“უკრაინის სადაზვერვო უწყებებში მომხდარი საკადრო ცვლილებები კრიტიკას იწვევს”-The New York Times
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სადაზვერვო ორგანოებში საკადრო გადაადგილებებს პოლიტიკური მიზეზებით ახორციელებს“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: „უკრაინის სადაზვერვო უწყებებში მომხდარი საკადრო ცვლილებები კრიტიკას იწვევს” (ავტორი – ენდრიუ კრამერი). „უკრაინაში, დონალდ ტრამპის გეგმის თანახმად, როცა საომარი მოქმედებები შეწყდება, საპრეზიდენტო არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადებას საკადრო ცვლილებებით იწყებს“, – აღნიშნულია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
უკრაინაში თვლიან, რომ ორი მთავარი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელები გაბედულ ოპერაციებს ახორციელებენ. მაგალითად, სწორედ მათ დაგეგმეს და განახორციელეს დრონებით თავდასხმა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბაზებზე 2025 წლის ზაფხულში (ირკუტსკისა და მურმანსკის ოლქებში). ახლა კი ორივე უწყების დირექტორები თავიანთი პოსტებიდან გათავისუფლებულნი არიან და მათი ადგილი სხვა ჩინოვნიკებს აქვთ დაკავებული. ეს საკადრო ცვლილებები, სხვა თანამდებობრივ გადაადგილებებთან ერთად, უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებში ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე უდიდეს და მნიშვნელოვან მოვლენად შეფასდა. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ეს არის დასაწყისი მასშტაბური რესტრუქტურიზებისა, რომელიც აუცილებელია მთავრობის მოსამზადებლად გაჭიანურებული საომარი მოქმედებებისთვის – იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი ჩაიშლება.
მაგრამ უკრაინის ლიდერის კრიტიკოსების მტკიცებით, საკადრო ცვლილებები ქმნის იმის რისკს, რომ სადაზვერვო უწყებების უკვე აწყობილი სამუშაო მექანიზმი დაირღვევა. მათი აზრით, ეს ყველაფერი გაკეთდა მხოლოდ რაღაც გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. „მე ორი კომპეტენტური ხელმძღვანელის ერთდროულ გათავისუფლებას მიზანშეწონილად არ ვთვლი“, – ამბობს ვალენტინ ნალივაიჩენკო, ვერხოვნა რადას (პარლამენტის) ოპოზიციონერი წევრი, რომელიც ადრე უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსი იყო, – ჩემზე დამოკიდებული რომ იყოს, სანამ ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები დასრულებული არ არის, მე შევინარჩუნებდი ორივე ხელმძღვანელს და არ შევცვლიდი. ამაში ვერაფერს კარგს ვერ ვხედავ როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, ასევე თვითონ სპეცსამსახურებისათვის“.
უკრაინის უშიშროების სამსახურისა და სამხედრო დაზვერვის ორგანოები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ აშშ-ის შესაბამის უწყებებთან, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ჩათვლით, საკვანძო როლს ასრულებენ რუსეთის მსგავსი ორგანოების ჯაშუშური და ანტიუკრაინული საქმიანობის წინააღმდეგ. ანალიტიკოსები, რომლებიც კარგად არიან გარკვეულნი უკრაინის შიდა სიტუაციაში, ამტკიცებენ, რომ საკადრო გადაადგილებები პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ არის ინიცირებული და ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან კავშირში არ არის. რადგანაც პრეზიდენტის რეიტინგი ეცემა, იგი ცდილობს, რომ ასეთი ნაბიჯებით გზიდან ჩამოიცილოს მოსახლეობაში პოპულარული გენერლები, სავარაუდო არჩევნების წინ, რომელიც დონალდ ტრამპის გეგმის თანახმად, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის დირექტორი, გენერალი ვასილ მალიუკი შეცვალა ევგენი ხმარამ, რომელიც ადრე სპეცქვედანაყოფ „ალფას“ ხელმძღვანელად მუშაობდა ტერორიზმთან ბრძოლის სპეცოპერაციების ცენტრში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ უფლებამოსილების ჩარჩოებში, რომლებიც მას საომარი მდგომარეობის დროს ენიჭება, თუმცა საკადრო დანიშვნა პარლამენტმა უნდა დაადასტუროს მომავალ კვირაში.
როგორც გენერალმა ვასილ მალიუკმა განაცხადა, იგი უწყებიდან არსად არ მიდის და რჩება სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის მეთაურად, თუმცა ფაქტიურად აშკარაა, რომ იგი ნაკლებად შესამჩნევ თანამდებობაზეა ჩამოქვეითებული. პოტენციურად მას შეუძლია პოლიტიკურ ოპოზიციას მიემხროს, სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ გასულ კვირას ექვსმა უკრაინელმა მაღალი რანგის ოფიცერმა, აღმოსავლეთის ფრონტის გაერთიანებული ჯარების სარდლის ჩათვლით, გამოაქვეყნეს ვიდეომიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით და მას ვასილი მალიუკის – „კოლოსალური გამოცდილების მქონე პროფესიონალის“ – თანამდებობაზე დაბრუნება სთხოვეს.
უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ყურადღებით თვალს ადევნებენ უშიშროების სამსახურში მომხდარ გადაადგილებებს. ზოგიერთი განცხადების თანახმად, მიმდინარე საკადრო ცვლილებები კორუფციისა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს, ამისათვის საჭიროა მასშტაბური რეფორმების ჩატარება. აქტივისტების ასეთი აზრი ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ უშიშროების სამსახური სისტემატურად დევნის უკრაინის ოპოზიციას და ხელს უშლის მათ საქმიანობას. პირადად ვასილი მალიუკს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ – იგი აბრკოლებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობას. თვითონ გენერალმა უარყო ყველა ბრალდება და განაცხადა, რომ მისი უწყება დაკავებული იყო მხოლოდ რუსეთის ჯაშუშობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებით და არა რომელიმე უწყების დევნით.
გასულ ზაფხულს უშიშროების სამსახურმა, კორუფციული სქემების გამოძიების დროს, სამართალდამცველი ორგანოების ორი მაღალჩინოსანი თანამშრომელი დააკავა, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული პირები აღმოჩნდნენ. როგორც კორუფციასთან ბრძოლის აქტივისტმა დარია კოლენიუკმა აღნიშნა სოციალურ ქსელში, ვასილი მალიუკის გათავისუფლება საქმეს არ უშველის, რადგან მისი მოადგილე ალექსანდრე პოკლადი თანამდებობაზე რჩება. ამბობენ, რომ სწორედ იგი კურირებდა პოლიტიკურ ოპონენტებზე და კონკურენტებზე ზეწოლას და მათ დევნას, თითქოსდა კორუფციასთან ბრძოლის მოტივით. „ის საკადრო გადაადგილებები, რაც პრეზიდენტმა განახორციელა, უხარისხო ინსტიტუციურ ცვლილებებს წარმოადგენს“, – თვლის დარია კოლენიუკი.
სამხედრო დაზვერვის დირექტორი, გენერალი კირილ ბუდანოვი ასევე გენერალმა ოლეგ ივაშენკომ შეცვლა, რომელიც ადრე საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად მუშაობდა. უკრაინული მასმედია წერს, რომ ოლეგ ივაშენკო ერთგულად ემსახურება ქვეყნის მმართველ რეჟიმს და პრეზიდენტის დავალებებს პირნათლად ასრულებს. რაც შეეხება კირილ ბუდანოვს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად არის დანიშნული (ანდრეი ერმაკის ნაცვლად), იგი პოლიტიკურად უფრო ახლოს იქნება ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მეტი გავლენა ექნება სახელისუფლო სტრუქტურებზე.
ანალიტიკოსების თქმით, რომლებიც 2014 წლიდან დაწყებული, სპეცსამსახურების საქმიანობის შესწავლით არიან დაკავებულები, უკრაინის სადაზვერვო ორგანოებს ქვეყნისთვის მართლაც ბევრი სასარგებლო საქმეები აქვთ გაკეთებული, თუმცა ბოლო დროს მათი პოლიტიზება ხდება: „არ ვფიქრობ, რომ კადრების გადაადგილება უმაღლეს დონეზე კარდინალურ ცვლილებებს წარმოადგენს, – ამბობს პოლიტოლოგი ოლეგ სააკიანი, – სამწუხაროდ, სპეცსამსახურების პოლიტიზება უკრაინის გამოგონება არ არის. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ეს პრობლემა უკრაინაშიც სწრაფად ვერ მოგვარდება“. მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები ქვეყანაში, მით უფრო აშკარა ხდება ერთი ტენდენცია: „პოლიტიკოსები სამხედროები ხდებიან, ხოლო სამხედროები, ადრე თუ გვიან, პოლიტიკურ კარიერას იწყებენ, მოსწონთ ეს მათ თუ არ მოსწონთ“.