1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “წაუგებელი ვარიანტი კრემლისათვის-პუტინს ორივე სიტუაცია აწყობს-ომის შეწყვეტაც და ომის გაგრძელებაც”- The New York Times
“წაუგებელი ვარიანტი კრემლისათვის-პუტინს ორივე სიტუაცია აწყობს-ომის შეწყვეტაც და ომის გაგრძელებაც”- The New York Times

“წაუგებელი ვარიანტი კრემლისათვის-პუტინს ორივე სიტუაცია აწყობს-ომის შეწყვეტაც და ომის გაგრძელებაც”- The New York Times

149
0

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “წაუგებელი ვარიანტი კრემლისათვის: პუტინს ორივე სიტუაცია აწყობს – ომის შეწყვეტაც და ომის გაგრძელებაც” (ავტორი – პოლ სონი). “კრემლი მშვიდად უყურებს, თუ როგორ ცდილობენ უკრაინა და ევროპა ტრამპის გეგმაში ცვლილებების შეტანას. მას ნებისმიერი სიტუაცია აწყობს – თუ რუსების მონაწილეობით შექმნილი გეგმა განხორციელდება, კარგია, თუ არა და, იგი ომს გააგრძელებს და უკრაინას წელში გატეხს”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

გასულ შაბათ-კვირას უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები ყველა ერთად „წამოხტნენ“ და გამალებული დაიწყეს დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში ცვლილებების შეტანა.

როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილა და, ბუნებრივია, კრემლისთვის ხელსაყრელია.
იმ დროს, როცა ევროპელები გაფაციცებით ცდილობდნენ ტრამპის გეგმაში კორექტივების შეტანას, ვლადიმერ პუტინი, თავის მხრივ, გულხელდაკრეფილი იჯდა და მათ ირონიულად უყურებდა.

ამერიკელი კოლეგის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის შეთავაზებული გეგმა, რომელიც უკრაინას მუდმივად რუსეთისადმი დაქვემდებარებულად გადააქცევს და მოწყვლადს გახდის, რუსეთის ლიდერისათვის, ცხადია, მომგებიანი იქნება. ასევე მომგებიანი იქნება კრემლისთვის დიპლომატიური პროცესის ჩაშლაც, თუ დონალდ ტრამპი უკრაინის უარით გაბრაზდება, გეგმას უკან წაიღებს, კიევს მხარდაჭერას შეუწყვეტს და ევროპელ მოკავშირეებს მოიძულებს.
შვეიცარიაში მყოფმა აშშ-სა და უკრაინის ოფიციალური პირებმა განაცხადეს, რომ გეგმაში ზოგიერთი ცვლილება შეიტანეს, თუმცა რა, არ დაუკონკრეტებიათ. განცხადების შემდეგ ისინი შინ დაბრუნდნენ.
მაგრამ გაურკვეველია, დათანხმდება თუ არა ამ ცვლილებებზე ვლადიმერ პუტინი. პარასკევს მან განაცხადა, რომ 28-პუნქტიანი გეგმა შეიძლება საფუძვლად დაედოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას, „თუმცა, რა თქმა უნდა, დოკუმენტი საგნობრივ განხილვას საჭიროებს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტის თქმით, „რუსეთი ბრძოლას გააგრძელებს და თავის მიზანს მაინც მიაღწევს“.
ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტი უკრაინული ქალაქები დაეცემა რუსეთის არმიის იერიშით – „შეიძლება ისე სწრაფად არა, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ ეს გარდაუვალად მოხდება და მუდმივად განმეორდება“, – გამაფრთხილებლად თქვა რუსმა ლიდერმა და აღნიშნა: „ჩვენ, „მთლიანობაში, სიტუაციის ასეთი განვითარება გვაწყობს“
ვლადიმერ პუტინის გზავნილი მიგვანიშნებს: კრემლის ავტორიტარულ სისტემას ნებისყოფაც საკმარისი აქვს და რესურსებიც, რომ ომს მოწინააღმდეგეებზე უფრო მეტი ხნით გაძლოს.
„დასავლეთი ვლადიმერ პუტინთან შეჯიბრში ჩაერთო – ვინ უფრო მეტ ტკივილს მოითმენს და გაუძლებს?“, – ამბობს ალექსანდრე გაბუევი, კარნეგის ფონდის ევრაზიისა და რუსეთის შემსწავლელი ბერლინის ცენტრის დირექტორი, – „ვლადიმერ პუტინი ამ შეჯიბრში კაჟის ქვასავითაა, მისი სისტემა კი კერკეტი კაკალივით. რა თქმა უნდა, უკრაინელებიც გამძლენი არიან, მაგრამ მათ არასაკმარისი რესურსები აქვთ, არ ჰყოფნით ცოცხალი ძალა, შეიარაღება და ფინანსები… გარდა ამისა, დასავლეთი კიევს მხარდაჭერას მტკიცედ და დარაზმულად არ უწევს“.

ცხადია, ვლადიმერ პუტინის შესაძლებლობები უკრაინის წინააღმდეგ მიმართული საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად უსასრულო არ არის. ბოლო დროს რუსეთის ეკონომიკა პრობლემების წინაშე დადგა, განსაკუთრებით სანქციების შედეგად ნავთობ-გაზის ექსპორტის შეზღუდვის გამო. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებმა იკლო. მოსკოვმა სამხედრო ხარჯების დასაფარავად გადასახადების მომატება დაიწყო… სწორედ შექმნილი პრობლემების გამო მთავრობა იძულებული გახდა მომავალი წლის სამხედრო ბიუჯეტი უკვე შეემცირებინა. მართალია, რუსეთის არმია წინ მიიწევს, მაგრამ ძალიან ნელა, ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგებით და არ არის გამორიცხული, რომ შეტევა შეფერხდეს.

მაგრამ ვლადიმერ პუტინი მაინც დარწმუნებულია, რომ დრო მის მხარეზეა და ფიქრობს, რომ უკრაინას უფრო მალე გამოელევა ძალ-ღონე, ვიდრე რუსეთს. გარდა ამისა, კიევის მიერ წინააღმდეგობის გაწევა ძალიან დიდად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე. რუსეთის პრეზიდენტის მთლიანობაში მოვლენათა განვითარების ნებისმიერი ვარიანტი აწყობს – გეგმის საფუძველზე წარმატებული სამშვიდობო პროცესიც და ისიც, თუ გეგმა წარუმატებელი იქნება. ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უდიდესი ზეწოლის ქვეშ იმყოფება ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე. მას დროც ბევრი არ რჩება.
ამასობაში კი უკრაინაში სიტუაცია უარესდება. პრეზიდენტის ავტორიტეტი და რეპუტაცია ეცემა. ქვეყნის მოსახლეობა შეშფოთებულია ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვაში მომხდარი კორუფციული სკანდალებით. გარდა ამისა, უკრაინას ფინანსების მწვავე დეფიციტი აქვს, ევროპელი მოკავშირეები, როგორც ჩანს, გაყინული რუსული აქტივების კიევისათვის პირდაპირ მიცემას ვერ ბედავენ, საკუთარ ფულს კი უფრთხილდებიან. თავის მხრივ, დონალდ ტრამპიც დროდადრო ვოლოდიმირ ზელენსკის უმადურობას სწამებს და ამუნათებს, რატომ არ უხდის იგი მადლობას მშვიდობის დამყარების მცდელობაში ძალისხმევისათვის.
ვლადიმერ პუტინმა თავის პარასკევის გამოსვლაში სიტუაცია ისე წარმოადგინა, რომ თითქოს იგი დიდსულოვნად რაღაც დათმობებზე დათანხმდა. მან თქვა, რომ ალასკაზე, ანკორიჯში შეხვედრის დროს მისმა ამერიკელმა კოლეგამ კონსტრუქციულობის, მოქნილობის გამოვლენა სთხოვა და ისიც დათანხმდა, რომ თხოვნას გაითვალისწინებდა. შესაბამისად, პუტინი დაპირებულ სიტყვას ასრულებს.
როგორც ჩანს, რუს ლიდერს მხედველობაში მხედველობაში ჰქონდა ტერიტორიული საკითხი: მართლაცდა, კრემლელმა მომლაპარაკებლებმა უარი თქვეს თავდაპირველ მოთხოვნაზე, რათა უკრაინამ რუსეთს ყველა იმ ოთხი ოლქის ტერიტორია მთლიანად გადასცეს, რომელიც მოსკოვმა ფორმალურად (იურიდიულად) მიიერთა და შესაბამისი ცვლილება კონსტიტუციაშიც შეიტანა. ალასკაზე შეხვედრისას პუტინმა მზადყოფნა გამოხატა, რომ საომარ მოქმედებას შეწყვეტდა, თუ უკრაინა, სხვა მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, რუსეთს დონეცკის ოლქის იმ ნაწილს გადასცემდა, რომელსაც ამჟამად უკრაინის არმია აკონტროლებს. ტრამპის გეგმის თანახმად კი, საომარი მოქმედებები შეწყდება ფრონტის ხაზის მიხედვით, ანუ კრემლი კომპრომისზე მიდის.

იმდენად, რამდენადაც ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის გადარჩენისათვის დაწყებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციად წარმოაჩენს, მისთვის ძნელი იქნება თანამოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ მან გაიმარჯვა – დონეცკის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ ისევ უკრაინის ხელში რჩება.

გერმანული კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსს შტეფან მაისტერს ეჭვი ეპარება, რომ ვლადიმერ პუტინი მართლაც მზად არის კომპრომისისათვის. მისი ვარაუდით, პუტინი ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ერთი მხრივ, დონალდ ტრამპსა და მეორე მხრივ, უკრაინელებსა და ევროპელებს შორის, რათა თავისთვის გზა გაიწმინდოს უკრაინის სრული კონტროლისათვის..
„ვლადიმერ პუტინს გათვლილი აქვს და მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ გაუარესდება და მას დახმარებას შეუწყვეტს. ევროპელები ვერ შეძლებენ ამერიკულის მსგავსი სადაზვერვო მონაცემებით ან შორი მოქმედების რაკეტებით უკრაინის უზრუნველყოფას“, – ასკვნის შტეფან მაისტერი, – „მთლიანობაში კი პუტინი დარწმუნებულია – უკრაინას წელში გატეხავს და დაიმორჩილებს“.

წყარო: