1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  “ტრამპის დოქტრინა: აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს იმპერიების ეპოქაში დაბრუნებას უპირებს”-BBC
 “ტრამპის დოქტრინა: აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს იმპერიების ეპოქაში დაბრუნებას უპირებს”-BBC

 “ტრამპის დოქტრინა: აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს იმპერიების ეპოქაში დაბრუნებას უპირებს”-BBC

244
0

 “ტრამპის დოქტრინა: აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს იმპერიების ეპოქაში დაბრუნებას უპირებს”– ასეთი სათაური აქვს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის “ბი-ბი-სი”-ს (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია ჯერემი ბოუენი, საერთაშორისო მიმომხილველი. მასალაში, ისტორიული კონტექსტით, გაანალიზებულია აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ახალი საგარეოპოლიტიკური კურსი – „დონროს დოქტრინა“, რომელიც მისი შორეული წინამორბედის, აშშ-ის  მე-5 პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ „მონროს დოქტრინას“ ემყარება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ვენესუელაში მიღწეული წარმატებით (ნიკოლას მადუროს გატაცებით) აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეოპოლიტიკურ ექსტაზს განიცდის. იგივენაირი განწყობა აქვთ სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს და თავდაცვის მინისტრს პიტ ჰეგსეტს… ისინი მუდმივად იმეორებენ, რომ დონალდ ტრამპი რასაც ამბობს, იმას აკეთებს.

აშშ-ის პრეზიდენტს სწრაფი გამარჯვებები ჭირდება. ადრე იგი ტრაბახობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა კი, დონალდ ტრამპის თვალსაზრისით, ვენესუელაში განხორციელებული სპეცოპერაცია სწორედ ის სწრაფი და გადამწყვეტი გამარჯვებაა, რომელიც მას ასე სწყუროდა.

სხვათა შორის, ობიექტურობის დაცვით უნდა ვთქვათ, კარაკასში ჩატარებული ოპერაცია მართლაც ზუსტად და უდანაკრგოდ განხორციელდა – ხანგრძლივი ოკუპაციის გარეშე, ანუ ერაყისაგან [და, გარკვეულწილად, ავღანეთისაგან] განსხვავებით, რომლებიც მძიმე შედეგებით დასრულდა.

პრეზიდენტმა მიანიშნა კოლუმბიას, მექსიკას, კუბას და დანიას, რომ მათ ნერვიულობის დროს დაუდგათ – ამ ქვეყნის ლიდერებმა ახლა უნდა იმკითხაონ, თუ ვის მიაპყრობს თვალს მადაზე მოსული აშშ-ის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპს მეტსახელების დარქმევა უყვარს. იგი თავის წინამორბედს დღემდე „მძინარე ჯოს“ უწოდებს.

ახლა მან მოისურვა გადაეკეთებინა „მონროს დოქტრინის“ სახელი – აშშ-ის პოლიტიკის საფუძველი ლათინური ამერიკის მიმართ ორი საუკუნის განმავლობაში – და მას თავისი სახელის „საპატივსაცემოდ“, „დონროს დოქტრინა“ უწოდა.

„მონროს დოქტრინის“ თანამედროვე გაგება

ჯეიმს მონრომ, აშშ-ის მე-5 პრეზიდენტმა, თავისი საგარეოპოლიტიკური დოქტრინა 1823 წლის დეკემბერში გამოაცხადა. მასში ნათქვამი იყო, რომ დედამიწის დასავლეთი ნახევარსფერო (ანუ ამერიკის კონტინენტი მთლიანად) აშშ-ის ინტერესების ზონა ხდებოდა, ხოლო ევროპული სახელმწიფოები ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ, ამერიკის ქვეყნების საქმეებში არ უნდა ჩარეულიყვნენ და იქ ახალი კოლონიები არ უნდა შეექმნათ.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯეიმს მონრო მთავრობის სხდომაზე,1823 წლის დეკემბერში,როცა ქვეყნის საგარეო დოქტინა იქნა მიღებული.
კლაიდ დელენდის ნახატი (1912 წელი).

ჯეიმს მონროს მიერ გამოცხადებულ სამოქმედო პროგრამას – „მონროს დოქტრინას“ თუ  „დონროს დოქტრინას“ შევადარებთ, დავინახავთ, რომ დონალდ ტრამპს აშშ-ის ორასწლიანი საგარეოპოლიტიკური კურსი სრულიად სხვა დონეზე აჰყავს.

„მონროს დოქტრინა, რა თქმა უნდა, სერიოზულია, მაგრამ ჩვენ მას მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მარა-ლაგოში იმ დროს, როცა ნიკოლას მადურო თვალახვეული და ხელბორკილდადებული მიჰყავდათ ნიუ-იორკის საპყრობილეში.

„ჩვენი ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ჩარჩოებში აშშ-ის დომინირება დასავლეთ ნახევარსფეროში ეჭვის ქვეშ არასოდეს არ დადგება“, – ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის გამაფრთხილებელი განცხადება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მეტოქე ან ის, ვინც ვაშინგტონს პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის, უპირველესად კი ჩინეთი, ლათინური ამერიკისაგან შორს უნდა დადგეს. ამასთან, ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, თუ რა ბედი ექნება იმ მასშტაბურ ინვესტიციებს, რომლებიც პეკინმა დააბანდა რეგიონში.

„დონროს დოქტრინა“ აფართოებს ამერიკული „უკანა ეზოს“ გაგებულებას – სამხრეთ (ლათინური) ამერიკაში მდებარე ქვეყნებს პლუს ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე კანადა და გრენლანდია, რომელიც დანიის სამეფოსაგან მინიჭებული ფართო ავტონომიით სარგებლობს.

„მონროს დოქტრინა“ აშშ-ის მე-5 პრეზიდენტმა თავისი ხელით დაწერა, ლამაზი კალიგრაფიის მქონე იურისტმა და დიპლომატმა ჯეიმს მონრომ, 2026 წელს კი მისი განსახიერება გახდა 45-ე და 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მოღუშული და შუბლშეკრული სახით, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში წარწერით – „ეს ჩვენი ნახევარსფეროა და პრეზიდენტი ტრამპი არავის ნებას არ მისცემს ჩვენს უსაფრთხოებას დაემუქროს“. ეს ნიშნავს აშშ-ის სამხედრო და ეკონომიკური ძლიერებით სარგებლობას ქვეყნებზე და ლიდერებზე, რომლებიც გამოვლენ ნებადართული მოქმედების ჩარჩოებიდან, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მათი რესურსების წასართმევად. ამერიკის ლიდერმა გააფრთხილა ერთ-ერთი სავარაუდო ადრესატი – კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო და განუცხადა – „ფრთხილად იყავი!“ (დონალდ ტრამპმა ისარგებლა სლენგური გამოთქმით, რომლის პირდაპირი თარგმანი საკმაოდ უხერხულად ჟღერს).

არქტიკული გრენლანდია აშშ-ის ყურადღების ფოკუსში იმყოფება არა მარტო არქტიკის გეოპოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, მინერალური რესურსებით, რომლის მოპოვება სულ უფრო იოლი ხდება ყინულების დნობის კვალობაზე. გრენლანდიის იშვიათმიწა ლითონები და ვენესუელის მძიმე ნავთობი განიხილება როგორც აშშ-ის სტრატეგიული აქტივები.

სხვა ამერიკელი პრეზიდენტ-ინტერვენტებისაგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი თავის მოქმედებას კანონიერებით არ ნიღბავს (თუნდაც საეჭვო საფუძვლით). აშშ-ის პრეზიდენტი არ ცდილობს, რომ თავისი ნაბიჯები საერთაშორისო სამართლით ან დემოკრატიის დამყარების რიტორიკით გაამართლოს. ერთადერთი „კანონიერება“, რომელიც მას ჭირდება, ეფუძნება მის საკუთარ ნებას და მისსავე რწმენას, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს… პრეზიდენტის მოქმედება განმტკიცებულია და უზრუნველყოფილია ამერიკის სამხედრო ძლიერებით.

“მონროდან” “დონროსაკენ”: ისტორიული მომენტები

აშშ-ის პრეზიდენტებისათვის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინებს მნიშვნელობა აქვთ. ისინი განაპირობებენ მათ მოქმედებას და ქმნიან მათ ისტორიულ მემკვიდრეობას.

ივლისში აშშ თავისი არსებობის მორიგ იუბილეს – 250 წლისთავს აღნიშნავს. 1796 წელს ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ აღარ სურდა მესამე ვადით არჩევა და გამოსამშვიდობებელი მიმართვით გამოვიდა, რომელიც დღემდე აქტუალურია. მან რამდენიმე გამაფრთხილებელ მომენტს გაუსვა ხაზი აშშ-ის მომავლისა და მსოფლიოში მისი ადგილის შესახებ. ჯორჯ ვაშინგტონი თვლიდა, რომ ომების დროს დროებითი კავშირების დადება შეიძლება აუცილებელი იყოს, მაგრამ მშვიდობიანობის დროს ამერიკამ თავი უნდა აარიდოს მუდმივ ალიანსებს სხვა სახელმწიფოებთან. ასე ჩაისახა იზოლაციონიზმის ტრადიცია საგარეო პოლიტიკაში.

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, ჯორჯ ვაშინგტონმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ არ ყოფილიყვნენ ზედმეტად დაინტერესებულნი პარტიულობით (პარტიების წევრობით). „საზოგადოების გაყოფა და მასში განხეთქილების არსებობა, – ამბობდა პირველი პრეზიდენტი, – დიდ საფრთხეს წარმოადგენს ახალგაზრდა ამერიკული სახელმწიფოსათვის“.

აშშ-ის სენატი ყოველწლიურად საჯაროდ კითხულობს ჯორჯ ვაშინგტონის გამოსამშვიდობებელ სიტყვას, მაგრამ ეს რიტუალი ძნელად შეესაბამება დღევანდელი ამერიკის ჰიპერპარტიულ და პოლარიზებულ პოლიტიკას.

ჯორჯ ვაშინგტონის გაფრთხილებას, რომ გრძელვადიანი ალიანსების შექმნა და მათში მონაწილეობა აშშ-სათვის სახიფათოაო, მომდევნო პრეზიდენტები თითქმის 150 წლის განმავლობაში იცავდნენ.

პირველ მსოფლიო ომში აშშ იძულებული გახდა დროებით მონაწილეობა მიეღო, მაგრამ როგორც კი ომი დასრულდა, ამერიკა ევროპიდან წავიდა და იზოლაციონიზმის პოლიტიკას დაუბრუნდა.

მეორე მსოფლიო ომის შედეგად აშშ გლობალურ სახელმწიფოდ გადაიქცა. ამ დროს ჩნდება სხვა დოქტრინა, რომელიც ევროპისათვის მნიშვნელოვანია და განაპირობებს იმას, თუ როგორ ცხოვრობდნენ ევროპელები, ყოველ შემთხვევაში, დონალდ ტრამპამდე.

1947 წლისათვის საბჭოთა კავშირთან დაწყებული „ცივი ომი“ ნამდვილად „ცივი“ გახდა: ომისაგან ძლიერ დაზარალებულმა დიდმა ბრიტანეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ მეტად ვეღარ შეძლებს საბერძნეთის მთავრობის დაფინანსებას კომუნისტებთან ბრძოლის მიზნით. აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის პასუხი იმით გამოიხატა, რომ ვაშინგტონმა ვალდებულება იკისრა „დაიცვას თავისუფლებისმოყვარე ხალხები შეიარაღებული უმცირესობების მცდელობებისაგან ან გარეშე ზეწოლებისაგან“. ბუნებრივია, მას მხედველობაში ჰქონდა სსრ კავშირის მუქარები და შიდა კომუნისტურ მოძრაობასთან დაკავშირებული საფრთხეები.

ასე გაჩნდა „ტრუმენის დოქტრინა“, რომლის ჩარჩოებში განხორციელდა მარშალის გემა ევროპის აღდგენისათვის, შემდეგ კი, 1949 წელს, ნატოს შექმნა განაპირობა. ამერიკელი ატლანტისტები – ისეთები, როგორებიც იყვნენ ჰარი ტრუმენი და ჯორჯ ქენანი (დიპლომატი, რომელმაც აშშ-ის მთავრობას სსრ კავშირის „შეკავებისწ“ იდეა შესთავაზა), თვლიდნენ, რომ ასეთი ვალდებულებები აშშ-ის ინტერესებს შეესაბამება.

არსებობს პირდაპირი კავშირი „ტრუმენის დოქტრინასა“ და ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას შორის, უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების თაობაზე.

წყვეტა წარსულთან: ჰარი ტრუმენი და დონალდ ტრამპი

 სწორედ „ტრუმენის დოქტრინით“ იქნა ჩამოყალიბებული აშშ-ის დამოკიდებულება ევროპასთან, რომლის დემონტაჟს დღეს დონალდ ტრამპი ცდილობს. ჰარი ტრუმენის ნაბიჯი იყო მკვეთრი წყვეტა წარსულთან: მან უარყო ჯორჯ ვაშინგტონის გაფრთხილება, რომ მუდმივი წევრობა ისეთ ალიანსებში, რომლებიც რაღაცით ავალდებულებს, ამერიკისათვის სახიფათოა.

დღეს დონალდ ტრამპი, თავის მხრივ, ჰარი ტრუმენის მემკვიდრეობას წყვეტს. თუ იგი გრენლანდიის მიმართ მუქარებს არ შეწყვეტს და რამენაირად მაინც დაამყარებს კონტროლს დანიის კუთვნილ კუნძულზე, ეს მთლიანად გაანადგურებს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას – ნატოს. ამერიკის პოლიტიკა ძალზე გულწრფელად და მიკიბ-მოკიბვის გარეშე გამოხატა ამას წინათ აშშ-ის მოძრაობა MAGA-ს („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) იდეოლოგმა და დონალდ ტრამპის გავლენიანმა მრჩეველმა სტივენ მილერმა ტელეარხ CNN-ის ეთერში გამოსვლის დროს: „აშშ მოქმედებს რეალურ მსოფლიოში, რომელიც იმართება ძალის გამოყენებით, იმართება იძულებით, იმართება ძალაუფლებით – ეს არის მსოფლიოს რკინის კანონი მისი არსებობიის დაწყების დროიდან“.

აშშ-ის არცერთი პრეზიდენტი არ უარყოფს ძალისა და ძლიერების აუცილებლობას. მაგრამ ფრანკლინ რუზველტიდან დაწყებული, ჰარი ტრუმენისა და სხვა მემკვიდრეების ჩათვლით, დონალდ ტრამპამდე, ]ოვალური კაბინეტის ყველა ბინადარი თვლიდა: ძლიერი რომ იყო, ამისათვის ყველაზე უკეთესია ალიანსის ხელმძღვანელობა, ანუ ზოგჯერ კომპრომისებიც აუცილებელია და ურთიერთდათმობებიც.

თავის დროზე ფრანკლინ რუზველტმა და ჰარი ტრუმენმა მხარი დაუჭირეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნას და საერთო ძალისხმევას ისეთი წესების შემუშავების მიზნით, რომლებიც სახელმწიფოების ქცევებს დაარეგულირებდნენ. რასაკვირველია, დასამალი არაა, რომ თვითონ აშშ-ც ხშირად არღვევდა და ყურადღებას არ აქცევდა საერთაშორისო სამართალს, ეჭვის ქვეშ აყენებდა მსოფლიო წესრიგის მარეგულირებელ გადაწყვეტილებებს. და მაინც დონალდ ტრამპის წინამორბედები არ ცდილობდნენ მთლიანად უარი ეთქვათ საერთაშორისო სისტემის რეგულირებაზე – თუნდაც ის არასრულყოფილი და ნაკლოვანი ყოფილიყო.

ამის მიზეზი ყველას თვალწინ ედგა: კატასტროფული შედეგები „ძლიერის უფლების“ გამოყენებისა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში – ორი მსოფლიო ომი და მილიონობით დაღუპული.

მაგრამ დონალდ ტრამპის იდეოლოგიის („ამერიკა უპირველეს ყოვლისა“) შეთავსება მის მეწარმეობრივ და მომხვეჭელ აზროვნებასთან, რომელიც მხოლოდ გარიგებებს ემყარება, პრეზიდენტი მიიყვანა იმ რწმენამდე, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა ფული უნდა გადაიხადონ ამერიკის, როგორც ძლიერი ქვეყნის მეთაურის, კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. სიტყვა „მეგობრობა“ ამ დროს საკმაოდ უადგილოა. აშშ-ის ინტერესები – იმ ვიწრო გაგებით, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს – გამოიხატება იმაში, რომ აშშ მთავარ მოთამაშედ რჩება, მაგრამ მარტო მოქმედებს. 

დონალდ ტრამპი ხშირად იცვლის პოზიციას, მაგრამ უცვლელ კონსტანტად რჩება მისი რწმენა იმაში, რომ აშშ-ს შეუძლია თავისი ძლიერებით დაუსჯელად ისარგებლოს. მისი აზრით, სწორედ ასე შეიძლება ისევ გახდეს ამერიკა დიდებული ქვეყანა. 

მაგრამ რისკი იმით გამოიხატება, რომ თუ დონალდ ტრამპი ამ კურსით სვლას გააგრძელებს, მას შეუძლია მსოფლიოს უკან დაახევინოს, იმპერიების ეპოქაში, ასწლეულების მიღმა, როცა დიდი სახელმწიფოები თავიანთი გავლენის სფეროებით სხვებს საკუთარ ნებას ახვევდნენ, ხოლო უძლიერეს და საკუთარ ზალებში დარწმუნებულ ავტორიტარ მმართველებს თავიანთი ხალხები კატასტროფებამდე მიჰყავდათ.

 

წყარო: