1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპმა რუს „ქორს“ „ბირთვული მატყუარა“ უწოდა – The Daily Telegraph
დონალდ ტრამპმა რუს „ქორს“ „ბირთვული მატყუარა“ უწოდა – The Daily Telegraph

დონალდ ტრამპმა რუს „ქორს“ „ბირთვული მატყუარა“ უწოდა – The Daily Telegraph

226
0

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა რუს „ქორს“ „ბირთვული მატყუარა“ უწოდა“ (ავტორი – ენდრიუ ბლომფილდი), რომელშიც რუსეთის ექს-პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების ფონზე კრემლისა და თეთრი სახლის ურთიერთდამოკიდებულებაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩვეულებრივ, როცა აშშ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, ვლადიმერ პუტინი სწრაფ რეაგირებას ახდენს იგივე ფორმებითა და მეთოდებით: სანქციებით – სანქციებზე, აკრძალვებით  – აკრძალვებზე, გაძევებით – გაძევებებზე. „პროპორციული ნაცვალგება“ და „სიმეტრიული პასუხები“ – კრემლის ლექსიკონის ძირითადი ელემენტებია, რომლებსაც ტრადიციულად თან სდევს რუსული ოფიციოზის აღშფოთებები, შეურაცხმყოფელი შეძახილები და ვაშინგტონის „პროვოკაციული მოქმედების“ დაგმობები.

მაგრამ მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს დონალდ ტრამპმა ორი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი რუსეთის ნაპირების ახლოს გაგზავნა – ეს აშშ-ის პრეზიდენტის უჩვეულო დრამატული ნაბიჯია, რომელიც სერიოზული გეოპოლიტიკური კრიზისის სიგნალს იძლევა –  ვლადიმერ პუტინი რატომღაც საეჭვო დუმილს ინარჩუნებს. არადა, იგი მსგავს მოქმედებას მყისვე პასუხობს ხოლმე.

თვითონ განსაჯეთ: ვლადიმერ პუტინს რომ „პროპორციული ნაცვალგების“ დოქტრინით ეხელმძღვანელა, რუსეთის წყალქვეშა ნავებიც ახლა აშშ-ის ნაპირებთან ახლოს იქნებოდნენ და მსოფლიო სუნთქვაშეკრული მიადევნებდა თვალს მოვლენებს, ისევე როგორც „კარიბის კრიზისის“ დროს. ამის ნაცვლად კრემლმა თავისი მოქმედებით აჩვენა ის, რომ მისტერ ტრამპის ნაბიჯი განპირობებულია არა იმდენად აშშ-ის ბირთვული პოზიციის შეცვლით, არამედ სამხედრო თეატრის მდგომარეობით – უკრაინასთან დაკავშირებით.

ვლადიმერ პუტინი იმ თამაშს თამაშობს, რომელიც ძალიან კარგად არის ცნობილი რუსებისათვის. კრემლი ბირთვულ მუქარებზე ჯერ კიდევ უკრაინასთან ომის დაწყებამდე ლაპარაკობდა და არავინ ისე ხმამაღლა არ ამბობდა, ამას როგორც დიმიტრი მედვედევი, პუტინის კარის ხუმარა და მთავარი „მეომარი“ სოციალურ ქსელებში.

ამ კვირაში დიმიტრი მედვედევმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი იყო 2008-2012, ხოლო პრემიერ-მინისტრი – 2012-2020 წლებში, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ 10-დღიან ვადას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე „ომისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა და ტრამპი გააფრთხილა, რომ „რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს ბოლო საშუალების სახით“.

სწორედ ეს სიტყვიერი შეხლა-შემოხლა გახდა დონალდ ტრამპის ბრძანების მიზეზი, რომ ამერიკული წყალქვეშა ნავები რუსეთის ნაპირებს მიახლოვებულიყვნენ. ამ მოქმედებით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის ბლეფი ამხილა და სრულებით გამართლებულად, თუ კრემლის დუმილს გავითვალისწინებთ: ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, საპასუხო იგივე დონის მოქმედებისაგან თავს იკავებს. რასაკვირველია, კრემლის კომენტატორებმა რუსეთის მასმედიაში ერთი ამბავი ატეხეს, თუმცა მათი წიოკის ფონზე ტრამპის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა არ დაუკარგავს.

როცა 2008 წელს დემიტრი მედვედევმა პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინი შეცვალა, ევროპელი ოპტიმისტები მას პროდასავლურ რეფორმატორს უწოდებდნენ, ხოლო თვითონ იგი საკუთარ თავს ტექნოლოგიების მოყვარულ მოდერნიზატორად და მოქალაქეთა უფლებების დამცველად პოზიციონირებდა.

მაგრამ სინამდვილეში დიმიტრი მედვედევი არასოდეს არ ყოფილა არც რუსეთის მოქალაქეთა საშუალო კლასის დამცველი და მით უმეტეს, არც დასავლეთზე ორიენტირებული, როგორსაც იგი თავის თავს წარადგენდა. ამის ნაცვლად იგი აღმოჩნდა მხოლოდ საშუალო დონის პიროვნება, რომელიც პუტინს საკონსტიტუციო მანევრის განხორციელებაში დაეხმარა – პრეზიდენტობის საათის ისრები ერთი ვადით წინ გადასწია.

თავის დროზე რიგითმა რუსმა მოქალაქეებმა ეს სპექტაკლი ნიკოლაი გოგოლის პიესას „რევიზორს“ შეადარეს, სადაც „გაიძვერა აფერისტი“ [ივან ხლესტაკოვი] თავის თავს გავლენიან ჩინოვნიკად ასაღებს. როგორი ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმერ პუტინის გათამაშება, რუსებმა იმ დროს ეს სატყუარა „გადაყლაპეს“.

ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ დიმიტრი მედვედევმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, თუმცა ყურადღების მიზიდვას კვლავ ცდილობდა. იმავდროულად სულ უფრო ემსგავსებოდა ყოყოჩ კარიკატურულ პიროვნებას, რომელსაც სერიოზულად არავინ უყურებდა.

გასულ წელს ერთ-ერთმა დასავლურმა ანტიკრემლურმა საიტმა The Insider-მა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ დიმიტრი მედვედევის ყველაზე „გიჟური პოსტები“ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც მან იტალიაში (ტოსკანაში) არსებული თავისი ვენახებიდან წითელი ღვინო მიიღო.

ხმები ექს-პრეზიდენტის ლოთობაზე თითქმის ათი წლის წინ გავრცელდა და სულ უფრო ხშირი ხდებოდა კიეველი „ნაბიჭვრებისა და დეგენერატების“ მიმართ. გაჩნდა ვიდეოკადრებიც, რომლებშიც დიმიტრი მედვედევი ოფიციალურ ღონისძიებებზე თვლემდა.

შესაძლოა ალკოჰოლის ხშირი მოხმარებით ნაწილობრივ აიხსნას იმ პოლიტიკოსის ტრანსფორმაცია, რომელსაც ოდესღაც დასავლეთი ელოლიავებოდა და რომელიც ახლა დასავლელ ლიდერებს „ღრუტუნა ღორებს“ უწოდებს. თუმცა, ალბათ, უფრო სავარაუდო ისაა, რომ მას, უბრალოდ ყურადღების მიპყრობა სურს. ახლაც დიმიტრი მედვედევმა დონალდ ტრამპის ყურადღება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ყოფილ ლიდერს „შეუმდგარ ადამიანს“ უწოდებს.

ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავების მანევრების რეალურ მიზანს, როგორც ჩანს, უფრო ვლადიმერ პუტინის რეაქციის გაგება წარმოადგენს (იმ ადამიანისა, რომლითაც ტრამპი ჯერ აღტაცებას გამოხატავდა, შემდეგ კი იმედი გაუცრუვდა), ვიდრე დიმიტრი მედვედევის გამოხტომისადმი პასუხის გაცემა.

დონალდ ტრამპის 10-დღიან ულტიმატუმს ვადა 8 აგვისტოს გასდის, ანუ სიტუაცია ფინალს უახლოვდება: ან რუსეთი უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვაზე, ან სანქციები დაწესდება და ტარიფები მომატებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ (რუსეთის შემოსავლების შემცირების მიზნით).

ვლადიმერ პუტინი ჯერ-ჯერობით აუღელვებელი და მშვიდია. იგი, ალბათ, თვლის, რომ ვაშინგტონი მეორად სანქციებს არ დააწესებს და ენერგომატარებლების ექსპორტზე დამოკიდებული რუსული ეკონომიკა არ დაზარალდება – იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ დონალდ ტრამპსაც დიპლომატიური ზიანი მიადგება ინდოეთისგან და სხვა ქვეყნებისაგან.

ასეა თუ ისე, წყალქვეშა ნავების გადაადგილება ვლადიმერ პუტინზე ზეწოლად უნდა ჩავთვალოთ. თუმცა ამ შემთხვევაში, კრემლის დუმილის შუქზე, თეთრი სახლის მოქმედება არა იმდენად ტრიუმფად გამოიყურება, რამდენადაც იმის დადასტურებად, რომ პუტინს თვალიც კი არ დაუხამხამებია. ჯერ-ჯერობით.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ