ევროკავშირი აცხადებს, რომ უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრედიტით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ კიევი რუსული აქტივების ნაწილს – 140 მილიარდ ევროს მიიღებს-Politico
„ევროკავშირი აცხადებს, რომ უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრედიტით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ კიევი რუსული აქტივების ნაწილს – 140 მილიარდ ევროს მიიღებს. ბელგია წინააღმდეგია და პასუხისმგებლობის გადანაწილებას ითხოვს“, – ასეთი სათაური აქვს ამერიკულ გაზეთ „პოლიტიკო“-ში (Politico – ევროპული ვერსია) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები არიან ჟურნალისტები გრეგორიო სორჯი და ბიანკა სმიტ-მეიერი. „რა კავშირი აქვს ფონდის კრედიტს უკრაინისათვის რუსული აქტივების გადაცემასთან? პირდაპირი“, – ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„ბელგიის უარმა უკრაინისათვის ევროკავშირის მრავალმილიარდიანი „სარეპარაციო კრედიტის“ გამოყოფაზე შეიძლება საერთაშორისო სავალუტო ფონდი იძულებული გახადოს დაბლოკოს ის ფინანსური დახმარება, რომელიც კიევისათვის არის დაგეგმილი“, – გამაფრთხილებლად აცხადებენ ევროკავშირის ოფიციალური პირები.
„სარეპარაციო კრედიტში“ იგულისხმება ბელგიისა და ევროპის სხვა ბანკებში გაყინული რუსეთის 300-მილიარდიანი ფინანსური აქტივების ნაწილის მიცემა უკრაინისათვის კრედიტის სახით, რომელიც რუსეთს უკან დაუბრუნდება ომის დასრულების შემდეგ. მოცულობა – 140 მილიარდი ევრო. ბელგიის მთავრობა აცხადებს, რომ რუსული ფულით სარგებლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ევროკავშირის ყველა წევრმა უნდა გადაინაწილოს.
„სარეპარაციო კრედიტის“ ევროპელი მხარდამჭერების მტკიცებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უკრაინისადმი დახმარების გაწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, დრო მიდის და ახალი კრედიტების გამოყოფა გვიანდება. თუ ბელგია თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, კიევის მდგომარეობა დამძიმდება.
უკრაინას ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტის კატასტროფული დეფიციტი აქვს და ამიტომ მოუთმენლად ელოდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსებას, რათა რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევა გააგრძელოს. კრედიტის მოცულობა 8 მილიარდ ევროს შეადგენს სამი წლის განმავლობაში. მაგრამ თავის მხრივ ფონდიც ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსული ფულის უკრაინისათვის გადაცემაზე, რასაც ბელგია აფერხებს. სწორედ ბელგიის ბანკებში ინახება რუსული აქტივების უდიდესი ნაწილი.
ევროკომისიის ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, თუ უკრაინა 140 მილიარდ ევროს მიიღებს, ეს იქნება დამარწმუნებელი ფაქტი საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის, რომ უკრაინა უახლოეს წლებში ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი იქნება.
მაგრამ გასული თვის ბოლოს, როცა უკრაინისათვის რუსული აქტივების ნაწილის – 140 მილიარდი ევროს – გადაცემა იხილებოდა, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა გარკვეული პრეტენზიები წაუყენა ევროკავშირის წევრებს.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტის მოცულობა დიდი არ არის (8 მილიარდი ევრო), მისი უკრაინისათვის მიცემა ინვესტორებისათვის იმის სიგნალს ნიშნავს, რომ ქვეყანა ფინანსურად სტაბილურია და რეფორმების გზით მიდის.
„ფონდის კრედიტი არის ორიენტირი სხვა ქვეყნებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის და კრიტერიუმი იმისა, თუ როგორ ახდენს მთავრობა სახელმწიფოს მართვას“, – თქვა ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა Politico-თან საუბარში.
ამასთან, ექსპერტები და ჩინოვნიკები ნაკლებად სანდოდ თვლიან იმ გარემოებას, რომ უკრაინა რუსეთს „სარეპარაციო კრედიტს“ უკან დაუბრუნებს.
„ბელგიის მოქმედება გამართლებულია: უკრაინა რუსულ ფულს თუ მიიღებს, მას უკან აღარ დააბრუნებს, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ბელგიას დააწვება. საერთოდ კი, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის 140 მილიარდი ევრო ძალიან კარგი გრანტი იქნება“, – განაცხადა ანონიმმა ჩინოვნიკმა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნიდან.