ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.
ამასთან, ევროკომისიამ ანგარიშთან ერთად გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2024 წლის ევროკავშირის საბჭოს დასკვნის შემდეგ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერდა, ვითარება მკვეთრად გაუარესდა. პრესრელიზის თანახმად, ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და დაბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
„2024 წელს ევროკავშირის საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერდა. მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა გამოიხატა კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვებით. ეს მოიცავს კანონმდებლობას, რომელიც მკვეთრად ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს დემოკრატიული უკუსვლა და განახორციელოს ყოვლისმომცველი, ხელშესახები ძალისხმევა გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად და ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც მხარდაჭერილია პარტიებს შორის თანამშრომლობითა და სამოქალაქო ჩართულობით, ევროკავშირის ღირებულებების შესაბამისად. 2024 წლის დეკემბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შემდეგ და საქართველოს უკუსვლის გათვალისწინებით, კომისია საქართველოს მხოლოდ სახელწოდებით კანდიდატ ქვეყნად მიიჩნევს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს მტკიცე ერთგულება კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ“,- ვკითხულობთ პრესრელიზში.
ამავდროულად, გამოქვეყნებულ პრესრელიზში შეფასებულია, ზოგადად, ევროკავშირის გაფართოების პროცესი.
„დღეს ევროკომისიამ მიიღო ყოველწლიური გაფართოების პაკეტი, რომელშიც წარმოდგენილია გაფართოების პარტნიორების მიერ ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღწეული პროგრესის ყოვლისმომცველი შეფასება. წლევანდელი პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაფართოების იმპულსი ევროკავშირის პრიორიტეტულ დღის წესრიგში მაღალია. ის ასევე ადასტურებს, რომ ახალი წევრი სახელმწიფოების გაწევრიანება სულ უფრო და უფრო ახლოსაა“, – წერია პრესრელიზში.
ევროკომისიის შეფასებით, ეს წინსვლა სარგებელს მოუტანს როგორც წევრობის მსურველ სახელმწიფოებს, ასევე ევროკავშირის ამჟამინდელ წევრებს, რაც ხელს უწყობს კეთილდღეობას, დემოკრატიას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ამავდროულად, ქმნის ახალ შესაძლებლობებს მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის, როგორებიცაა სტრატეგიული ინვესტიციები და ერთიანი ბაზრის გახსნა.