“ჩვენ გვსურს მივიღოთ ყინულის ნაჭერი, მაგრამ დანიელები არ გვაძლევენ”, ანუ რაზე ილაპარაკა დონალდ ტრამპმა დავოსში”-BBC
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა გრენლანდიაზე – „ყინულის დიდ ნაჭერზე”, რომელიც, პრეზიდენტის აზრით, აშშ-ის ნაწილი უნდა გახდეს. დონალდ ტრამპმა ასევე ილაპარაკა უკრაინასთან გარიგების დადებაზე, აშშ-ის მიერ შეტანილ წვლილზე ნატოს ძლიერებაში და თავისი ადმინისტრაციის დიდ წარმატებებზე“, – ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჩვენ გვსურს მივიღოთ ყინულის ნაჭერი, მაგრამ დანიელები არ გვაძლევენ“, ანუ რაზე ილაპარაკა დონალდ ტრამპმა დავოსში“.
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:
შვეიცარიაში დონალდ ტრამპი დაგეგმილ დროზე გვიან ჩავიდა: პრეზიდენტის თვითმფრინავს (Air Force One) აფრენიდან ცოტა ხანში რაღაც უწესივრობა აღმოაჩნდა, ტრამპი იძულებული გახდა ისევ სენტ-ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნებულიყო და სხვა, სათადარიგო თვითმფრინავში გადამჯდარიყო.
ინციდენტის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი აუდიტორიის წინაშე დროულად წარსდგა და თავისი გამოსვლა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის კრიტიკით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ დემოკრატებმა აშშ ძალიან დაასუსტეს როგორც ეკონომიკურად, ასევე საერთაშორისო არენაზე, მაგრამ, დონალდ ტრამპის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ ჯო ბაიდენის შეცდომები გამოასწორა და „ახლა ჩვენი ეკონომიკა ყვავის“. აშშ-საგან განსხვავებით, ევროპის კონტინენტმა, დონალდ ტრამპის აზრით, განვითარების არასწორი გზა აირჩია: „მე ძალიან მიყვარს ევროპა, მინდა, რომ ევროპა აყვავებული იყოს, მაგრამ ევროპა არასწორი მიმართულებით მოძრაობს“.
„გრენლანდია აშშ-ის ნაწილი უნდა გახდეს“
ევროპის კრიტიკის შემდეგ დონალდ ტრამპი, როგორც მოსალოდნელი იყო, თავისი გამოსვლის მმთავარ ტემაზე გადავიდა – აშშ-ის პრეტენზიებზე დანიის სამეფოს მიმართ, რომლის შემადგენლობაშიც გრენლანდია შედის.
როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, კუნძულზე არაფერს დანიის კვალი არ ამჩნევია – არ ჩანს, რომ გრენლანდიას დანია ფლობს. დანიას კუნძულის დაცვაც არ შეუძლია და მხოლოდ ამერიკის იმედი აქვს. გრენლანდია რომ ამერიკის ნაწილი იყოს, „ყინულის დიდი ნაჭერი“ უფრო სწრაფად და უკეთესად განვითარდებოდა. „მინდა დაუყონებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები გრენლანდიის შეძენის მიზნით“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა და თქვა, რომ მიწებისა და ტერიტორიების „ყიდვაში არაფერი ცუდი არ არის“. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთოდ, „ამერიკას ყველაფრის მიღება შეუძლია, რასაც მოისურვებს, ამერიკას ამისთვის შესაბამისი ძალა აქვს, მაგრამ მას ძალის გამოყენება არ სურს“.
„ერთადერთი, რასაც მე ახლა ვითხოვ, ეს არის გრენლანდია. ეს ჩემი პატარა თხოვნაა. თქვენ შეგიძლიათ თქვათ „დიახ“ და ჩვენ მადლობას გგეტყვით. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვათ „არა“ და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ“, – თქვა ამერიკელმა ლიდერმა.
თავის „თხოვნას“ დონალდ ტრამპმა „პატარა“ უწოდა იმასთან შედარებით, რასაც აშშ აკეთებს ნატოსათვის: „ჩვენ გვსურს ყინულის ნაჭერი მივიღოთ მშვიდობის დაცვისათვის, ისინი [დანიელები] კი არ გვაძლევენ“, – დაიჩივლა დონალდ ტრამპმა, რომელმაც გრენლანდიას რამდენჯერმე „ისლანდია“ უწოდა.
დონალდ ტრამპი რეგულარულად აცხადებს, რომ გრენლანდია აშშ-ის ნაწილი უნდა გახდეს და ამის მიზეზად რუსეთისა და ჩინეთის მუქარებს ასახელებს – თითქოსდა კუნძულს პეკინი და მოსკოვი დაპყრობას უპირებს. ოფიცილაურად არც რუსეთს და არც ჩინეთს, აშშ-საგან განსხვავებით, მსგავსი განზრახვები არ გამოუხატავთ [სად ჩინეთი ან რუსეთი და სად ამერიკა?!].
დონალდ ტრამპის მტკიცებით, გრენლანდიას საკვანძო მნიშვნელობა აქვს აშშ-ის უსაფრთხოებისათვის: კუნძულს ისეთი მდებარეობა აქვს – არქტიკასა და ამერიკას შორის – რომ ძალიან კარგი ადგილია [რუსული] რაკეტების გაშვების წინასწარი გაგებისა და სარაკეტო დარტყმის თავიდან აცილებისათვის. გრენლანდიის ფლობა ასევე სასარგებლოა რეგიონში საზღვაო მიმოსვლის მონიტორინგისათვის.
დონალდ ტრამპს აკვიატებული აქვს გრენლანდიის მიერთება – „მინდა რომ ამერიკა უსაფრთხოდ იყოსო“ – არადა, დანიასთან უკვე დადებული შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონს შეუძლია კუნძულზე იმდენი ჯარი შეიყვანოს, რამდენსაც მოისურვებს.
„თუ პუტინი და ზელენსკი არ მორიგდებიან…“
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინას ომის შეჩერებასა და მის დასრულებაში უნდა დაეხმაროს: „მოსკოვმა და კიევმა ომი უნდა დაასრულონ – ძალიან ბვერი ადამიანი იღუპება და თანაც, ისე იღუპებიან, რომ ამის აუცილებლობა არ არის. ჩვენ ამ საქმეში ჩვენს ნატოელ ევროპელ მოკავშირეებს დავეხმარებით, თუმცა…“, ტრამპმა ისევ გრენლანდია ახსენა – „ყინულიანი კუნძული გვინდა და უარს ნუ ამბობთ“.
აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, დროა ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხწლიანი ომი დაასრულონ: „ვიცი, რომ ისინი სულელები არ არიან, მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ანუ გარიგებას არ დადებენ საომარი მოქმედებების შესაწყვეტად, მაშინ მე მათ სულელებად ჩავთვლი. არ მინდა მათ ვაწყენინო, მაგრამ დროა გარიგება დაიდოს“.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მას 22 იანვარს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ დავოსში წასვლას არ აპირებდა, კიევში და სხვა ქალაქებში შექმნილი მძიმე ენერგეტიკული ვითარების გამო. საბოლოოდ მან შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და შვეიცარიაში გაემგზავრა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მოსკოვში უნდა ჩავიდნენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ისინი ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან.
„ამერიკა მთელი მსოფლიოს დაფინანსებას არ აპირებს“
დავოსში გამართული კითხვა-პასუხის სესიის დროს დონალდ ტრამპმა თავისი სატარიფო პოლიტიკის წარმატებაზეც ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამერიკული პროდუქცია ყველა ქვეყანამ პირდაპირ მიიღოს, მესამე-მეოთხე გადამყიდველების გარეშე, ანუ უფრო ძვირად. „ტარიფების ზრდა იმაზე უფრო ნაკლებია, ვიდრე ისინი იხდიან, თანაც ათჯერ მეტს“.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მსოფლიოს ვერ დავაფნანსებთ, მაგრამ ვცდილობთ ნორმალური ფასებით ვივაჭროთ. მაგალითად, წამლებზე. ისეთი ტარიფები დავაწესეთ, რომ დარწმუნებული ვარ, წამლის ფასები მთელ მსოფლიოში დაიკლებს“, – თქვა პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა ენერგოგანახლებად წყაროებზე – ე.წ. „მწვანე თაღლითობაზე“, რომელიც, მისი აზრით, „ყველაზე დიდი ტყუილია ისტორიაში“. მან აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი მხარს უჭერდა მწვანე პოლიტიკას და ნავთობზე ფასებიც იმიტომ დაეცა, დღეს კი გაზისა და ნავთობის მოპოვება გაფართოვდა“. პრეზიდენტმა იქვე მიუთითა, რომ ვენესუელა ნავთობის მოპოვებით დიდ ფულს მიიღებს და აყვავდება.