1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობა – უფლის კვართის დღესასწაული
14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობა – უფლის კვართის დღესასწაული

14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობა – უფლის კვართის დღესასწაული

998
0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს,  “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს,  სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. 

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.

14 ოქტომბერს , საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია,  ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე – 11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

როგორც წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, “თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა” და “შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს”. ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას, ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო.

ერთხელ წმიდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემ “ზამთრის სასტიკებისა” და დედოფლის უძილების გამო მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. იმავე ღამეს სვეტიცხოველი “სახედ მოხუცებული ბერი კაცისა“ ტაძრის ქადაგს ეჩვენა და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, გარეშე სვეტიცხოვლის ტაძრისა. ეს უმეცრებით ჰყო, ამიტომ შევუნდობ, მაგრამ სხვა დროს აღარ ვაპატიებ “შეურაცხყოფას საყდრისა ჩემისაო”, – უბრძანებია უფალს.

მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმიდა სვეტი სახისმეტყველებად აღძრავს ქართველებს.

ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.