
ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
მანამდე, დაცვის მხარემ მოითხოვა მოსამართლის, ფიქრია სიქტურაშვილის აცილება. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულმა მოსამართლემ გასცა ხაბეიშვილის დაკავებაზე განჩინება და საკუთარი პოზიცია უკვე გამჟღავნებული ჰქონდა. მოსამართლის აცილების შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. ასევე, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პარალელურად, სასამართლოსთან შეკრებილი არიან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავა. დღეს კი საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ხაბეიშვილს კიდევ ერთი მუხლით წარედგინა ბრალი, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.