“არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ მიიღოს სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება”- შალვა ხაჭაპურიძე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უკრაინის სასამართლოში სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამიტომ, ის არ გამორიცხავს, რომ 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე ექსპრეზიდენტის უკრაინაში გადაყვანა მოითხოვონ.
„უკრაინის სასამართლოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. 6 ოქტომბერს იმართება სასამართლო პროცესი, რომელზედაც ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა მოწმის სახით დაიკითხოს და გადაყვანილი იყოს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი. პროკურატურამ ამ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა და ვაგზავნით უკრაინაში იმ დოკუმენტაციას, რომ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში.
არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ მიიღოს სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება. საქართველოს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული, გააგზავნიან თუ არა სააკაშვილს უკრაინაში დასაკითხად, თუ საერთაშორისო კონვენციებით ვიმსჯელებთ, ხელისუფლებას შეუძლია ეს შეასრულოს”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.