1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ომი ირანში: პოლიტიკური გამოცდა როგორც იზოლაციონისტ ჯეიმს ვენსისათვის, ასევე ინტერვენციონისტ მარკო რუბიოსათვის” -Le Monde
“ომი ირანში: პოლიტიკური გამოცდა როგორც იზოლაციონისტ ჯეიმს ვენსისათვის, ასევე ინტერვენციონისტ მარკო რუბიოსათვის” -Le Monde

“ომი ირანში: პოლიტიკური გამოცდა როგორც იზოლაციონისტ ჯეიმს ვენსისათვის, ასევე ინტერვენციონისტ მარკო რუბიოსათვის” -Le Monde

383
0

ფრანგული გაზეთის „ლე მონდის“ (Le Monde) 7 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ომი ირანში: პოლიტიკური გამოცდა როგორც იზოლაციონისტ ჯეიმს ვენსისათვის, ასევე ინტერვენციონისტ მარკო რუბიოსათვის” (ავტორი – პიტერ სმოლიარი). „დონალდ ტრამპის ომი ირანის წინააღმდეგ ძირს უთხრის მისი მთავარი თანაშემწეებისა და შესაძლოა, პოლიტიკური მემკვიდრეების – ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

არც ჯეიმს ვენსისთვის და არც მარკო რუბიოსათვის არ არის ხელსაყრელი სამხედრო უპირატესობის ამსახველი ოპერაციის ისეთი დემონსტრირება, რომელიც მკაფიო სტრატეგიის გარეშე დაიწყო და თანაც MAGA-ს მოძრაობის მიზნებს („დონროს დოქტრინას“) ეწინააღმდეგება. ამ ომით დაინტერესებულია უპირველესად თვითონ დონალდ ტრამპი, რომელსაც, თავის მხრივ, როგორც ჩანს, არ აინტერესებს, თუ რა გავლენას მოახდენს მისი ნამოქმედარი მისსავე პოტენციური პოლიტიკური მემკვიდრეების მომავალზე.

ომი არ არის შემოფარგლული მხოლოდ საომარი მოქმედებებით. ომი აშუქებს პოლიტიკური ცხოვრების ბევრ მომენტსაც. დონალდ ტრამპის მემკვიდრეობის სავარაუდო გამგრძელებლები, პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები – ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სხვადასხვანაირად რეაგირებენ ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციაზე. ჯეიმს ვენსი, რომლისთვისაც აშკარად უხერხულია ეს სამხედრო ავანტიურა გაურკვეველი შედეგით, ძალიან ცდილობს განზე გადგეს, რაც არასდროს არ გაუკეთებია თანმდებობაზე არჩევის დღიდან. მარკო რუბიო კი, რომელიც ირანის რეჟიმის განადგურების მომხრეა, საკუთარი თავდაჯერებულობის მსხვერპლი გახდა. ამას წინათ, ორ მარტს, სახელმწიფო მდივანმა კონგრესის კულუარებში თავისი პირველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, მარკო რუბიომ დაიწყო ირანთან მიმდინარე ომის იდეის გამართლება და საკუთარი პოზიციის დადებითი ხასიათის დასადასტურებლად არგუმენტად ისრაელის განზრახვა დაასახელა: „ჩვენ ვიცოდით, რომ ისრაელი ოპერაციას გეგმავდა. ვიცოდით, რომ ისრაელი ირანის პროვოცირებას შეეცდებოდა აშშ-ის ბაზებზე თავდასასხმელად და ისიც ვიცოდით, რომ თუ პრევენციულ დარტყმას მივაყენებდით და შემდეგ გავჩერდებოდით, ძალიან დიდი მსხვერპლი გვექნებოდა“. მისმა განცხადებამ MAGA-ს იდეოლოგიის („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მხარდამჭერთა განრისხება გამოიწვია: ესე იგი, გამოდის, რომ ამერიკა ისრაელმა ისეთ ომში ჩაითრია, რომლის შედეგები არავინ არ იცის?

მომდევნო დღის განმავლობაში მარკო რუბიო, თავისი არატიპიური განცხადების გამო, დილიდანვე აშკარად გაღიზიანებული გამოიყურებოდა. მან კაპიტოლიუმში (კონგრესში) ისევ გამართა შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან და ჟურნალისტები დაამუნათა – რატომ დაამახინჯეთ ჩემი ნათქვამიო (რაც სინამდვილე არ არის). „პრეზიდენტი ისე მოქმედებს, როგორც საჭიროა. ჩვენს და ისრაელის ერთობლივ ოპერაციას წარმატებისათვის ყველაზე დიდი შანსები აქვს“, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.

ჯერჯერობით გაუგებარია, როგორი იყო მარკო რუბიოს როლი ომის დაწყების გადაწყვეტილების მიღების დროს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, იმ პერიოდში, როცა იგი სენატორი ფლორიდის შტატიდან და აქტიურად მონაწილეობდა საგარეოპოლიტიკური საკითხების განხილვაში, ყოველთვის გამოხატავდა პროისრაელურ პოზიციას და შეურიგებელი იყო ირანის მმართველი რეჟიმისადმი.

ჩვეულებრივ სიტუაციებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იშვიათ ოსტატობას ავლენს ხოლმე საჯარო გამონათქვამების ჩამოსაყალიბებლად – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით. როცა იგი ლაპარაკობს, რწმუნდები, რომ თემას ძალიან ღრმად ფლობს. ეს კარგად ჩანს მარკო რუბიოს გამოსვლებიდან კონგრესში ან იგივე პრესასთან შეხვედრების დროს. მას შემდეგ, რაც წარმატებით განხორციელდა ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გატაცება და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის დელსი როდრიგესის „შებრუნება“ ამერიკისაკენ, მარკო რუბიოს ყურადღების ცენტრში მოექცა იმ ოცნების განხორციელება, რომელიც ლათინური ამერიკის გარდაქმნას ითვალისწინებს, განსაკუთრებით კი კუბის მმართველი რეჟიმის დამხობას და კუნძულზე ამერიკული დემოკრატიის დამყარებას. მარკო რუბიოს გამოსვლამ მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დაადასტურა, რომ მისი და დონალდ ტრამპის კურსი და მეთოდები ერთმანეთთან შესაბამისია და ისინი შეიძლება მხოლოდ შესრულების ფორმით განსხვავდებოდნენ.

მარკო რუბიო როგორც ომის „პასიური მომხრე“

როგორც კურტ მილქსის – აშშ-ის ჟურნალის „ემერიქენ ქონსერვეითივის“ (The American Conservative) აღმასრულებელი დირექტორის აზრით (აღნიშნული ჟურნალი გმობს აშშ-ის ავანტიურებს საზღვარგარეთ), მარკო რუბიოს ძალიან მცირე შანსები აქვს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთა სიაში მოხვდეს 2028 წლის არჩევნებისათვის.

„მარკო რუბიოს ტრადიციულ „ქორად“ აღიქვამენ და, შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მყიფე საარჩევნო ბაზა აქვს. არ ვფიქრობ, რომ იგი ომის დაწყების გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა. ალბათ, უფრო პასიური მომხრის როლში გამოდიოდა. ომი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო“, – დამაჯერებლად აცხადებს კურტ მილქსი „ლე მონდის“ კორესპონდენტთან საუბარში, – „თუმცა ამ ეტაპზე ნაადრევია იმის ფიქრი, რომ დონალდ ტრამპზე გავლენა ინტერვენციონისტებმა მოახდინეს (რომლებსაც მარკო რუბიო მიეკუთვნება) და მათ გაიმარჯვეს. ამ მომენტს „ზეახალი ვარკვლავის ევოლუციას“ ვუწოდებდი. ეს არის აფეთქების პროცესში მყოფი ვარსკვლავის ბოლო გაელვება. ყველა „ქორი“ უკვე საკმაოდ მოხუცები არიან. იგრძნობა, რომ თაობებს შორის, სიტუაციის გააზრების თვალსაზრისით, დიდი წყვეტა არსებობს. შეინიშნება, რომ ამ ომის მომხრეები ხანდაზმული ამერიკელები არიან – „ფოქს ნიუსის“ წამყვანები, 70 წლის სენატორები… მე არ მინდა მათი გავლენები შევამცირო. ბოლოსდაბოლოს, მათ უკვე მოკლეს რამდენიმე ამერიკელი და ასობით ირანელი. ასეთებმა უნდა იცოდნენ, რომ დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს“.

მოძრაობა MAGA-ს წარმომადგენლის კურტ მილსის თქმით, „ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი ამჟამად საკმაოდ უხერხულ სიტუაციაშია ჩავარდნილი, მისი პოლიტიკური მდგომარეობა მყიფეა. მან უკვე დაიწყო თავისი არაფორმალური საპრეზიდენტო კამპანია, რომელიც 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეა გათვლილი. ჯეიმს ვენსი ცდილობს, რომ საკუთარი თავი ამერიკელი მემარჯვენეების ახალი თაობის წარმომადგენლად წარმოაჩინოს – ისინი გამოდიან იმიგრაციის, გლობალიზმისა და ინტერვენციონიზმის წინააღმდეგ. ჯეიმს ვენსმა ანგარიში უნდა გაუწიოს იმასაც, რომ საზოგადოებრივი აზრი მეტ ყურადღებას აქცევს ცხოვრების გაძვირების პრობლემას“.

ასე რომ, ირანის წინააღმდეგ ომი, რომლის გამართლებას თეთრი სახლი არცთუ მტკიცე არგუმენტებით სარგებლობს, არის დამატებითი დაბრკოლება დონალდ ტრამპისეული MAGA-ს მოძრაობის მომხრეებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ომი გაჭიანურდება. „ჩვენ დასკვნები გავაკეთეთ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის შემდეგ, – აღნიშნავს კურტ მილსი, – კამალა ჰარისისათვის სტრატეგიული შეცდომა იყო ის, რომ იგი მთლიანად სოლიდარული იყო ჯო ბაიდენთან. თუ ჯეიმს ვენსი თავის კანდიდატურას წამოაყენებს, ჩემი უფასო რჩევა ის იქნება, რომ მან უნდა დაიწყოს დისტანცირება მიმდინარე ომისგან“.

ჯეიმს ვენსის „მარტოობა“

ამჟამად ვიცე-პრეზიდენტი თავს იკავებს საჯარო განცხადებებისაგან ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ოპერაცია „ეპიკური მრისხანების დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჯეიმს ვენსი შეხვდა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრს ბადრი ალ-ბუსაიდს, რომელიც აშშ-ში ვიზიტის დროს ბოლოჯერ ცდილობდა შუამავლობის გაწევას. არაბ მინისტრს სურდა დაერწმუნებინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ამერიკული საზოგადოება იმაში, რომ ირანის თაქნხმობა ბირთვული პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით სერიოზული და უპრეცედენტო იყო. სხვათა შორის, იმ დროს, როცა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ომი დაიწყო, ჯეიმს ვენსი მის გვერდით არ ყოფილა, ფლორიდის მამულში. პრეზიდენტთან ერთად იყვნენ მისი აპარატის უფროსი სიუზი უაილისი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. ფოტოსურათზე, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა, ვიცე-პრეზიდენტი გამოსახულია სიტუაციურ ოთახში, ვაშინგტონში. მისი მარტოობა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან აშკარად ჩანს.

დღეს ჯეიმს ვენსი ჩუმად არის „იქს-ქსელშიც“, რომლითაც იგი, ჩვეულებრივ, აქტიურად სარგებლობდა ხოლმე. 3 მარტს ვიცე-პრეზიდენტი მცირე ხნით გამოჩნდა Fox News-ის ტელეარხის ეთერში – წამყვან ჯესი უოთერსის სტუდიაში და გააკრიტიკა აშშ-ის აღმოსავლური პოლიტიკა – ავღანეთში ამერიკის ჯარების 20-წლიანი ყოფნა და ლიბერალურ-დემოკრატიული რეჟიმის დამყარების მცდელობა. ასევე კრიტიკულად ისაუბრა მან აშშ-ის პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთში – ერაყში. მიუხედავად იმისა, რომ ვიცე-პრეზიდენტის უარყოფითი შეფასებები ძირითადად წინა წლების მოვლენებს ეხებოდა, აშკარად ჩანდა მისი ნეგატიური განწყობა აშშ-ის დღევანდელი კურსის მიმართაც. მართალია, მან დადებითად მოიხსენია დონალდ ტრამპი – „პრეზიდენტმა ხელი შეუშალა ირანის ბირთვული პროგრამის რეალიზებას, რაც ყველასთვის გასაგები და მარტივიაო“ – მაგრამ მისი ისე უხასიათოდ ლაპარაკობდა, რომ მისი ნათქვამი სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.

2024 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ჯეიმს ვენსმა, ჟურნალისტ ტიმ დილონის ტელეგადაცემაში გამოსვლისას, როცა იგი თეირანის ბირთვულ ამბიციებზე საუბრობდა, ირანის განზრახვები მიუღებლად ჩათვალა, მაგრამ დაამატა: „ჩემი ვარაუდით, ირანთან ომის დაწყება ჩვენს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, ხომ მეთანხმებით? ეს იქნებოდა რესურსების უდიდესი ხარჯვა. ირანთან ომის ფასი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი იქნებოდა“.
სენატის წევრობის პერიოდში ჯეიმს ვენსმა გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელისათვის“ დაწერა სტატია სათაურით „რით გამოიხატება ტრამპის საუკეთესო საგარეო პოლიტიკა? არ დაიწყოს ომები“. იმავე ხანებში ამერიკელმა მიმომხილველმა, ეროვნებით ირანელმა სოჰრაბ ახმარმა ჟურნალ Compact-ში თავისი აღმაფრთოვანებელი სტატია გამოაქვეყნა ჯეიმს ვენსის თაობაზე და აღნიშნა, რომ მისი პოზიცია სერიოზული ორიენტირი უნდა იყოს რესპუბლიკელებისთვის.

27 თებერვალს, ომის დაწყების წინ, ჯეიმს ვენსმა, რომელმაც ერაყში იმსახურა, გაზეთ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში აღიარა: „ისეთი აზრი მაქვს, რომ ჩვენ ახლო აღმოსავლეთში, ირანთან თუ ომს დავიწყებთ, დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებით მასში ჩათრეული… მაგრამ მჯერა, რომ არავითარი შანსი არ არის იმისა, რომ ასეთი რამ მოხდეს“.

მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ვიცე-პრეზიდენტი იძულებულია ანგარიში გაუწიოს პრეზიდენტს. ჯეიმს ვენსი, ნებით თუ ნების საწინააღმდეგოდ, ირანთან ომშია ჩართული.

სხვათა შორის, სოჰრაბ ახმარმა 2 მარტს ბრიტანულ ჟურნალ UnHerd-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელიც მარცხის აღიარებად აღიქმება ჯეიმს ვენსის პოზიციასთან დაკავშირებით. „ვენსი, რომელიც ოდესღაც მკვეთრად აკრიტიკებდა „მორალიზატორულ“ საგარეო პოლიტიკას (ამერიკული ფასეულობების თავსმოხვევას უცხო ქვეყნებისადმი), დღეს იმ დარტყმებს აკონტროლებს, რომლებმაც ირანელ ხალხს თავისუფლება და დასავლური დემოკრატია უნდა მოუტანოს“.

ჯერჯერობით აშშ-ის ძლიერების დემონსტრირებას ირანის წინააღმდეგ, რომელიც რაიმე სტრატეგიის გარეშე მიმდინარეობს, სარგებელი არც ჯეიმს ვენსისთვის არ მოაქვს და არც მარკო რუბიოსათვის. ომი უპირველეს ყოვლისა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაა, რომელსაც, როგორც ჩანს, სრულებითაც არ ადარდებს თავისი სავარაუდო პოლიტიკური მემკვიდრეების სამომავლო ბედი. მილიარდერს სურს, რომ პოლიტიკურ სცენაზე ყოველთვის ერთადერთი იყოს და იგი არავინ დაჩრდილოს. ყველა წარმატება მისი საკუთარი დამსახურებაა. წარუმატებლობის შემთხვევაში საკმარისი იქნება ყველაფერი უარყოს ან ვინმე სხვას დააბრალოს.

წყარო: