“თურქეთის პოზიცია: დონალდ ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” მნიშვნელობა პალესტინისა და მსოფლიოს მომავლისთვის”-TRT
თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციამ (TRT – Turkish Radio and Television Corporation) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით „თურქეთის პოზიცია: დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ მნიშვნელობა პალესტინისა და მსოფლიოს მომავლისთვის“, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ამ ახალი სამშვიდობო კლუბის (ორგანიზაციის) მიმართ გარკვეული შეფასებები და პერსპექტივებია მოცემული. „მშვიდობის საბჭო“ მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისათვის თუ გლობალური მსოფლიოსათვის?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დავოსში წამოწყებულმა აღნიშნულმა სამშვიდობო ინიციატივამ მსოფლიოს უნიკალური შესაძლებლობა შესთავაზა: პალესტინელებისთვის ღირსეული და თავისუფალი ცხოვრების უფლების მიცემა ან კიდევ ერთ წარუმატებელ ექსპერიმენტად ქცევა.
პალესტინის შესახებ საერთაშორისო ინიციატივები, როდესაც ისინი ისეთ ადგილებში ცხადდება, როგორიცაა დავოსი, გარკვეული სახის „გარდაუვალობის ენით“ ხასიათდება.
მშვიდობა კი წარმოჩენილია, როგორც ტექნიკური გამოწვევა, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია პანელური დისკუსიების, ჩარჩო ნაბიჯებისა და საგულდაგულოდ მართული კომპრომისების მეშვეობით.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაფუძნებული „მშვიდობის საბჭო“, თაობების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისთვის იმპულსის მიცემის მცდელობის უახლესი მაგალითი გახდა.
პალესტინელებისთვის მსგავსი მომენტები უცხო არ არის. ეს მომენტები წარმოადგენს გარედან შემუშავებული „გადაწყვეტილებების“ ნაცნობ ეტაპებს. ამ გადაწყვეტილებების უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მშენებლობას, სტაბილურობას ან კეთილდღეობას ჰპირდებოდათ, საბოლოოდ მხოლოდ გახანგრძლივებულ ოკუპაციას, დანაწევრებულ სუვერენიტეტსა და უსამართლობის გადაჭრის ნაცვლად, მის მართვას უწყობდა ხელს.
შესაბამისად, „მშვიდობის საბჭოს“ შესახებ ნებისმიერი სერიოზული შეფასება უნდა დაიწყოს არა მისი მიზნებიდან, არამედ იმ პოლიტიკური წარსულიდან, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საერთაშორისო კონფლიქტების გადაჭრის მიზნით შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ მუდმივი წევრობისთვის 1 მილიარდი დოლარის ღირებულება იყო გათვალისწინებული.
საბჭო თავდაპირველად ღაზის აღდგენის პროცესის ზედამხედველობისთვის შეიქმნა, თუმცა მისი წესდების პროექტი მიანიშნებს, რომ საბჭოს როლი მხოლოდ პალესტინის ტერიტორიებით არ შემოიფარგლება.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დაახლოებით 50 მოწვეული ქვეყნიდან 35-მა, მათ შორის თურქეთმაც, საბჭოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.
ეს დეტალები მნიშვნელოვანია, რადგან ცხადყოფს, რომ „მშვიდობის საბჭო“ არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული მექანიზმი, რომელიც ორიენტირებულია ღაზაზე; მას უფრო ფართო მიზნები აქვს და წარმოადგენს ახალ პოლიტიკურ სტრუქტურას, რომლის წევრობასაც ძალაუფლება, წვდომა და შესაბამისობა განსაზღვრავს.
საბჭოს „შუქ-ჩრდილები“ და ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობისკენ
სამშვიდობო პროცესები არასოდეს არის ნეიტრალური. ისინი ასახავენ ძალთა ბალანსსა და პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რომლებიც მათი შექმნის მომენტში არსებობს და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი.
საბჭოს სტრუქტურა ამ შეშფოთებას კიდევ უფრო აღრმავებს. საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის არიან ისრაელი, აშშ-ის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში და ვაშინგტონთან მჭიდრო პოლიტიკური კავშირების მქონე სხვა მთავრობები.
ისრაელის მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნეთანიაჰუს მთავრობა, რომელიც ღაზის დამანგრეველ განადგურებას ხელმძღვანელობდა, ახლა გვევლინება იმ საბჭოს ნაწილად, რომელსაც მშვიდობისა და რეკონსტრუქციის პროცესის წარმართვა ევალება.
ეს ფაქტი ინიციატივას სრულად არ აბათილებს, თუმცა ავლენს იმ ფუნდამენტურ დაძაბულობას, რომელიც დიდი ხანია აფერხებს დიპლომატიურ მცდელობებს პალესტინაში: მივიჩნევთ თუ არა მშვიდობას ანგარიშვალდებულებასა და უფლებებზე დაფუძნებულ პროცესად, თუ მას განვიხილავთ პლატფორმად, რომლის მიზანიც, წარსულის გადახედვის გარეშე, მხოლოდ ძალაუფლების სტაბილიზაციაა?
ეს დაძაბულობა ხსნის იმას, თუ რატომ არ არის პალესტინელების სკეპტიციზმი ახალი დიპლომატიური ჩარჩოების მიმართ იდეოლოგიური რეფლექსი, არამედ ეს არის უკვე მომხდარი პოლიტიკური გამოცდილება.
ოსლოს შეთანხმების შემდეგ, სამშვიდობო ინიციატივები ხშირად პრიორიტეტს ანიჭებდნენ უსაფრთხოების კოორდინაციას, ეკონომიკურ მართვასა და დროებით მოწყობას, ხოლო ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა ოკუპაცია, სუვერენიტეტი, საზღვრები, ლტოლვილები და კანონის წინაშე თანასწორობა — გვერდზე სწევდნენ ან აუფასურებდნენ.
შედეგი იყო არა მშვიდობა, არამედ ასიმეტრია, რომელმაც გააძლიერა ისრაელის ოკუპაცია და გააქრო სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იმედი.
ამიტომ, „მშვიდობის საბჭოს“ წინაშე არსებული რისკი მხოლოდ მისი წარუმატებლობა კი არაა, არამედ კონფლიქტის ისეთი სახით წარმოჩენა, რომელიც მოლოდინებს ამცირებს.
რეკონსტრუქცია სუვერენიტეტის გარეშე, დახმარება უფლებების გარეშე და სტაბილურობა სამართლიანობის გარეშე იძლევა იმავე შედეგებს, რაც წარსულში ვიხილეთ.
საბჭო, რომელიც ღაზას განიხილავს არა როგორც თვითგამორკვევისთვის ბრძოლის ნაწილს, არამედ როგორც ტექნიკურ-სარეკონსტრუქციო საკითხს, ამ მოდელის გამეორების რისკის ქვეშ დგას.
დონალდ ტრამპის ხედვა რეკონსტრუირებულ ღაზაზე, რომელიც მოიცავს ბრჭყვიალა ცათამბჯენებსა და პალმებით გარშემორტყმულ სანაპიროებს, არის იმ ტანჯვის დაცინვა, რომელიც პალესტინელებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოიარეს და იმ სამშობლოს შეურაცხყოფა, რომელიც ისრაელის სამხედრო მანქანამ დისტოპიურ პეიზაჟად აქცია.
თუმცა, ამავე დროს, „მშვიდობის საბჭოს“ უგულებელყოფა არასწორი და სტრატეგიულად გაუმართლებელი იქნებოდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა, „მშვიდობის საბჭოს“ პალესტინელების ხანგრძლივი ტანჯვის დასასრულებლად „ისტორიული შესაძლებლობა“ უწოდა და საკითხი სწორ კონტექსტში მოაქცია.
ჰაქან ფიდანის შეხედულებები ასახავს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოპტიმიზმს, რომელიც პალესტინის საკითხის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია და მიიჩნევს, რომ ღაზაში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ყველა ინიციატივა მნიშვნელოვანია.
ამ მასშტაბის ინიციატივები აყალიბებს დიპლომატიურ დისკურსს, გავლენას ახდენს საერთაშორისო მოლოდინებზე და ქმნის ორიენტირებს, რომლებსაც შეუძლიათ პალესტინის პოზიციების გაძლიერება ან შესუსტება.
მიესალმებიან ამას პალესტინელები თუ არა, მსგავსი გაერთიანება მომდევნო თვეებში გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ ისაუბრებენ მთავრობები, მედია და ინსტიტუტები „გადაწყვეტილებების“ შესახებ.
ამ გაგებით, „მშვიდობის საბჭო“, მიუხედავად მისი თანდაყოლილი ხარვეზებისა, შეიძლება ჩაითვალოს უნიკალურ შესაძლებლობად.
არა იმიტომ, რომ მისი სტრუქტურა სამართლიან შედეგს იძლევა, არამედ იმიტომ, რომ საერთაშორისო ყურადღების კონცენტრაციის მომენტები აიძულებს მხარეებს გააკეთონ ის არჩევანი, რომელიც სხვა შემთხვევაში გადაიდებოდა.
საბჭო უკვე აიძულებს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს დააკონკრეტონ, რის დაცვას აპირებენ და რის მსხვერპლად გაღებაზე არიან მზად.
ახლა ან არასდროს
თუმცა, იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანი იყოს, გარკვეული პრინციპები არ უნდა დარჩეს მხოლოდ დეკლარირებულ მიზნებად. საერთაშორისო სამართალი უნდა განიხილებოდეს არა როგორც რიტორიკული მინიშნება, არამედ როგორც სავალდებულო ჩარჩო.
პალესტინის თვითგამორკვევის უფლება არ შეიძლება განუსაზღვრელი ვადით გადაიდოს ეკონომიკური სტიმულების ან უსაფრთხოების ზომების სასარგებლოდ.
ოკუპაციას უნდა ეწოდოს მშვიდობის მთავარი დაბრკოლება და იგი არ უნდა დაიმალოს ისეთი აბსტრაქტული ტერმინების მიღმა, როგორიცაა „ძალადობის ციკლი“ ან „ორმხრივი უნდობლობა“.
რაც მთავარია, პალესტინის სტატუსი პროცესში უნდა იყოს ხელშესახები და არა სიმბოლური. ბევრი წინა ინიციატივა პალესტინელებს ფორმალურად რთავდა პროცესში, მაგრამ მათ პოლიტიკურ მოთხოვნებს გამორიცხავდა.
პროცესი, რომელიც ლეგიტიმაციას თანასწორობის გარეშე ეძებს, ვერც სტაბილურობას მოიტანს და ვერც შერიგებას.
ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი მუსლიმური სამყაროს როლი, გადამწყვეტი იქნება. მსგავს საბჭოში მონაწილეობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ფორმალური დასტურით.
თუ სახელმწიფოები საბჭოში გაწევრიანებას გადაწყვეტენ, მათ მკაფიო „წითელი ხაზებით“ უნდა იმოქმედონ: პალესტინის სახელმწიფოს შექმნა არ შეიძლება იყოს არჩევითი; ვადები არ შეიძლება იყოს უსასრულოდ მოქნილი; რეკონსტრუქცია არ შეიძლება განცალკევდეს პოლიტიკური უფლებებისგან.
მონაწილეობა რეალური გავლენის გარეშე საფრთხეს ქმნის, რომ კონფლიქტის გადაჭრის ნაცვლად, მოხდება მისი მართვა და შედეგების ლეგიტიმაცია.
გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომ „მშვიდობის საბჭოს“ მსგავსი ინიციატივები ნორმალიზების იარაღად იქცეს კონფლიქტის გადაჭრის გარეშე.
მაშინ, როცა რეგიონული თანამშრომლობა და დიპლომატიური ინტეგრაცია წინ მიიწევს, პალესტინის საკითხი შესაძლოა სტრუქტურულად გადაუჭრელი დარჩეს. ეს მიდგომა ადრეც გამოიყენეს და შედეგებიც სახეზეა: განმეორებადი ძალადობა, გაღრმავებული უთანასწორობა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებისადმი რწმენის სრული დაკარგვა.
მშვიდობა მხოლოდ პანელური დისკუსიებით ვერ მიიღწევა. თუ ეს დისკუსიები მოწყვეტილია ადგილზე არსებულ სამართლიანობას, ელიტების შეთანხმება ან ინსტიტუციური დიზაინი მშვიდობას ვერ შობს.
მშვიდობა მაშინ ისადგურებს, როდესაც ძალაუფლება იზღუდება სამართლით, როდესაც უფლებები განიხილება როგორც ფუნდამენტური ელემენტები და არა როგორც მოლაპარაკებადი საგნები, და როდესაც კონფლიქტით ყველაზე მეტად დაზარალებულებს არ სთხოვენ მომავლის გაცვლას დროებით სიმშვიდეზე.
ამიტომ, „მშვიდობის საბჭოს“ წარმატება შეფასდება არა მისი მხარდამჭერების სახელებით ან ამბიციების მასშტაბით, არამედ მარტივი ტესტით: უპირისპირდება თუ არა იგი ოკუპაციისა და უთანასწორობის რეალობას, თუ ცდილობს მათ მართვას?
თუ საბჭო ამას შეძლებს, მან შესაძლოა მართლაც შემოგვთავაზოს იშვიათი შესაძლებლობა, რომელიც განსხვავებული იქნება ათწლეულების განმავლობაში არსებული წარუმატებელი მიდგომებისგან.
ეს არჩევანი მხოლოდ პალესტინელებს არ ეკუთვნით. ეს არჩევანი ეკუთვნის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც აგრძელებს იმ პირობების ფორმირებას და ხშირად შენარჩუნებას, რომლებშიც ეს კონფლიქტი მიმდინარეობს.