1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსულ გაზზე უარის თქმის ევროკავშირის გეგმას სლოვაკეთთან ერთად გავასაჩივრებთ -პეტერ სიარტო

რუსულ გაზზე უარის თქმის ევროკავშირის გეგმას სლოვაკეთთან ერთად გავასაჩივრებთ -პეტერ სიარტო

71
0

უნგრეთი და სლოვაკეთი გეგმავენ, რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვის შესახებ ევროკავშირის გეგმა გაასაჩივრონ – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა, შესაძლოა, სასამართლოს უკვე მომავალ კვირას მიმართონ.

სიიარტო სასამართლოში მიმართვის აუცილებლობას იმით ამართლებს, რომ რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვამ, შეიძლება, ფასების ზრდა გამოიწვიოს.

„როგორც კი RePowerEU გეგმა მომავალ კვირას დამტკიცდება, სლოვაკეთთან ერთად ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში შევიტანთ მისი გაუქმების მოთხოვნას და მოვითხოვთ რეგულაციის შეჩერებას სასამართლო პროცესის განმავლობაში. ჩვენ ამ ნაბიჯს ვდგამთ, რადგან რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვა შეუძლებელს გახდის უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას და გამოიწვევს ფასების მკვეთრ ზრდას. ეს რეგულაცია ასევე წარმოადგენს უზარმაზარ იურიდიულ თაღლითობას, რადგან ის აშკარად სანქციების ზომაა, რომელიც მოითხოვს ერთსულოვან დამტკიცებას. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხელშეკრულებებსაც, რომლებიც აცხადებენ, რომ ენერგეტიკული პოლიტიკა ეროვნული კომპეტენციაა და ეწინააღმდეგება თვით ევროკომისიის შეფასებასაც კი”, – წერს სიიარტო.

ცნობისთვის, ევროკავშირმა 2027 წლისთვის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ რეგულაციაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) და მილსადენებით გაზის იმპორტის იურიდიულად სავალდებულო, ეტაპობრივ აკრძალვას 2026 წლის ბოლოდან და 2027 წლის შემოდგომიდან. მათივე ცნობით, ახალი წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმებს როგორც კომპანიებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. საბჭო განმარტავს, რომ რეგულაცია წარმოადგენს ევროკავშირის REPowerEU-ს გზამკვლევის ცენტრალურ ელემენტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დასრულებას მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის მიწოდება იარაღად გამოიყენა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.