1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვოლოდიმირ ზელენსკი – მრავალი თვალსაზრისით, დღეს საქართველო დაკარგულია ევროპისთვის, შესაძლოა, ერთ დღესაც ის დაბრუნდეს, მაგრამ ამისთვის ევროპამ არ უნდა დახუჭოს იქ თვალი
ვოლოდიმირ ზელენსკი – მრავალი თვალსაზრისით, დღეს საქართველო დაკარგულია ევროპისთვის, შესაძლოა, ერთ დღესაც ის დაბრუნდეს, მაგრამ ამისთვის ევროპამ არ უნდა დახუჭოს იქ თვალი

ვოლოდიმირ ზელენსკი – მრავალი თვალსაზრისით, დღეს საქართველო დაკარგულია ევროპისთვის, შესაძლოა, ერთ დღესაც ის დაბრუნდეს, მაგრამ ამისთვის ევროპამ არ უნდა დახუჭოს იქ თვალი

141
0

დღეს ჩვენ ვულოცავთ მოლდოვას. არჩევნებში გაიმარჯვა ევროპის იდეამ – ნორმალური და სტაბილური ეროვნული განვითარების იდეამ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეორეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის დივერსიული გავლენა ევროპაში უფრო შორს არ გავრცელდება.

„დღეს დილით ვესაუბრე მაია სანდუს, მივულოცე მას. რუსეთმა ვერ შეძლო მოლდოვის დესტაბილიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი რესურსები დახარჯა მისთვის ძირის გამოსათხრელად და მოესყიდა ყველა, ვინც კი შეეძლო. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში ეს გამარჯვება უკრაინის და მოლდოვის განცალკევების გარეშე მოხდა. უკრაინა აბსოლუტურად მართალი იყო ამ საკითხში და მადლობას ვუხდით, პირველ ყოვლისა, პოლონეთს მხარდაჭერისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი ოლიგარქი, რომელსაც ეს ქვეყანა და მთელი ჩვენი რეგიონი თავისი ბინძური სქემების ჩრდილში ჰყავდა, საბოლოოდ ექსტრადირებული იქნა მოლდოვაში. მართლმსაჯულებისა და ევროპული თანამშრომლობის ეს აქტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ ევროპაში ყველასთვის, რადგან ყველამ, ვინც საკუთარი ერის წინააღმდეგ მუშაობს, ერთ დღეს პასუხი უნდა აგოს. ეს ეხება ყველას, ვინც ომს ირჩევს და რუსეთის მხარესაა – ოლიგარქებიდან და პოლიტიკოსებიდან დაწყებული, მოსკოვთან ნებისმიერი სხვა კოლაბორანტით დამთავრებული.

და ჩვენ ვხედავთ, რამდენად განსხვავდება ეს ვითარება საქართველოსგან. დღეს საქართველო, მრავალი თვალსაზრისით, დაკარგულია ევროპისთვის. შესაძლოა, ერთ დღესაც ის დაბრუნდეს, მაგრამ ამისთვის ევროპამ არ უნდა დახუჭოს თვალი იქ და ასევე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე. რუსეთისთვის ჩვენს რეგიონში ყოველი მოგება ყოველთვის ევროპისთვის დანაკარგია. სწორედ ამიტომ არ შეგვიძლია, დავკარგოთ არც ერთი დღე ან არც ერთი ქვეყანა. მოლდოვის არჩევნების შემდეგ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოლდოვის მხარდაჭერა. არჩევნების შემდეგ ყველაზე რთული ამოცანაა ამომრჩევლის მოლოდინების დაკმაყოფილება. ევროპას შეუძლია და უნდა დაეხმაროს მოლდოვას ამაში – ჩვენი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე“, – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ანალოგიური განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა 24 სექტემბერს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზეც. ზელენსკიმ განაცხადა: „ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება, ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას, მოლდოვაც დაკარგოს“.