
“მიძინებული საერთო ინტერესების “გაღვიძება” – მაკრონ-პუტინის სატელეფონო საუბარი სამწლიანი დუმილის შემდეგ”- Le Parisien
„სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსმა და ფრანგმა პრეზიდენტმა ერთმანეთთან უკანასკნელად ისაუბრეს – უკრაინის ომმა კრემლი და ელისეის სასახლე დააშორა, თუმცა ამ დღეებში მოხდა მოულოდნელი კონტაქტი: ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა კვლავ მოიმარჯვეს ტელეფონები და ორი საათის განმავლობაში რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობისა და მსოფლიოს პრობლემებს იხილავდნენ.
დღის წესრიგის ცენტრში, რა თქმა უნდა, უკრაინისა და ირანთან დაკავშირებული პრობლემატიკა იყო“, – ნათქვამია ფრანგული გაზეთის „ლე პაღიზიენის“ (Le Parisien) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მიძინებული საერთო ინტერესების „გაღვიძება“ – მაკრონ-პუტინის სატელეფონო საუბარი სამწლიანი დუმილის შემდეგ“ (ავტორი – ანრი ვერნე).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
თუ გავიხსენებთ ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის წინა საუბრის თარიღს – 2022 წლის 11 სექტემბერს, იოლად მივხვდებით, რომ ფრანგი პრეზიდენტი იყო ბოლო დასავლელი ლიდერი მათ შორის, რომლებსაც კრემლთან კონტაქტი უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგაც ჰქონდათ, რისთვისაც ემანუელ მაკრონს თავისი ევროპელი [დასავლელი] კოლეგები ხშირად აკრიტიკებდნენ. შემდეგ იმის ილუზიები, რომ შეეძლო სიტუაციაზე გავლენა მოეხდინა, მაკრონს თანდათან გაუქრა. „თუმცა მოსკოვსა და პარიზს შორის ტრადიციული კავშირები საბოლოოდ მაინც არ გაწყვეტილა“, – აღნიშნავს საინფორმაციო წყარო ელისეის სასახლიდან.
„ცივი ომი“ რუსულ-ფრანგულად
რასაკვირველია, რუსულ-ფრანგული დიპლომატია ძველებურად აქტიური აღარ იყო – შეხვედრები, ვიზიტები, მოლაპარაკებები და სხვა სახის კონტაქტები მინიმუმადე შემცირდა და ასე გრძელდებოდა თითქმის სამი წელი – ცივი ფრანგულ-რუსული ურთიერთობა ცხელი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რომლის დროსაც საფრანგეთი უკრაინის მხარდამჭერად და რუსეთის მოწინააღმდეგედ გამოდიოდა (გამოდის). იგივე ხდებოდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაშიც რუსეთთან მიმართებით ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, მაგრამ როცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდა, მან ურთიერთობა ისე განაახლა ვლადიმერ პუტინთან, რომ ევროპელი ლიდერებისათვის, მათ შორის ემანუელ მაკრონისათვის, არაფერი უკითხავს, ანუ ევროპა გვერდზე დატოვა. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტი ხშირად იმეორებდა, რომ რუს კოლეგასთან კონტაქტებს მაშინ აღადგენდა, როცა შესაფერისი სიტუაცია შეიქმნებოდა.
კრემლი გარეგნულად თავშეკავებას იჩენდა, მაგრამ როგორც წყაროები აღნიშნავენ ფრანგი ლიდერის გარემოცვიდან, მოსკოვი ფარულ მინიშნებებს აკეთებდა ურთიერთობის რეანიმაციისათვის. მოკლედ, ორივე ლიდერი „დაინტერესებული“ იყო პირდაპირი კონტაქტების გასაახლებლად.
„დათბობის“ მიზანი – პრობლემების მოგვარება დიპლომატიით
ელისეის სასახლეში დააზუსტეს, რომ პრეზიდენტების საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რაც ძალიან ხანგრძლივია დიპლომატიური ტრადიციის გათვალისწინებით, თუნდაც საუბრის თარგმანის დროის ჩათვლით. მთავარი ყუადღება, რა თქმა უნდა, უკრაინას დაეთმო. ლიდერები ასევე შეეხნენ ირანის ბირთვულ პროგრამას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსკოვისა და თეირანის ახლო კავშირების გათვალისწინებით. ამბობენ, რომ ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან საუბარი მაშინ გადაწყვიტა, როცა იგი ჯერ გაეროს ატომური სააგენტოს („მაგატე“) ხელმძღვანელს რაფაელ გროსის ესაუბრა, შემდეგ კი ირანის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს.
რადგანაც არც საფრანგეთს და და პრინციპში, არც რუსეთს არ სურს ირანის გადაქცევა ბირთვული იარაღის მფლობელად, ამიტომ პარიზისა და მოსკოვის ინტერესები ამ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ირანის მიერ ატომის სამშვიდობო გამოყენების გეგმების მიმართ (მონაწილეობს ბუშირის აეს-ის გაფართოებაში).
ირანის რაკეტები როგორც პარიზის თავის ტკივილი
სატელეფონო საუბრის შემდეგ ორი ბირთვული სახელმწიფოს (რუსეთისა და საფრანგეთის) ხელმძღვანელობაში ხაზი გაუსვეს ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობას პრობლემების მოსაგვარებლად, „დიპლომატიის გზით“. ემანუელ მაკრონს განსაკუთრებით ირანის ბირთვული პროგრამის საკითხები აინტერესებდა – როგორც ცნობილია, ირანს უკვე აქვს ისეთი რაკეტები, რომლებიც საფრანგეთის ტერიტორიას მისწვდებიან. შესაბამისად, თუ თეირანი თავისი რაკეტების ჩვეულებრივ საბრძოლო ქობინებს ბირთვულით ჩაანაცვლებს, ეს საფრანგეთისათვის არასასიამოვნო იქნება. დონალდ ტრამპი ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას ირანის რაკეტების ფრენის სიშორეზე, ის უფრო მეტად აიათოლების რეჟიმის მიერ გამდიდრებული ურანის წარმოებით შეწყვეტით არის დაინტერესებული.
ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს, ყურადღება გაამახვილა „თეირანის კანონიერ უფლებაზე“ მშვიდობიანი ატომის კვლევის თვალსაზრისით. მან თავის ფრანგ კოლეგას შეახსენა რუსეთ-ირანის ხელშეკრულებაც სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, თუმცა ირანის სახელით არაფერი უთქვამს (…)
ნებისმიერ შემთხვევაში ეს სატელეფონო საუბარი მოწმობს იმას, რომ ევროპულ „სამეულს“ – საფრანგეთს, გერმანიას და დიდ ბრიტანეთს – მათგან კი განსაკუთრებით პარიზს -სურს დაიბრუნონ ამ საკითხისადმი კონტროლი, მით უმეტეს, რომ ჯერ-ჯერობით ირანი აშშ-სთან მოლაპარაკების სურვილით „არ იწვის“. ამასთან, საფრანგეთი თვლის, რომ ამერიკულმა დაბომბვებმა ირანის ბირთვული ობიექტები „სერიოზულად დააზიანა“.
უკრაინის პრობლემატიკა: ცვლილების გარეშე
უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს კვლავ დაფიქსირდა ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის აზრთა სხვადასხვაობა: საფრანგეთის პრეზიდენტმა კვლავ ხაზი გაუსვა თავის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვა. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია კომპლექსური სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, რომლითაც აღმოიფხვრება „უკრაინის კრიზისის პირველმიზეზები“. მან თავის ფრანგ კოლეგას მოუწოდა აღიაროს „ახალი ტერიტორიული რეალიები“, ანუ დონბასისა და ყირიმის არსებობა რუსეთის შემადგენლობაში, რაც [საფრანგეთისთვის და] უკრაინისათვის მიუღებელია.
მოკლედ, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის პოზიციები ძველებურად ერთმანეთისაგან შორს არიან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საუბარი ოპტიმისტურ ნოტაზე დასრულდა (კონტაქტები გაგრძელდება), იმედია, რომ უკრაინის პრობლემატიკაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა“ არ დაყოვნდება.
P.S. მოგვიანებით ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც, ელისეის სასახლიდან ერთ-ერთი წყაროს თქმით, „დროთა განმავლობაში მის მეგობრად გადაიქცა. ფრანგმა ლიდერმა ასევე საქმის კურსში ჩააყენა დდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირს სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ფრიდრიხ მერცი უარს ამბობს რაიმე დიალოგზე ვლადიმერ პუტინთან. ბერლინში თვლიან, კრემლის ბინადარის არცერთი სიტყვა სანდო არ არის.
მოამზადა სიმონ კილაძემ