1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინამ 50 დღე უნდა გაუძლოს, რაც ყველაზე ძნელი იქნება ომის დაწყებიდან”-Asia Times
“უკრაინამ 50 დღე უნდა გაუძლოს, რაც ყველაზე ძნელი იქნება ომის დაწყებიდან”-Asia Times

“უკრაინამ 50 დღე უნდა გაუძლოს, რაც ყველაზე ძნელი იქნება ომის დაწყებიდან”-Asia Times

64
0

„50-დღიან ვადას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს მისცა ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თანხმობისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უკრაინის ფარგლებს მიღმაც, ქვეყნიდან საკმაოდ შორს“, – ნათქვამია კანადის გაზეთ „ეიჟა თაიმსში“ (Asia Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: “უკრაინამ 50 დღე უნდა გაუძლოს, რაც ყველაზე ძნელი იქნება ომის დაწყებიდან” (ავტორი – ბენჯამინ სტიუარტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

კარგად მაქვს წარმოდგენილი, თუ ხანგრძლივია 50-დღიანი ვადა. უკრაინაში, ფრონტის ხაზზე, 2022 წლის ზაფხულში, საკმაო დრო გავატარე. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჯერ კიდევ არ დაფრინავდნენ ცაში კამიკაძე-დრონები და ორივე მხარის ჯარისკაცები ერთმანეთთან პირისპირ იბრძოდნენ. არცერთი მხარე არ ფიქრობდა, რომ ომი ერთმანეთის გამოფიტვამდე იწარმოებდა.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თავის გადარჩენა უფრო რთული გახდა. დღევანდელი ბრძოლის ველი სრულიად აღარ არის ისეთი, როგორიც მე ვნახე. ის უფრო მეტად სიკვდილის მთესველი გახდა, კიდევ უფრო დაუნდობელი და საბოლოოდ გაქრა ყოველგვარი ილუზია მისი ზავით დასრულებაზე.
დონალდ ტრამპს ვაქებ იმისათვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საბოლოოდ გააცნობიერა ის, რაც ბევრმა ჩვენთაგანმა მხოლოდ საკუთარი მწარე გამოცდილებით გაითავისა: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება და შეთანხმება შეუძლებელია. იყო დრო, რომ მოლაპარაკებისა მეც მჯეროდა. სამწუხაროდ, თურმე ვცდებოდი. რუსეთისათვის ეს კონფლიქტი გადამწყვეტია – ან შენ მოკლავ, ან ის მოგკლავს. კრემლისთვის უკრაინის მიზერული წარმატებაც კი მიუღებელ დანაკარგს ნიშნავს. კრემლის ასეთი მიდგომა გამორიცხავს რაიმე კომპრომისს და პრაქტიკულად ესკალაციას გარანტს წარმოადგენს. მოსკოვისათვის ეს ომი უკვე აღარ არის ტერიტორიის დაკავებისა და კულტურული გავლენის სფეროს დაცვა. ეს ომი არის რუსეთის რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობის, მისი გადარჩენის გამოცდა.
საზაფხულო კამპანია უკრაინისათვის არასახარბიელოდ ვითარდება. რუსეთის ჯარებმა ერთგვარი დერეფანი გაჭრეს დასავლეთისაკენ და ქალაქ კრასნოარმეისკის (პოკროვსკის) სრულ ალყაში მოქცევამდე მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრიღა რჩება. და თუ რუსები ამ ქალაქს დაიკავებენ, კონსტანტინოვკასაც, სლავიანსკს და კრამატორსკსაც იგივე ბედი ელოდება.

ჩრდილოეთით მნიშვნელოვან სამიზნედ ითვლება ქალაქი კუპიანსკი, რომელზეც სასიცოცხლო არტერიები გადის ლუგანსკისა და ხარკოვის ფრონტების მომარაგებისათვის. სანამ შემოდგომის წვიმები არ დაწყებულა (სექტემბრის მეორე ნახევარში), რუსებს მანამ სურთ კუპიანსკის დაკავება, რომელსაც ტაქტიკური ფასის გარდა, დიდი პროპაგანდისტული მნიშვნელობაც აქვს.

გაუძლებენ უკრაინელები რუსული ჯარის შეტევებს? ამის მტკიცედ თქმა ძნელია, რადგან უკრაინის არმიას ბევრი პრობლემა აქვს. თავი რომ დავანებოთ საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის მუდმივ დეფიციტს, ჯარები საკადრო შიმშილსაც განიცდიან. ვოლოდიმირ ზელენსკი – როგორც პრეზიდენტი და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, არმიაში ძველებურად პოპულარულია და საზოგადოებრივი მხარდაჭერაც ჯარებს ისევ აქვთ, მაგრამ… ისიც ფაქტია, რომ ჯარში სამსახური ნებაყოფლობით არავის აღარ სურს, მოხალისეები თითქმის აღარ არიან. სამაგიეროდ, პერმანენტულად იზრდება დეზერტირების და ჯარში სამსახურის უარმყოფელთა რაოდენობა.

იმავდროულად უკრაინის არმია სულ უფრო აშკარად ხდება უცხოელ მოხალისეებზე დამოკიდებული, განსაკუთრებით ლათინური ამერიკიდან. სულ უფრო ხშირია ფრონტიდან მოსული ისეთი ცნობები, რომლებიც ბრაზილიელებისა და კოლუმბიელების სიკვდილს იუწყებიან – უფრო ხშირად, ვიდრე ეს ევროპელ და ამერიკელ მოხალისეების მიმართ ხდება.

მარტივი გამოსავალი სიტუაციიდან არ ჩანს. თუ დასავლეთი მოსკოვზე ეკონომიკურ ზეწოლას არ მოახდენს, რუსული სამხედრო ეკონომიკა ისეთი ტემპით მუშაობს და იმდენ იარაღს აწარმოებს, რომ ომი 2025 წლის ბოლომდე არ დასრულდება. 50-დღიანი „ფანჯრის“ დასრულების შემდეგ რუსეთს და მის მხარდამჭერ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ პროდუქციას ყიდულობენ, მკაცრი სანქციები ემუქრებათ. ტკბილი სიტყვების დრო უკვე დიდი ხანია წავიდა.

მომდევნო 50 დღე შეიძლება ყველაზე მძიმე იყოს საომარი მოქმედებების დაწყებიდან: წინ არის სასანგრო მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, როცა მებრძოლები დრონების უწყვეტი თვალ-თვალის არეალში იმყოფებიან, როცა დაჭრილი ჯარისკაცების საევაკუაციოდ რამდენიმე დღიანი ლოდინია საჭირო, ხოლო იმ ქალაქებს, სადაც ჰოსპიტლებია განლაგებული, ციდან სიკვდილის მთესველი რაკეტები აცვივათ თავზე.

კიევი, რომელიც გარეგნულად თითქოსდა ჩვეულებრივ ევროპულ ქალაქს ჰგავს, ფაქტიურად, ალყაში რჩება. ახლა მთავარია, ამოცანების და მიზნების მკაფიოდ გაგება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დონალდ ტრამპი – ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით მაინც – სიტუაციას ობიექტურად ხედავს და არა ისე, როგორც მას სურს
ომი იმის თვალსაჩინო მაგალითად იქცა, თუ როგორ რეაგირებას ახდენს დემოკრატია ეგზისტენციალურ მუქარებზე ხელისუფლების ცვლილების დროს. ვთქვათ, დემოკრატიული ტაივანისათვის ამგვარი მდგომარეობა თავის გადარჩენის გაკვეთილად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ რიგი სახელმწიფოებისათვის – დესპოტური რეჟიმების დამყარების მიზეზად, რაც ხშირად ხდება ლათინური ამერიკისა და აზია-აფრიკის ქვეყნებში..
თუ უკრაინა კრახის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება პოლიტიკური შეცდომის გამო, რომელიც ხელისუფლების გადაცემასთან იქნება დაკავშირებული, პეკინი აუცილებლად მიიღებს ამას მხედველობაში. ტაივანის ბედი შეიძლება დამოკიდებული გახდეს არა მარტო საომარ მზადყოფნაზე, არამედ იმაზეც – შეძლებს თუ არა თავისუფალი სამყარო დემოკრატიული ქვეყნის დაცვას დიქტატორული მეზობლისაგან.
უკრაინამ თავდაცვა უნდა შეძლოს. თუ უკრაინა მედგრად დადგება, მას შეუძლია არამარტო სიტუაციის გარდატეხა დონბასში, არამედ ისიც, რომ დასავლეთს ახალი მორალური და სტრატეგიული ორიენტირების მაგალითები მისცეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: