1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ხედვა “შუა დერეფნის” ფარგლებს მიღმა:საქართველო,სომხეთი და აზერბაიჯანი რეგიონის დაკავშირებადობას აფართოებენ”-Kuwait Times
“ხედვა “შუა დერეფნის” ფარგლებს მიღმა:საქართველო,სომხეთი და აზერბაიჯანი რეგიონის დაკავშირებადობას აფართოებენ”-Kuwait Times

“ხედვა “შუა დერეფნის” ფარგლებს მიღმა:საქართველო,სომხეთი და აზერბაიჯანი რეგიონის დაკავშირებადობას აფართოებენ”-Kuwait Times

163
0

„სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო – საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი – მიესალმნენ „შუა დერეფნის“ – ამბიციური სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ქსელის შექმნას, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ მე-5 ფორუმზე გამოსვლისას, 22 ოქტომბერს, სამივე ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, რომ „შუა დერეფნის“ შექმნა ხელს უწყობს ახალი მარშრუტებისა და შესაძლებლობების გაჩენას“, – ნათქვამია კუვეიტის გაზეთ Kuwait Times-ის 23 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ხედვა „შუა დერეფნის“ ფარგლებს მიღმა: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი რეგიონის დაკავშირებადობას აფართოებენ“ (ავტორი – პეტერ საჯეი, ბიზნეს-რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

თბილისში მაღალი დონის ფორუმის გახსნას, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურები და რეგიონების ხელმძღვანელები მონაწილეობენ, მიესალმნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები – ირაკლი კობახიძე, ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი. როგორც მასპინძელმა – ირაკლი კობახიძემ – განაცხადა, საქართველოს მიზანია განამტკიცოს ურთიერთობა და პარტნიორობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ქსელში, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად“. „შუა დერეფანი“ საიმედო, უსაფრთხო და ეფექტურ მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას და ევროპას“.

საქართველო: ხედვა რეგიონის ფარგლებს მიღმა

„საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორობა ისეთი წარმატებაა, რომელიც რეგიონის ფარგლებს მიღმაც პოზიტიურ გავლენას ახდენს. ორი მეზობელი ქვეყნის თანამშრომლობა ხელ უწყობს არამარტო რეგიონულ სტაბილურობას, არამედ უფრო ფართო სტრატეგიული მიზნების მიღწევასაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ამის სამაგალითოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აგებული ნავთობ და გაზსადენები დაასახელა. მისი თქმით, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების – ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა თანამშრომლობას კიდევ უფრო აფართოებს. „ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ რეგიონის მშვიდობაში, სტაბილურობასა და ყველა ქვეყნის აყვავება-განვითარებაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში „შუა დერეფნის“ ტვირთბრუნვა 90%-ით გაიზარდა. ამჟამად ეს მარშრუტი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ გზად ითვლება ტვირთების გადატანის თვალსაზრისით“, – ხაზი გაუსვა ირაკლი კობახიძემ.

აზერბაიჯანის მზარდი როლი

„ჩვენი მიღწევები განპირობებულია მრავალწლიანი მეგობრობით და სტრატეგიული თანამშრომლობით“, – თქვა აზერბაიჯანის პრემიერმა ალი ასადოვმა თავისი გამოსვლის დროს. „აზერბაიჯანმა და საქართველომ საიმედო პარტნიორის სახელი დაიმსახურეს ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში. „შუა დერეფანი“ საკვანძო კომპონენტად რჩება ჩვენი მოქმედების დღის წესრიგში, მას უდიდესი პოტენციალი აქვს“, – ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა და დააკონკრეტა: „შუა დერეფნის გასწვრივ ახალი გზები და მარშრუტები ჩნდება, მაგალითად, აზერბაიჯანისა და მისი ნაწილის – ნახჭევნის ავტონომიასთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც რეგიონთაშორის ტრანზიტს უზრუნველყოფს. უნდა ვეცადოთ, რომ ამ სიკეთით მაქსიმალური მოგება მივიღოთ“.

სომხეთი: მშვიდობა და ეკონომიკური პერსპექტივები

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობა ჩვენს ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, – „აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას ვთქვი, რომ არსებობს უხილავი ფაქტორი, რომელმაც მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყო – მზადყოფნა თანამშრომლობისათვის, რაც მომგებიანია რეგიონის ყველა ქვეყნისათვის. წარსულში არსებული კონფლიქტებისა და მტრობის ფონზე, ჩვენთვის სამაგალითოა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული და მტკიცე ურთიერთობა, რომელიც მომავლის რწმენას და მოტივაციას გვინერგავს“.

ფორუმის ძირითადი მომენტები

ორდღიან ფორუმზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პატრონაჟით და მასპინძლობით მიმდინარეობს, მრავალი მაღალჩინოსანი პოლიტიკური ლიდერი შეიკრიბა, საქმიანი წრეების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩათვლით. დისკუსიებზე მსჯელობენ ახალ შესაძლებლობებზე ციფრულ ეკონომიკაში, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საინვესტიციო პარტნიორობაზე. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ფორუმში მონაწილეობს 2200 დელეგატი 70 ქვეყნიდან.

პარალელურ სესიებზე განიხილება საკვანძო რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, შავი ზღვის კაბელის ჩადება დ ა.შ. „საქართველოს ისტორიული მისია იმით გამოიხატება, რომ ქვეყანა ხელს უწყობს „შუა დერეფნის“ მუშაობას და ემსახურება სატრანსპორტო კვანძის შექმნას, რომელიც ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს“, – ამბობს ქართველი ჟურნალისტი ნინი ნიკოლეიშვილი, – „ეს მარშრუტი გადის რუსეთის გვერდის ავლით და სასიცოცხლოდ არის აუცილებელი საქართველოსათვის, მისი ეკონომიკის პერსპექტიული განვითარებისათვის“. (…)

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის, მისი მზარდი შესაძლებლობები ფინანსურ ტექნოლოგიებში ერთ-ერთი აქტიური თემაა განხილვისათვის, რათა რეგიონულ ფინანსურ ინტეგრაციას და ციფრულ ტრანსფორმაციას სტიმული მიეცეს.

„აბრეშუმის გზის“ თბილისის ფორუმის სტარტი 2025 წელს განხორციელდა და ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფორუმი საერთაშორისო პლატფორმად გადაიქცა  ვაჭრობის, ტექნოლოგიებისა და მდგრადი განვითარების საკითხებში. ამ ღონისძიებამ განამტკიცა საქართველოს როგორ ქვეყნების ერთმანეთთან დამაკავშირებელი როლი საერთაშორისო სატრანსპორტო და ციფრულ ლანდშაფტში.

 

წყარო: