1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ილონ მასკის “გროკიპედია” მილიარდერის პირად ამბიციებს ემსახურება -Financial Times
ილონ მასკის “გროკიპედია” მილიარდერის პირად ამბიციებს  ემსახურება -Financial Times

ილონ მასკის “გროკიპედია” მილიარდერის პირად ამბიციებს ემსახურება -Financial Times

203
0

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ეხმიანება ილონ მასკის ახალ წამოწყებას – „ვიკიპედიის“ მსგავსი ახალი ელექტრონული ენციკლოპედიის შექმნას – და აქვეყნებს სტატიას სათაურით: “ილონ მასკის “გროკიპედია” მილიარდერის პირად ამბიციებს ემსახურება: ადამიანები – „ვიკიპედიის“ ავტორები – შეიძლება მიკერძოებას იჩენენ, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დამყარებული ცოდნა ზედაპირულია”(ავტორი – ჯიმაიმ კელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სწორედ იმ დროს, როცა საზოგადოება ფიქრობდა, რომ ილონ მასკს თითები აღარ ეყოფა თავისი სიახლეების ჩამოსათვლელადო, მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა – გასულ კვირას მან სიამაყით წარმოგვიდგინა თავისი ბოლო ნოვაცია, რომელიც არც ელექტრომობილია და არც კოსმოსის ათვისების პროექტი, არც კოსმოსური თანამგზავრი და არც გვირაბი, არც სოციალური ქსელი, არც ტვინის იმპლანტანტი, არც სახელმწიფო მმართველობისა თუ კონტროლის სტრუქტურა და არც ახალი პოლიტიკური პარტია, არამედ რაღაც უფრო ფუნდამენტური: სიმართლისა და ჭეშმარიტების ახალი ვერსია!
„ჩვენი მიზანია შევქმნათ ცოდნის ყოვლისმომცველი კოლექცია, რომელიც ყველასათვის ღია იქნება“, – დაწერა ილონ მასკმა „იქს-ქსელში“ მას შემდეგ, რაც მისმა კომპანია xAI-მა „გროკიპედიას“ (Grokipedia) ანუ ონლაინ-ენციკლოპედიის პირველი ვერსია გამოუშვა, რომლის საფუძველს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები წარმოადგენს. „მოგვიანებით ჩვენ ამ პროექტის ასლებს ჯერ დედამიწის ორბიტაზე – მთვარეზე განვათავსებთ, შემდეგ კი მარსზე, რათა ის მომავალ თაობას შევუნახოთ. ეს მომავლის ფონდია“, – აღნიშნა ილონ მასკმა.

ალბათ, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ტყუილსა და მართალში გარკვევა ხშირად იოლი არ არის და რომ ყველა ჭეშმარიტების ერთი პროექტის ჩარჩოებში დაგროვება საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს, მით უმეტეს მათი კოსმოსში გატანა.

ილონ მასკმა „ვიკიპედიას“, რომელიც „გროკიპედიას“ შესაქმნელად ნიმუშის სახით იქნა გამოყენებული, „ტრადიციული მედიაპროპაგანდის მოძველებული საშუალება“ უწოდა. მილიარდერის თქმით, „ვიკიპედია“ ადამიანის ცოდნის მხოლოდ ზედაპირულ დემონსტრაციას ახდენს. ბუნებრივია, რომ ჩვენი წარმოდგენები იმაზე, თუ რას წარმოადგენს ჭეშმარიტება, მუდმივად იცვლება ახალი ფაქტების გაჩენის, ახალი აღმოჩენებისა და ფასეულობების, შეხედულებების ტრანსფორმაციის კვალობაზე, რომლებიც ჩვენს შემეცნებას და ცნობიერებას აყალიბებს.
ჰქონდა თუ არა მხედველობაში ილონ მასკს – როცა 2001 წელს დაარსებული „ვიკიპედიის“ მიმართ არცთუ სასიამოვნო შეფასება გამოხატა – ის, რომ ამ ელექტრონულ ენციკლოპედიას ხშირად „ლიბერალური“ და „მემარცხენე“ გადახრები აქვს? ან ის, რომ „ვიკიპედია“ არ იძლევა სიმართლის სრულ და ობიექტურ ვერსიას?
დიახ, ჰქონდა. მაგალითისათვის უბრალოდ, შეხედეთ „ვიკიპედიის“ განმარტების ტექსტს – „COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორია“. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელ ექსპერტთა ორმა მესამედმა, რომლებიც 2023 წელს The Economist-ის გამოკვლევებში მონაწილეობდნენ, განაცხადეს, რომ ვირუსი გაჩნდა ჩინეთის ლაბორატორიაში და არა [კვების პროდუქტების] ბაზარზე, როგორც თავდაპირველად ითვლებოდა, „ვიკიპედია“ „კოვიდის“ გავრცელების წყაროდ მაინც ბაზარს მიიჩნევს და ლაბორატორიიდან გაჟონვის სცენარს „სადავოდ“ და „შეთქმულების თეორიის პროდუქტად“ თვლის.

მართლაცდა, როგორც გასულ თვეში „ვიკიპედიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლარი სენგერი წერდა, ის ზოგიერთი სტანდარტი, რომლებსაც საიტი ეფუძნებოდა და რომლებსაც ათასობით ვოლონტერი (მოხალისე) რედაქტორი ქმნის, „იდეოლოგიას მსხვერპლად შეეწირა“. მან „ვიკიპედიის“ შეცდომების გამოსასწორებლად ცხრა წესი შემოგვთავაზა, მაგრამ არცერთი არ ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის ჩარევას. რატომ? იმიტომ, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ენციკლოპედია – ანუ გროკიპედია“ – „ვიკიპედიაზე“ უარესია და ხშირად პირადად ილონ მასკის სურვილებზეა დამოკიდებული. ჩაიხედეთ „გროკიპედიაში“ და დარწმუნდებით…

იმის ნაცვლად, რომ „ვიკიპედიისთვის“ სერიოზული კონკურენტი შეექმნა, ილონ მასკმა „საკუთარ კარში მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა“. „გროკიპედიის“ მასალები დემონსტრირებს: მიუხედავად იმისა, რომ „ვიკიპედიაში“ ადამიანები (ავტორები) შეიძლება არასრულყოფილად წერენ, მიკერძოებულები არიან, ისინი მაინც უკეთესები არიან. ვიდრე ხელოვნური ინტელექტი. ადამიანები, ხელოვნურ ინტელექტთან შედარებით, მეტ-ნაკლებად მაინც ჭეშმარიტებამდე მიდიან, თუნდაც მათ ლიბერალური მსოფლმხედველობა ჰქონდეთ.

თანამედროვე მსოფლიოში, რომელშიც ნდობის რეზერვები იმდენად გამოფიტულია, რომ ვერ გაარკვევ, ვის უნდა დაუჯერო და ვის არ უნდა დაუჯერო, რა არის რეალური და რა არის არარეალური, ისეთი საიტი, როგორიც „ვიკიპედიაა“, ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. (…)

წყარო: