ყველა პირი, რომელმაც 2025 წლის პირველ ნოემბრამდე თბილისში ტაქსით მომსახურება უნებართვოდ ან პირობების დარღვევით განახორციელა, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდება
პირები, რომლებმაც 2025 წლის პირველ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ წარმატებულ გადაწყვეტილებად ტაქსების რეფორმა მიიჩნევა.
„ტაქსების რეფორმა რამდენიმე ეტაპად განვახორციელეთ: შემოღებულ იქნა მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა; დადგინდა A კატეგორიის ტაქსის ფერის სტანდარტი; აიკრძალა მარჯვენასაჭიანი ავტომობილით მგზავრთა გადაყვანა; დაინერგა მობილური აპლიკაციები ტაქსით მომსახურების პროცესის გამარტივების მიზნით; აუცილებელი გახდა ტაქსის მანათობლის გამოყენება და ა.შ. ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით, შეწყდა ნებართვის გაცემაც და ძალაში დარჩა მხოლოდ უკვე აღებული ნებართვები. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად უდიდესი ეკონომიკური აქტივი გაუჩნდა თითოეული ნებართვის მფლობელ პირს და მას ეს აქტივი უკვე თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია განკარგოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, ცვლილებების სრულყოფილად დანერგვა და, მათ შორის, ტაქსის მძღოლების ადაპტირება რეგულაციებთან გარკვეულ დროს და ენერგიას მოითხოვდა.
„მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რა თქმა უნდა, აქტიური და უშუალო კომუნიკაციები მიმდინარეობდა ამ სფეროთი დაინტერესებულ თითოეულ პირთან. ხდებოდა მათთან შეხვედრები, მოსაზრებების გაცვლა და შეიძლება ითქვას, რომ პროცესი მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა. ამ პროცესებში იყო შემთხვევები, როცა მგზავრთა ტაქსით გადაყვანა ხორციელდებოდა ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით. ამიტომ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება”, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძემ მოსახლეობას განუმარტა, რომ 2025 წლის პირველი ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სამართალდარღვევებზე უკვე განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები მთელი სიმკაცრით.
„მივმართავ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული საკითხები. იმედი მაქვს, რომ ყველა ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესების ფარგლებში. ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მივაწოდებთ პარლამენტს. აქვე მინდა, ვთხოვო პარლამენტის წარმომადგენლებს, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ საკანონმდებლო ინიციატივებში, რადგან აღნიშნული საკითხები პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. ასევე, მიგვაჩნია, რომ ცვლილებებს სამართალდარღვევების შემცირების კუთხით ქმედითი პრევენციული ხასიათიც ექნება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.