1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოითხოვს თუ არა საქართველო გახარიას ექსტრადიციას -გია ვოლსკი
შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოითხოვს თუ არა საქართველო გახარიას ექსტრადიციას -გია ვოლსკი

შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოითხოვს თუ არა საქართველო გახარიას ექსტრადიციას -გია ვოლსკი

85
0

გახარიას ჩორჩანასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯზე შეთანხმება არავისთან ჰქონია. ეჭვი ჩნდება, რომ ეს განზრახ იყო ჩადენილი, რათა შეტაკება მომხდარიყო ან რუსეთს უფრო მკაცრი ზომები მიეღო საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოითხოვს თუ არა საქართველო გახარიას ექსტრადიციას.

„გამოძიებას მტკიცებულებათა ერთობლიობა აქვს გამოსაქვეყნებელი. შესაბამისი სტრუქტურა მიიღებს გადაწყვეტილებას, მოითხოვს თუ არა საქართველო მის ექსტრადიციას. ვითარებას თუ შევხედავთ, საქართველოს საკმაოდ მძიმე შედეგი დაუდგა, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩორჩანის საგუშაგოს სიახლოვეს ცხოვრობდნენ. საოცრება ის არის, რომ გახარიას ამ ნაბიჯზე შეთანხმება არავისთან ჰქონია. არგუმენტირებული ეჭვი ჩნდება, რომ ეს განზრახ იყო ჩადენილი, რათა შეტაკება მომხდარიყო ან რუსეთს უფრო მკაცრი, ხისტი ზომები მიეღო საქართველოს მიმართ, რაც შემდეგ პროცესების განვითარებას გამოიწვევდა. პროკურატურისთვის ეს მოსაზრებები საგულისხმოა. ფაქტია, რომ საქართველომ დიდი ტერიტორია დაკარგა და კვლავ გაიზარდა საოკუპაციო ზონა. რაც შეეხება 20 ივნისის თემას, სტრასბურგმა მოითხოვა გამოძიება იმ გადაცდომების, რაც პოლიციამ ჩაიდინა. თავად პოლიცია რა მდგომარეობაში ჩააყენა ხელმძღვანელობამ, ამ შემთხვევაში, გახარიამ? რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ გააფთრებული შტურმის წინაშე, არ ინძრეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, გაიტაცეს, რამდენიმე მათგანს წაართვეს ეკიპირება, დაამცირეს და შემდეგ განვითარდა პროცესები, რომლის გამოძიებაც სტრასბურგმა მოითხოვა. შეფასებების ერთობლიობა უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, შესაბამისმა სტრუქტურებმა ექსტრადირება მოითხოვონ. საგანგებოდ საინტერესოა, რა მოხდა ჩვენს თავს, ვინ არის მოღალატე, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის იბრძვიან?” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ” ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.