მოიხადა ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე და ტონი შეცვალა. რატომ?”-Deutsche Welle

“ალექსანდრე ლუკაშენკომ ბოდიში მოიხადა ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე და ტონი შეცვალა. რატომ?”-Deutsche Welle

0

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ, პარასკევს, საკმაოდ უჩვეულო ინტერვიუ მისცა საუდის არაბეთის ტელეარხის „ალ-არაბიას“ ჟურნალისტს, საერთაშორისო ამბების წამყვანს, კორესპონდენტ მელინდა კარენ ნუსიფორას, რომელიც თითქმის ორი საათი გრძელდებოდა. ინტერვიუში გაიჟღერა ისეთმა სიტყვებმა და არატიპიურმა გამონათქვამებმა, რომლებიც ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელი იყო და დღემდე არავის არ გაუგონია ბელარუსის ლიდერისაგან.

გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) რუსულენოვანმა სამსახურმა (მთავარი შტაბ-ბინა განთავსებულია ბონში) გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „ალექსანდრე ლუკაშენკომ ბოდიში მოიხადა ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე და ტონი შეცვალა. რატომ?“ (ავტორი – ელენა დორონინა), რომელშიც გადმოცემულია ინტერვიუს ძირითადი მომენტები და კომენტირებულია ბელარუსის მმართველის ზოგიერთი განცხადება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ალექსანდრე ლუკაშენკომ, ფაქტიურად, ბოდიში მოუხადა თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამას წინათ გამოთქმული მკვეთრი სიტყვებისათვის და მტკიცედ განაცხადა, რომ ბელარუსი ომში არ ჩაებმება. პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინის ჯარებს ბელარუსის ტერიტორია „ხელისგულზე უდევთ“ და თუ კიევი ფრონტს გაუხსნის, ბელარუსს რუსეთიც კი ვერ დაეხმარება.

„დოიჩე ველემ“ კითხვები დაუსვა ბელარუს და უკრაინელ ექსპერტებს, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ალექსანდრე ლუკაშენკოს „აღიარებითი ჩვენება“.

„შეიძლება მე სადღაც რაღაც არასწორად ვთქვი…“

 უპასუხა რა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ კითხვებს, ალექსანდრე ლუკაშენკომ მტკიცედ განაცხადა, რომ იგი ვლადიმერ პუტინთან ერთად მივიდა დასკვნამდე: „ბელარუსის ჩაბმა რაიმე სახით უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში მიუღებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას ბელორუსის მიმართ რაიმე შიში არ უნდა ჰქონდეს“.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაებმება, მაშინ რუსეთისათვის ფრონტის ხაზი დამატებით 1,5 ათასი კილომეტრით გაიზრდება და „ჩვენ, რუსებთან ერთად, ჩვენი მონაკვეთის დაცვას ვერ შევძლებთ“.

ბელარუსის ლიდერმა ასევე აღიარა, რომ ბელარუსი „ძალიან მოწყვლადია სამხედრო თვალსაზრისით“ და უკრაინის ჯარებს „ხელისგულზე უდევთ“. ასე რომ, თუ უკრაინის არმია მოისურვებს, „ჩვენი ძირითადი კრიტიკული ობიექტები მისი დარტყმის ქვეშ იოლად მოექცევა“. ქვეყნის მმართველმა დაიმოწმა ბელარუსის მოსახლეობის განწყობა და განაცხადა, რომ არც ხალხს და არც არმიას უკრაინასთან ომი არ სურთ და მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„შესაძლოა, მე სადღაც რაღაც [უკრაინის მიმართ] არასწორად ვთქვი და გადავამეტე“, – ასე შეაფასა და ალექსანდრე ლუკაშენკომ თავისი კრიტიკული გამონათქვამები ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით.

გავიხსენოთ, რომ ამას წინათ, ასტანაში, 29 მაისს, ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომაზე, ალექსანდრე ლუკაშენკო საკმაოდ მკვეთრი განცხადებით გამოვიდა უკრაინის ლიდერის მიმართ, რაც მოგვიანებით რუსული ტელეარხის „როსია-1“-ის ეთერში გაიმეორა: „არ მინდა ზელენსკიმ ცუდად გაიგოს, მაგრამ იძულებული ვარ ვთქვა: იგი ლაყბობს და ყველაფერზე განცხადებებს აკეთებს“.

„თუ ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩს [ზელენსკის] ჩემი მაშინდელი ნათქვამი ეწყინა, მე ჩემი სიტყვებისათვის მას ბოდიშს ვუხდი“, – თქვა ალექსანდრე ლუკაშენკომ „ალ-არაბიასათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„ამგვარი ლაპარაკი ლუკაშენკოსათვის არატიპიურია“

 როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი არტემ შრაიბმანი აღნიშნავს (იგი ბელარუსიდან ემიგრაციაში 2021 წლიდან წავიდა), ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტობის პერიოდში, ალბათ, პირველად მოიხადა ბოდიში. „შესაძლოა, ლუკაშენკო მიხვდა, რომ ზედმეტები თქვა. თუმცა ვფიქრობ, მან თავისი განცხადებები ასტანაში რუსული აუდიტორიისათვის გააკეთა, ახლა კი მისი შერბილება განიზრახა“, – ამბობს ანალიტიკოსი, – ალექსანდრე ლუკაშენკომ იცის, რომელი მაყურებლისათვის როგორ თქვას“.

„ასევე არატიპიურია სისუსტის აღიარება ისეთი ავტორიტარული ლიდერისათვის, როგორიც ალექსანდრე ლუკაშენკოა – იგი მუდმივად „კუნთებს ათამაშებს“ და არმიის ძალით ბრავირებს. ახლა კი მან დაიწყო ლაპარაკი როგორც საკუთარ, ისე რუსეთის სისუსტეზე. როგორც ჩანს, ლუკაშენკოზე გავლენა მოახდინა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებმა, რომლითაც თავის კოლეგას ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა: „უკრაინის არმიას ბელარუსზე დარტყმისთვის სამიზნეები აქვს ამორჩეული 500-მდე ობიექტი სახით“ და „შეცდომა არ დაუშვას, ნიკოლას მადუროს მაგალითი უნდა ახსოვდესო“, – ამბობს არტემ შრაიბმანი.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ უკვე მთლიანად შეცვალა თავისი რიტორიკა: „მთელი მისი ცხოვრება სულ რიტორიკაა. მას რეფლექსები აქვს ომში მომხდარი ცვლილებების მიმართ, როცა ბოლო დროს სიტუაცია, დიდი ალბათობით, უკრაინის სასარგებლოდ ვითარდება… თავის მხრივ, არა მგონია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ძალიან ეწყინა ბელარუსი კოლეგის ნათქვამი… უკრაინის პრეზიდენტი მას რუსეთის სამხედრო სატელიტად აღიქვამს და თვლის, რომ ზოგჯერ მისი შეშინება მიზანშეწონილია“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

„ლუკაშენკო ომისშემდგომ ევროპაზე ფიქრობს“

 „ალექსანდრე ლუკაშენოს შიშები შეეპარა, ვაითუ უკრაინულმა დრონებმა მინსკს დაარტყანო… მას აქვს პოლიტიკური და ფიზიკური თვითგადარჩენის ძლიერი გრძნობა. აი, ამიტომაც დაუბრუნდა მშვიდობიან რიტორიკას“, – ამბობს ალექსანდრე კლასკოვსკი, უკრაინელი ანალიტიკოსი. ასევე, მისი აზრით, ალექსანდრე ლუკაშენკო უკვე ფიქრობს ომისშემდგომი ევროპის არქიტექტურაზე და მასში ჩართვა სურს: ლუკაშენკოს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვალში უკვე პოზიტიური იმიჯი აქვს. ინტერვიუში ბელარუსმა მმართველმა აღიარა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს და ამ საკითხში აშშ-ის შუამავლობის იმედი აქვს. „და ეს ცარიელი სიტყვები არ არის: გავიხსენოთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა წერილები გაუგზავნა კიევს, ვარშავას და ვილნიუსს, რომ ხელი უნდა შეუწყონ ბელარუსული კალიუმის ტრანზიტს დასავლეთში“, – ამბობს კლასკოვსკი.

ანალიტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ „მოსკოვთან მიმართებით ალექსანდრე ლუკაშენკოს ყველაზე მეტად იაფი რესურსებისა და პროდუქციის იმპორტი აინტერესებს. იგი ითვალისწინებს იმას, რომ რუსული ეკონომიკა თანდათან იფიტება“.

„სიგნალი არა იმდენად კიევისთვის, რამდენადაც ვაშინგტონ-პეკინისთვის“

 უკრაინელი პოლიტოლოგის ვლადიმერ ფესენკოს აზრით, ალექსანდრე ლუკაშენკოს გამონათქვამებმა უკრაინა, აშშ და ჩინეთი უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ბელარუსს მშვიდობა სერიოზულად სურს: „ეს არის სიგნალი არა იმდენად კიევისთვის, რამდენადაც ვაშინგტონისა და პეკინისთვის. ინტერვიუდან ჩანს, რომ მას უნდა დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოს წევრობა. ასევე ბელარუსი ლიდერი სიგნალს უგზავნის ჩინეთს, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაცია არ ასურს“.

„ეტყობა, ალექსანდრე ლუკაშენკომ პეკინიდან რჩევა მიიღო – „არ გინდა მუდმივად „ორეშნიკზე“ და ბირთვულ იარაღზე ლაპარაკი“. ჩინეთი არ არის დაინტერესებული არც ომის ესკლაციით და არც იმით, რომ ბელარუსის ტერიტორია სამხედრო მოქმედებების არენად გადაიქცეს. რაც შეეხება ვაშინგტონთან ურთიერთობას, ლუკაშენკოს აშკარად სურს ტრამპის მშვიდობის საბჭოს წევრობა: მან ამას წინათ პოლიტპატიმრების მორიგი ჯგუფი გამოუშვა ციხიდან და ამით მიანიშნებს თავის მშვიდობიან კურსზე… გარდა ამისა, ინტერვიუ შემთხვევით არ ქვეყნდება „დიდი შვიდიანის“ სამიტის დღეებში, რომელიც ამჟამად პარიზში მიმდინარეობს. იქ აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებებს… სხვათა შორის, ნიშანდობლივია ის ფონიც, რომ ემანუელ მაკრონი ბელარუსის პრეზიდენტს ტელეფონით ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ესაუბრა“, –  ამბობს ვლადიმერ ფესენკო, – „მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინს სულ სხვანაირად ეტყვის. ალბათ, შემოდგომისათვის ომის სიტუაცია უფრო ნათლად გაირკვევა და ბელარუსის პრეზიდენტის პოზიცია “.

„სამი სლავური ხალხის სახელით…“

 ბელარუსის მმართველმა მოუწოდა ომის მხარეებს მოილაპარაკონ სამშვიდობო ფორმულით – „მხოლოდ ჩვენ, სამმა სლავმა ხალხმა“: „დავსხდეთ მაგიდასთან ერთად – ლუკაშენკო, პუტინი და ზელენსკი – და მოვილაპარაკოთ, როგორ უნდა გადავლახოთ ომის მძიმე შედეგები“. მაგრამ რამდენად რეალურია ასეთი სურვილის განხორციელება?

ვლადიმერ ფესენკოს აზრით, ლუკაშენკოს განცხადება კიევში ყურადღებით მიიღეს, მაგრამ მას მოლაპარაკებაში მონაწილეობის შანსები პრაქტიკულად არ აქვს. „შეიძლება თეთრ სახლში დაიჯერონ და სერიოზულად ჩათვალონ, მაგრამ კიევის თვალში ალექსანდრე ლუკაშენკომ ნდობა დაკარგა“, – ამბობს ფესენკო.

არტემ შრაიბმანიც მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებაში ნაკლებად რეალურია: „არც რუსეთი და არც უკრაინა მას მნიშვნელოვან მოთამაშედ არ თვლიან“.

ალექსანდრე კლასკოვსკის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ალბათ, სურს, რომ ისეთივე როლი მაინც შეასრულოს, როგორიც „ნორმანდიული ოთხეულის“ მოლაპარაკების დროს ჰქონდა, ანუ ყავის მიმტანის როლი. „ჩემი აზრით, მას გარკვეული შანსი აქვს. შესაძლოა იგი ამერიკამ და ევროპამ ამისათვის წაახალისონ. მათი ბიზნესინტერესები მუშაობს. ვიტყვი ბელარუსული ოპოზიციისათვის არასასურველ აზრს: „თუ მოლაპარაკებაში რაღაც როლით მინსკიც მიიღებს მონაწილეობას, ეს უკეთესია, ვიდრე ის, რომ რეგიონის ბედი ბელარუსის გარეშე გადაწყდეს“.

 

წყარო: