1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს” – გრიგოლ ლილუაშვილი
“საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს” – გრიგოლ ლილუაშვილი

“საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს” – გრიგოლ ლილუაშვილი

299
0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტს 2021 წლის ანგარიში წარუდგინა, სადაც ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების, რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე-ფაქტო რეჟიმების უკანონო აქტივობების შესახებ ისაუბრა.

როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ უკანონო დაკავებებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელება წარმოადგენდა.

„2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ  9 წლის ვადით შეუზღუდა.
მსურს დავარწმუნო, პირველ რიგში, უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, ასევე, პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. საქართველოს სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა და აქვს პრაქტკა, თუ როგორ განახორციელოს ეს გათავისუფლება. ამის დადასტურებად შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მშვიდობით დასრულებული უკანონო პატიმრობა, თუმცა, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს საპირისპირო ერთეული შემთხვევებიც“ – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას გრიგოლ ლილუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას განაგრძობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), ევროპის საბჭოს (CoE) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლებთან.