1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნატოს პრობლემა: შობადობის დაბალი დონე”-Newsweek
“ნატოს პრობლემა: შობადობის დაბალი დონე”-Newsweek

“ნატოს პრობლემა: შობადობის დაბალი დონე”-Newsweek

124
0

„ნატოს ქვეყნების მოსახლეობა ბერდება – თვით თურქეთშიც კი, რომლის მცხოვრებნი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყველაზე ბოლო დრომდე ყველაზე ახალგაზრდად ითვლებოდნენ“, – ნათქვამია ამერიკულ ჟურნალ „ნიუსვიქში“ (Newsweek) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ნატოს პრობლემა: შობადობის დაბალი დონე“ (ავტორი – მიკა მაკარტნი). „მოსახლეობის აღწერის წარმოების დონის შემცირება იწვევს ხარჯების ზრდას ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემებში, სამაგიეროდ, მცირდება სამხედრო ბიუჯეტები“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

2025 წელს თურქეთში შობადობის დონე, წინა წელთან შედარებით, ისევ შემცირდა, რის შედეგადაც ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც ნატოს წევრებს შორის ყველაზე ახალგაზრდად ითვლება, იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა სიტუაციას „დემოგრაფიული კატასტროფა“ უწოდა.
ათწლეულების განმავლობაში 85-მილიონიანი თურქეთი, თავისი მზარდი სამხედრო ძლიერებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა – 2016 წელს ერთ ქალზე 2,1 ბავშვი მოდიოდა. ეს ისეთი კოეფიციენტია, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის რაოდენობის ბუნებრივი ზრდისათვის. მაგრამ გასული წლის ბოლოს, როგორც თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი იტყობინება, შობადობის მაჩვენებელმა, გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისის, ცხოვრების გაძვირებისა და ახალგაზრდა ოჯახების სოციალური პრობლემების გამო, 1,48-მდე დაიკლო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, შობადობის დაბალი კოეფიციენტი არის ტიპიური სურათი ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებს მაღალი და საშუალო დონის შემოსავლები აქვთ და სადაც მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი ცხოვრობს. ნატოს ბევრი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია. უახლოეს ათწლეულში ასეთი სიტუაცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე, ხელს შეუწყობს ხარჯების ზრდას ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემის უზრუნველყოფისთვის, სამაგიეროდ, შემცირდება სამხედრო ბიუჯეტი.

რთული ბალანსი: პენსიებისა თუ სამხედრო ხარჯების ზრდა?

საზოგადოების დაბერება პრობლემას ამწვავებს: ევროსტატის მონაცემებით, 2024 წელს 65 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანები ევროკავშირის მოსახლეობის 21,6%-ს შეადგენდნენ. რასაკვირველია, ასეთი დემოგრაფიული მდგომარეობა სასურველი არ არის. არსებობს იმედი იმისა, რომ მოსახლეობის შემცირება კომპენსირებული იქნება შრომითი რესურსების დაზოგვის ტექნოლოგიების ფართო გამოყენებით, ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტით, რობოტოტექნიკით და ავტომატიზაციით.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დემოკრატიული ქვეყნებისთვის ინვესტიციების ჩადება ასეთ ტექნოლოგიებში რთულია – იმიტომ, რომ ეს ნიშნავს მეტი ფინანსების ხარჯვას სამხედრო სფეროში და ნაკლებს – სოციალურ სფეროში. „რუსეთისა და ჩინეთის მთავრობებს შეუძლიათ თავდაცვისათვის არაპროპორციულად მაღალი ხარჯები გამოჰყონ“, – ამბობს „ნიუსვიქთან“ საუბარში ქრისტიან ლიოპრეხტი, კანადის ქუინსის უნივერსიტეტისა და სამხედრო კვლევების კოლეჯის პროფესორი, – თავდაცვის სფეროს ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა დაბერებული საზოგადოებების მქონე დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ უთანხმოებას გამოიწვევს, ამიტომ იქაური მთავრობებისათვის მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ძნელია“.
ამჟამად დემოგრაფიული პრობლემა იმ დროს ჩნდება, როცა ევროპული მთავრობები, პირველად ცივი ომის შემდეგ, იძულებულნი ხდებიან სამხედრო ხარჯები გაადიდონ. ეს ხდება რუსეთ-უკრაინის ომის გამო – პირველი სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტის პირობებში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. დღევანდელმა სიტუაციამ დასავლეთის ქვეყნების მოწყვლადობა გამოავლინა. ამას დაემატა დამანგრეველი ომი ახლო აღმოსავლეთში (ისრაელსა და „ჰამასს“ შორის), მწვავე კონფლიქტები პლანეტის სხვა რეგიონებში და ა.შ.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუდმივი ზეწოლის გამო ნატოს წევრი 32 ქვეყანა იძულებული გახდა სამხედრო ბიუჯეტის ზრდა დაეწყო – 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ით იყოს უზრუნველყოფილი.
მოსალოდნელია, რომ დემოგრაფიული ცვლილებები ინოვაციების განვითარებაზე გავლენას მოახდენს. თუ მთავრობები სულ უფრო მეტ საბიუჯეტო რესურსებს სოციალურ სფეროში – პენსიებში და ჯანდაცვაში – დახარჯავენ, მაშინ სამხედრო სფეროს საწარმოები კონკურენტუნარიანობას დაკარგავენ და სპეციალისტები კერძო სექტორში გადავლენ.

პერსპექტივა რთულია, მაგრამ არცთუ საბედისწერო

„მაგრამ დემოგრაფიული პრობლემა ზოგადად ჯარისათვის საბედისწერო არ იქნება“, – ამბობს ქრისტიან ლიოპრეხტი, – „ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია „რაოდენობისა და კლასის“ ბალანსი, რაც ნიშნავს, ერთი მხრივ, არმიის პირადი შემადგენლობის რაოდენობას და მეორე მხრივ, ახალგაზრდების მომზადების დონეს (კლასს) არმიაში სამსახურისათვის. „მაგალითად, უკრაინას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დემოგრაფიული მაჩვენებლები აქვს ევროპაში, მაგრამ იმავდროულად სამხედრო ინოვაციის თვალსაზრისით კიევი წინა ხაზზე იმყოფება, მისი ჯარისკაცები თითქმის ყველაზე უკეთ არიან მომზადებულები“, – აღნიშნავს პროფესორი.

„პოლიტიკური ზომების, მოწინავე ტექნიკისა და ჯარისკაცთა მომზადების დონის შეთავსება, პლუს ზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და სამხედრო სამსახურის ვადის გაგრძელება უზრუნველყოფს ნატოს წევრი ქვეყნების არმიების მაღალ საბრძოლო მზადყოფნას“, – ნათქვამია ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის 2025 წლის ანგარიშში.

ჯანდაცვის სფეროში პროფილაქტიკის აქტიური დანერგვა ადამიანებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს და ქრონიკული დაავადებების მკურნალობის ხარჯებს შეამცირებს, რითაც, მოსახლეობის დაბერების ფონზე, ეკონომიკური მწარმოებლურობა (შრომის ნაყოფიერება) მაქსიმალურად გაიზრდება.
„ნორმალური დაგეგმვის პირობებში სოციალური და თავდაცვის ხარჯები ერთმანეთს არ დაუპირისპირდება. ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია“, – ამბობს ჯეკ ედი, პოლიტიკური ანალიტიკოსი სიცოცხლის ხანგრძლივობის დიდი ბრიტანეთის ცენტრიდან, – მაგრამ ამ დროს პატიოსნობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. თუ ჩვენ გვინდა მომავლის ომებისთვის მოვემზადოთ, ჩვენ იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ჩვენი საზოგადოების დაბერების ნეგატიური შედეგები“.

წყარო: