ირაკლი ქადაგიშვილი – ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ ოპოზიციის გაყრა და შეყრა ყოველთვის გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი იყო, მათ შორის ერთობა არ არის, პოლიტიკაში პერსპექტივა არ აქვთ
ოპოზიციაში არანაირი დიალოგი და ერთობა არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ მათი გაყრა და შეყრა ყოველთვის იყო გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი და არა მათი შინაგანი დამოკიდებულება.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველა, გარკვეულწილად, ერთისა და იმავე იდეოლოგიისა და მიზნების მატარებელია, საბოლოო ჯამში, მათ შორის შინაარსობრივად და პიროვნულად გადაულახავი წინააღმდეგობებია, რაც ნათლად მიუთითებს, რომ მათ ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა არ აქვთ. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რაოდენ ყალბი იყო პროპაგანდა, მათ შორის, არჩევნების წინ, რომ, გინდა თუ არა, ქვეყნისთვის მხოლოდ კოალიციური მმართველობაა გამოსავალი.
ნათელია, ეს ხალხი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, რას დამართებდნენ სახელმწიფოსა და საზოგადოებას. ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ მათი გაყრა და შეყრა ყოველთვის იყო გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი და არა მათი შინაგანი დამოკიდებულება. ისიც, მათი ნაწილის აღიარება, რომ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმა შეცდომა იყო, ადასტურებს, რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება იყო”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.