გიორგი გვარაკიძე აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, მარკ ნორდბერგს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, მარკ ნორდბერგს შეხვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების ამერიკაში უკანონო შეყვანისა და საბუთების გაყალბების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და რამდენიმე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული.
მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების შესახებ და თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრეს.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილე, ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ამერიკის საელჩოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ატაშე ალექს თიგი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ოფისის ხელმძღვანელი ჯემი შაფელბარგერი და მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორი ეკატერინე ფოფხაძე.
„შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.