1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები”-The Daily Telegraph
“პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები”-The Daily Telegraph

“პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები”-The Daily Telegraph

0

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები“ (ავტორი – რობერტ სერვისი, პოლიტიკური მიმომხილველი). მასალაში განხილულია რუსეთის პრეზიდენტი ამჟამინდელი მდგომარეობა და მისი მმართველობის პერსპექტივა. „ვლადიმერ პუტინი თავისი მდგომარეობით რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს ნიკოლოზ მეორეს მოგვაგონებს“, – ნათქვამია სტატიაში

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსები წარსულში მიღწეული სამხედრო წარმატებებით იზრდებიან. ლევ ტოლსტოიმ დაწერა რომანი „ომი და მშვიდობა“, რომელშიც განდიდებულია ნაპოლეონ ბონაპარტის არმიაზე მოპოვებული გამარჯვება 1812-1815 წლებში. ასევე რუსებისათვის განსაკუთრებით საამაყოა მეორე მსოფლიო ომში წითელი არმიის მიერ გერმანიის (მესამე რეიხის) დედაქალაქის ბერლინის აღება 1945 წელს.

ვაი იმ რუს ლიდერს, რომელსაც ომში დამარცხებულად ჩათვლიან… იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ ვერანაირად ვერ მოახერხა პოლიტიკური რეაბილიტაცია იმ მარცხისაგან, რომელიც მან იაპონიასთან ომში იწვნია 1905 წელს. 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შედეგად, ნიკოლოზი იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო, როცა იგი – რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი – პირველ მსოფლიო ომში, გერმანიასთან ბრძოლის დროს განცდილ წარუმატებლობაში დაადანაშაულეს. (…)

ითვლება, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, რომლებიც, პრინციპში, იოლად მისაღწევი იყო. 2014 წელს მან მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო სირიის ქალაქებს ჰაერიდან ბომბავდა – 2015 წლიდან, სახმელეთო ქვედანაყოფების თანდათანობითი ჩარევით. მაგრამ უკრაინა, რომლის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის თებერვლის ბოლოს ომი დაიწყო, მისთვის კერკეტი კაკალი და მტკიცე მოწინააღმდეგე აღმოჩნდა (…). მიმდინარე წელს, ნაცისტურ გერმანიაზე გამრჯვების დღისადმი მიძღვნილ ტრადიციული სამხედრო აღლუმის დროს რუსეთმა პირველად ვერ გაბედა წითელ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოყვანა, უკრაინული დრონების თავდასხმის შიშით. (…)

ვლადიმერ პუტინი გეგმავდა, რომ უკრაინასთან დაწყებულ ომს რამდენიმე დღეში დაამთავრებდა. იმ ხანებში ბევრმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ თან სადღესასწაულო სამხედრო ფორმაც წაიღო, კიევის მთავარ ქუჩაზე [კრეშჩატიკზე] დაგეგმილ სამხედრო აღლუმში მონაწილეობის მიზნით. მაგრამ პრეზიდენტს იმედგაცრუება ელოდა: საომარი მოქმედებები უკვე მეხუთე წელია გრძელდება და დღეს არცერთი საღად მოაზროვნე რუსი არ ფიქრობს, რომ რუსეთისათვის საქმე კარგად მიდის.

ამჟამად რუსეთის ეკონომიკა, რომელშიც პრიორიტეტი სამხედრო შეკვეთების შესრულებას ეთმობა, ნელ-ნელა სუსტდება. შესაბამისად, ცხოვრება ძვირდება. ვლადიმერ პუტინისათვის მოსახლეობის სოციალური დაცვა სულ უფრო რთულდება. არმიის ცოცხალი ძალით უზრუნველყოფაშიც პრობლემები გაჩნდა: ყოველთვიურად ფრონტზე სულ მცირე 30 ათასი ჯარისკაცი იღუპება. 2025 წლის ნოემბერში ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა ჯარში გაწვევა შეუძლია მთელი წლის განმავლობაში განახორციელოს და არა ისე, როგორც ადრე იყო – სეზონურად. როცა 2022 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის განხორციელებას შეეცადა, რუსეთის საზოგადოებამ უკმაყოფილება ხმამაღლა გამოხატა. (…)

კრემლში დაძაბული ატმოსფერო სუფევს. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტი გახდა, მან მკაცრი კონტროლი შემოიღო ტელევიზიისა და საერთოდ, მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე. ხელისუფლებამ მასმედია მონოპოლიზებული გახადა. იგივე ხდება სოციალური ქსელების მიმართაც: მიმდინარე წელს რუსეთის ხელისუფლებამ შეზღუდა Telegram-არხი, რომლის საქმიანობა მნიშვნელოვანი კონფიდენციალურობით გამოირჩეოდა და მის ნაცვლად მხარი დაუჭირა Max-არხს, რომელიც არანაირ პრობლემებს და დაბრკოლებებს არ უქმნის რუსეთის სპეცსამსახურებს შიდა საქმეებში ჩარევისათვის.

ცხადია, მასმედიისა და სოცქსელების შეზღუდვისკენ გადადგმულმა ნაბიჯებს ვლადიმერ პუტინისათვის მხარდამჭერები არ გაუმრავლებია, განსაკუთრებით რუსეთის ახალგაზრდობაში. არმიაში ახალგაზრდების მასობრივი გაწვევით უცილობლად პრეზიდენტის პოპულარობა ეცემა. ახალგაზრდები თავს არიდებენ ჯარში სამსახურს და საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობენ. 2026 წლის გაზაფხულამდე არმიის ცოცხალი ძალით დაკომპლექტება ძირითადად ნებაყოფლობითი საკონტრაქტო სისტემით ხდებოდა, რომელიც აჟამად თითქმის აღარ მუშაობს. (…)

გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ვლადიმერ პუტინი რუსეთის ჰორიზონტზე წამოშლილი ჭექა-ქუხილის შავი ღრუბლების გაფანტვას. მან სასკოლო განათლებისა და მასმედიის მილიტარიზება მოახდინა ბევრად უფრო სისტემატურად, ვიდრე ამას კრემლის ნებისმიერი ბინადარი განახორციელებდა, იოსებ სტალინის მმართველობის შემდეგ. კაცმა რომ თქვას, ვლადიმერ პუტინიც იოსებ სტალინივით ულმობელია და მკაცრად სჯის სხვაგვარად მოაზროვნეებს. პოლიტიკოსები, რომლებიც მას აღიზიანებენ, დამცირებას და შეურაცხყოფას განიცდიან – მაგალითად, მიხეილ კასიანოვი, რომელსაც საყვარელთან მიუსწრეს და საძინებელ ოთახში ვიდეო გადაუღეს. რამდენიმე წლის წინ ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი კრემლტან ახლოს მოკლეს. სავარაუდოდ, ალექსი ნავალნის მოწმავლას ჯერ „ნოვიჩოკით“ სცადეს, მაგრამ იგი გადარჩა, თუმცა შემდეგ იგი დააპატიმრეს და გაურკვეველი მიზეზებით ციმბირში მდებარე შრომით გამომასწორებელ კოლონიაში გარდაიცვალა. (…)

ბოლო დროს ვლადიმერ პუტინის იმიჯი დაიბზარა. იგი უკვე 72 წლისაა, მაგრამ თანდათან სულ უფრო მეტი უფროსი ასაკის მქონე პიროვნებად გამოყურება. უკრაინასთან ომი მისი არჩევანია. მმართველმა, რომელმაც რუსეთს სტაბილურობა, სიამაყე და გარკვეული კმაყოფილება მოუტანა შავ-ბნელი 1990-იანი წლების შემდეგ, ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. რუსეთში ცვლილებები აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჯერ არავის არ ძალუძს იმის თქმა, თუ როდის დადგება ტრანსფორმაციის პერიოდი. (…)

საეჭვოა, რომ ვლადიმერ პუტინი კრემლიდან არეულობისა და რყევების გარეშე წავიდეს. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულები იმაში, რომ მისი მემკვიდრე მასზე ცოტათი უკეთესი მაინც აღმოჩნდება… მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, არის მაინც შანსი, რომ ვლადიმერ პუტინის შემდეგ შესაძლებელი იქნება რუსეთის ახალი ლიდერი შედარებით რბილ პოლიტიკას დაუბრუნდეს – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე.

წყარო: