პლებისციტის მეორე ცდა ბოლო 6 თვეში – როგორი იქნება “ოცნების” პასუხი
ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების იდეით კიდევ ერთი პროსახელისუფლებო ჯგუფი გამოდის – ჯონდი ბაღათურიას მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა მთავრობის ადმინისტრაციაში გასულ კვირას დაარეგისტრირა შესაბამისი მიმართვა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება იგივენაირად დააიგნორებს ამ მოწოდებას, როგორც გასული წლის აგვისტოში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” იგივე შინაარსის მიმართვას.
ახალი ინიციატივა მთავრობის ადმინისტრაციაში 23 იავარს შევიდა. მას ხელს აწერენ საინიციატივო ჯგუფის წევრები – ჯონდი ბაღათურია, კახაბერ მაისურაძე და დავით ოსეფაშვილი.
„ჩვენ გადავწყვიტეთ მივმართოთ პრემიერ-მინისტრს, რომ მოწვეულ იქნეს საყოველთაო-სახალხო პლებისციტი შეკითხვით – „გინდათ თუ არა გაწევრიანება ევროკავშირში და გსურთ თუ არა გაწევრიანება ნატო-ში?” ეს ახალი ობიექტური რეალობაა. ჩვენ ვნახეთ ნატო-ში გაწევრიანების სურვილმა რა შედეგები მოუტანა უკრაინას. ჩვენ ვხედავთ, როგორი „მადლიერებით” დააფასა ევროკავშირმა და ნატო-მ საქართველოს ერთგულება და ის თავგანწირვა, რომელიც საქართველომ ამ 35 წლის განმავლობაში გაიარა. შესაბამისად, დაე, ხალხმა გადაწყვიტოს”, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
2025 წლის 13 აგვისტოს კი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ” გააჟღერა იდეა, რომ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტიც ჩატარებულიყო.
„განსაკუთრებით მიუღებელი და უკვე სახიფათოც არის ხელისუფლების დაჟინებული რიტორიკა, რომ ისინი უზრუნველყოფენ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადებას. ჩვენ ვსვამთ მარტივ კითხვას – აქვს კი ქართულ საზოგადოებას იმის სურვილი, რომ გახდეს იმ გაერთიანების წევრი, რომელშიც მთავარი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობა, სუვერენიტეტის დათმობა და საქართველოს იდენტობის წაშლაა? ცხადია, ჩვენ საზოგადოებას არანაირი სურვილი არ აქვს ამ ქაოსის, გარყვნილების, პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ნაწილი გახდეს”, – აღნიშნავდნენ განცხადებაში.
დანიშნავს თუ არა „ოცნება” პლებისციტს
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ „ოცნება” ახლაც მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდება პლებისციტის იდეას, თუმცა 100%-ით გამორიცხული არაფერია.
„თუ მაშინ უარყოფითი პოზიცია ჰქონდა, ახლაც არ მგონია მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით შეხვდეს. პლებისციტის ჩატარება ერთგვარი გამოწვევაა კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ, რომელიც ხალხთან კონსულტაციისა და შეთანხმების შედეგად მიიღეს და ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება გამოდის.
„გასაგებია, კონსტიტუცია ჩაბეტონებული დოკუმენტები არაა, რომ სიტუაციის და კონიუნქტურის კვალობაზე არ იცვლებოდეს. შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, სახელმწიფო ინტერესები, გეოპოლიტიკური მოცემულობა და გარკვეული ფუძემდებლური დოკუმენტების და პუნქტების გადახედვის საჭიროება დადგეს, მაგრამ, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა „ქართულ ოცნებას” ევროკავშირთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობები აქვს, პლებისციტის ჩატარება ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ დღეს „ოცნებას” ხელს არ აძლევს ისეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც პლებისციტის ჩატარებაა.
„არ მგონია „ოცნებას” ამ ეტაპზე მკვეთრი მოძრაობები ხელს აძლევდეს. ვფიქრობ, ეს ინიციატივა შეიძლება ისევ პროპაგანდის ნაწილად დარჩეს და სერიოზული გაგრძელება არ მოჰყვეს, რადგან დაზღვეული არავინ არაფრისგან არაა და მათ შორის არც „ოცნება”. მსოფლიოში ძალიან რთული და გაუგებარი სიტუაციაა, „ოცნებას” დანარჩენ ცივილურ სამყაროსთან ისედაც რთულად აქვს საქმე და თუ ამას კიდევ დაემატება ნატო-სადმი ასეთი დამოკიდებულება, ამან შეიძლება მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვაოს და „ოცნებას” ეს რაში აწყობს?
„სანამ სიტუაცუა არ დარეგულირებულა და სანამ არ ვიცით უკრაინაში ომი როგორ დასრულდება, მანამ „ოცნება” შეეცდება, რომ ფრთხილი პოლიტიკა შეინარჩუნოს. ეს პროპაგანდისტულად შეიძლება გამოიყენონ, მაგრამ მეეჭვება, რომ პლებისციტი მოჰყვეს.
- “ასეთ განცხადებებს პროპაგანდისტული მიზანი აქვს, დღეს შეიძლება არაფერი მოჰყვეს, მაგრამ საზოგადოება უნდა შეამზადოს იმისთვის, რომ, მაგალითად, ნატო-ზე უარი თქვას. „ოცნებას” პოპაგანდა არ დაეწუნება”.
შესაძლო რეაქცია შინ და გარეთ
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ თუ „ოცნება” პლებისციტს დათანხმდა, ეს ქვეყნის შიგნით საპროტესტო ტალღას ააგორებს, ქვეყნის გარეთ კი ნეგატიურ რეაქციებს გამოიწვევს.
„თეორიულად, თუ „ქართული ოცნება” პლებისციტს დათანხმდა, ეს იდეა ქვეყანაში ახალ საპროტესტო ტალღას ააგორებს, მე ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ქვეყნის გარეთ გაჩნდება კითხვის ნიშნები, ნეგატიური რეაქციები… დაისმება კითხვა – რაკი კონსტიტუციაში გიწერიათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობა, მაშინ პლებისციტს რატომ ატარებთ, თუ ამაზე ერის თანხმობა არაა?
- „ამაზე პასუხი შეიძლება იყოს, რომ როცა კონსტიტუცია იწერებოდა, მაშინ სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა იყო, საქართველო-ევროპას შორის წინააღმდეგობები არ არსებობდა და ახლა დადგა ამის აუცილებლობა – ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო პასუხი. მაგრამ პლებისციტის დანიშნვა ზუსტად ისეთივე ტრიგერი იქნება საპროტესტო აქციებისთვის, როგორც 28 ნოემბრის (კობახიძის) ცნობილი განცხადება.
„თუმცა, ძაღლის თავი სწორედ აქაა დამარხული, რომ შეიძლება “ოცნებას” აწყობდეს კიდეც გასინჯოს როგორია საპროტესტო პოტენციალი, კბილი მოუსინჯოს რა რესურსები და რისი თავი აქვთ, რამდენი ხალხი გამოვა, შეიძლება ამაზეც წავიდეს, მაგრამ მთელი საშინაო და საგარეო ფაქტორების კომპლექსი რომ ავიღოთ, მათ შორის ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ჩემი აზრით, „ოცნებას” ამ ეტაპზე ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც არ უნდა აწყობდეს, თუმცა, ხშირად გამოგვითქვამს პროგნოზები, მაგრამ მერე სხვა გადაწყვეტილება მიუღიათ”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ პლებისციტის ჩატარებას რა საშინაო და საგარეო პროცესები მოჰყვება, ეს უშუალოდ პლებისციტის შედეგებზეა დამოკიდებული.
„გააჩნია შედეგებს. თუ პლებისციტის შედეგი იქნება ის, რომ ნატო-ში გაწევრიანება არ გვინდა, დასავლეთი ურთიერთობას კიდევ უფრო გაამწვავებს, ოპოზიცია კი იტყვის, რომ პლებისციტი არასამართლიანად ჩატარდა და ეს ხელხის ნების გამოხატვა არაა. თუ პლებისციტმა აჩვენა, რომ ხალხი კვლავ ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ეს რუსეთს ნამდვილად გააღიზიანებს. ამიტომაც „ოცნებამ” აუტკივარი თავი რატომ უნდა აიტკიოს?”, – განაცხადა ძაბირაძემ.