1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კრემლი და თეთრი სახლი პუტინისა და ტრამპის შეხვედრისათვის ემზადებიან: სამი მნიშვნელოვანი საკითხი ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება” -BBC
“კრემლი და თეთრი სახლი პუტინისა და ტრამპის შეხვედრისათვის ემზადებიან: სამი მნიშვნელოვანი საკითხი ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება” -BBC

“კრემლი და თეთრი სახლი პუტინისა და ტრამპის შეხვედრისათვის ემზადებიან: სამი მნიშვნელოვანი საკითხი ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება” -BBC

126
0

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ “ბიბისიმ” (BBC) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით: “კრემლი და თეთრი სახლი პუტინისა და ტრამპის შეხვედრისათვის ემზადებიან: სამი მნიშვნელოვანი საკითხი ჯერ-ჯერობით პასუხის გარეშე რჩება”. პუბლიკაციაში განხილულია აშშ-სა და რუსეთის ლიდერების მომავალ სამიტთან დაკავშირებული საკითხები.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

მოსკოვმა და ვაშინგტონმა დაადასტურეს, რომ კრემლში გამართული მოლაპარაკების შედეგად ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან. როგორც კრემლში განაცხადეს, სამიტის ადგილი უკვე შერჩეულია, მაგრამ ჯერ ჯერობით საიდუმლოდ რჩება. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ შეხვედრის დროს, ის დაზუსტებული არ არის, თუ მომავალი კვირის რომელ დღეს გაიმართება. ასევე გაურკვეველია მესამე მნიშვნელოვანი საკითხიც – ვინ იყო სამიტის ინიციატორი?

როდის?

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლის სტივ უიტკოფის მოლაპარაკების შემდეგ გამოცხადდა მისი მთავარი შედეგი – ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან, პირველად ომის დაწყებიდან.

ჯერჯერობით რამდენი დღე დასჭირდება სამიტის მომზადებას, ამის თქმა ძნელია, მაგრამ შეხვედრა დაგეგმილია და ის, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს. რა თქმა უნდა, ასეთ მოკლე დროში ესოდენ მნიშვნელოვანი შეხვედრის მომზადება რთული იქნება.

“სიენენ”-ის ცნობით, თეთრ სახლში დაუყოვნებლივ შეუდგნენ შეხვედრის მომზადებას. დონალდ ტრამპმა თავის გუნდს სწრაფი მოქმედებისაკენ მოუწოდა.

სად?

სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დროს მხარეები თითქოსდა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილზეც შეთანხმდნენ, მაგრამ საზოგადოებისათვის ჯერჯერობით უცნობი რჩება. იყო ვარაუდები თურქეთის თაობაზე – ან ანკარა, ან სტამბოლი – მით უმეტეს, რომ პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს არაერთხელ აქვს შეთავაზებული თავისი ქვეყნის ტერიტორია სამიტის ადგილად.

თუმცა თუ იმ ინფორმაციის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა 7 აგვისტოს კრემლში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი მიიღო და ჟურნალისტებმა მას სამიტის ადგილის მინიშნება სთხოვეს, შეიძლება ან დუბაი იყოს, ან აბუ-დაბი. ვლადიმერ პუტინმა საიდუმლო არ გასცა: “ჩვენ ბევრი მეგობრები გვყავს, რომლებიც მსგავსი ღონისძიების ორგანიზებაში გვეხმარებიან. ერთ-ერთი მეგობარია არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტიც. ვფიქრობთ, რომ საემიროები სრულიად ნორმალური ადგილი შეიძლება იყოს შეხვედრისათვის, მაგრამ ზუსტად არ გეტყვით”, – თქვა რუსეთის ლიდერმა.

იმავდროულად ამერიკულმა “სიენენ”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამიტის გამართვის ადგილი ჯერ საბოლოოდ შერჩეული არ არის და რომ თეთრი სახლის მონაცემებით, რამდენიმე ვარიანტი განიხილება.

ვისი წინადადებაა?

არის კიდევ მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უპასუხოდ რჩება: რომელმა მხარემ წამოაყენა პირველმა წინადადება პრეზიდენტების სამიტის თაობაზე? კრემლი და თეთრი სახლი ერთმანეთზე უთითებენ.

“რუსებმა სურვილი გამოხატეს, რომ პრეზიდენტ ტრამპს შეხვედროდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი პრეზიდენტი ღიაა შეხვედრებისათვის როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც. პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ ეს საშინელი ომი სწრაფად დასრულდეს”, – განაცხადა ქეროლაინ ლევითმა, თეთრი სახლის პრეს-მდივნმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის მტკიცებით კი, სამიტის წინადადება ამერიკელებისაგან წამოვიდა: „ამერიკული მხარის წინადადებით შეთანხმდა საკითხი უახლოეს დღეებში უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრის გამართვის თაობაზე”, – თქვა მან.

თვითონ ვლადიმერ პუტინმა თავი აარიდა ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხს – თუ რომელი მხარე იყო სამიტის ინიციატორი: „დაინტერესება ორივე მხარემ გამოხატა. თქვენ თვითონაც ხვდებით, რომ ვინ თქვა პირველი სიტყვა, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს“, – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ზელენსკი სადღაა?

მოსკოვში მკაფიო პასუხი გასცეს ვაშინგტონის წინადადებას, რომ პუტინ-ტრამპის ორმხრივი სამიტის შემდეგ სამმხრივიც – პუტინ-ტრამპ-ზელენსკის სამიტიც გამართულიყო.

“რაც შეეხება სამმხრივი შეხვედრის ვარიანტს, რომლის შესახებაც ვაშინგტონმა რატომღაც დაიწყო ლაპარაკი… სხვათა შორის, ეს სტივ უიტკოფმაც წამოაყენა, მაგრამ მას გაგრძელება არ მოჰყოლია. რუსეთის მხარე ამ საკითხს კომენტარის გარეშე ტოვებს”, – თქვა იური უშაკოვმა.

“და ზელენსკის საქმე როგორ იქნება? მას ვინმე შეხვდება?, – ჰკითხეს ჟურნალისტებმა პუტინს. მან კატეგორიულად გამორიცხა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა უახლოეს მომავალში: “მე უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს პრინციპში შესაძლებელია და მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ ამისათვის ჯერ განსაზღვრული პირობები უნდა შეიქმნას. აი, ასეთი პირობების შექმნამდე კი, სამწუხაროდ, საკმაოდ შორს ვართ”, – თქვა პუტინმა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ გამოუხატავს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის სურვილი, თუმცა მთავარ პირობად უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ კრემლს დღემდე ცეცხლის შეწყვეტაზე საბოლოოდ უარი არ უთქვამს.

რას მოითხოვს რუსეთი?

იქნება თუ არა პუტინისა და ტრამპის შეხვედრის დროს განხილული ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიული დათმობის საკითხი, მხარეებს ჯერჯერობით არ გამოუცხადებიათ.

თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უიტკოფ-პუტინის შეხვედრის შემდეგ ტელეარხ Fox Business-ის ეთერში განაცხადა, რომ კრემლში მოლაპარაკების დროს რუსეთის მოთხოვნებზეც იმსჯელეს.

“ვფიქრობ, ახლა ჩვენ უფრო მკაფიოდ ვაცნობიერებთ იმ პირობებს, რომლის დროსაც რუსეთი მზად იქნება ომის დამთავრებისათვის… ჩვენ ეს პირობები უნდა შევადაროთ იმას, თუ რისთვის არიან მზად როგორც უკრაინელები, ასევე ჩვენი ევროპელი მოკავშირეები. რა თქმა უნდა, უპირველესად ეს ეხება თვითონ უკრაინელებს. ჩვენ უნდა შევეცადოთ გავიგოთ: რამდენად შეიძლება მათი პოზიციების დაახლოება? როგორ შეიძლება ისინი ერთმანეთს მივუახლოოთ?”.

“შესაძლოა, ახალი ადმინისტრაციის დროს პირველად გვეძლევა კონკრეტული შესაძლებლობა და მაგალითები იმისა, თუ რის მოთხოვნა შეუძლია რუსეთს ომის შესაწყვეტად ამჟამინდელ სიტუაციაში”, – დაამატა მარკო რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ გაჩნდება, „თუ უკრაინისთვის მისაღები წინადადებები და ის პირობები, რომლებზეც რუსეთი დათანხმდება, ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იქნება”.

“რასაკვირველია, ამ შემთხვევაში საბოლოო სიტყვა უკრაინამ უნდა თქვას, – ხაზი გაუსვა მარკო რუბიომ, – მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ მხარეთა პოზიციების დაახლოებას იმდენად, რომ მთავარმა მომლაპარაკებელმა – პრეზიდენტმა ტრამპმა – საქმის ბოლომდე მიყვანა შეძლოს”.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, როცა მან ფრიდრიხ მერცთან და ემანუელ მაკრონთან ისაუბრა, განაცხადა, რომ რუსეთს დღემდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე, მზად არის თუ არა მოსკოვი ცეცხლის შესაწყვეტად:
“აუცილებელია ცეცხლის რეალური შეწყვეტა. უკრაინა მზად არის, რუსეთისაგან კი მკაფიო პასუხი ჯერ არ ჩანს. ამიტომაც ბოლო დღეებმა უნდა გვაჩვენონ, როგორი იქნება შედეგები, თუ რუსეთი ომს გააჭიანურებს და კონსტრუქციულ ძალისხმევას ჩაშლის” (მხედველობაშია სიტუაცია დონალდ ტრამპის 10-დღიანი ულტიმატუმის დასრულების შემდგომ).

თუ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება, ეს იქნება პირველი სამიტი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის 2021 წლიდან, როცა ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს შეხვდა ჟენევაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: