
5 ივნისს, 20:00 სთ-ზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის დიდ სცენაზე, ინკლუზიური დასი – „ცხოვრება მშვენიერია“ წარმოადგენს სპექტაკლის – „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ პრემიერას, რომლის რეჟისორიც ნატალია გალოგრეა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის პრემიერას დაესწრება და შემდეგ მასტერკლასს გამართავს ცნობილი იტალიელი მსახიობი – სიმონა კავალარი.
სპექტაკლი ეხმიანება სიმსივნით დაავადებული ბავშვების გამოწვევებს გამოჯანმრთელების გზაზე და კომედიასა და დრამაში გაჯერებული ხასიათით, გადმოსცემს თითოეული დღის მნიშვნელობასა და საჭიროებას, რომლებსაც ისინი ხანგრძლივად გადიან სამედიცინო პერსონალისა და ჰუმანური ადამიანების მხარდაჭერით.
ინკლუზიური დასი „ცხოვრება მშვენიერია“ დაარსდა 2022 წლის დეკემბერში. დასი აერთიანებს სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირსა და ბავშვს ასევე რამდენიმე პროფესიონალ მსახიობს. დასის დაარსების მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ბავშვებისათვის თეატრალურ სივრცეში თანაბარი გარემოს შექმნა, მათი შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა, დასაქმება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე პროფესიონალი მსახიობებისთვის და ხელოვანებისთვის ახალი პერსპექტივების აღმოჩენა.
სიმონა კავალარის სამსახიობო კარიერა 1982 წელს დაიწყო, როდესაც 11 წლის ასაკში პირველად გამოჩნდა ჯიაკომო ბატიატოს სატელევიზიო ფილმში “Colomba”. ამის შემდეგ, 1985 წელს, მონაწილეობდა იტალიურ-ამერიკულ კრიმინალურ დრამაში – “The Pizza Connection”, რომელიც დამიანო დამიანისმა გადაიღო. სიმონა კავალარის მონაწილეობა “The Pizza Connection”-ში იყო მისი კინოკარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგან ამ ფილმში მონაწილეობით იგი მეტად აღიარებული გახდა იტალიურ კინოში და მოგვიანებით დიდ წარმატებასაც მიაღწია.
სიმონა კავალარი ასევე გამოჩნდა კანის კინოფესტივალზე “Il sogno della farfalla” (1994) ფილმის ფარგლებში, რომელიც მარკო ბელოჩიომ გადაიღო.
“Il sogno della farfalla” ხშირად ითვლება ფილმად, რომელშიც კავალარიმ ყველას აჩვენა თავისი ნამდვილი მსახიობური ნიჭი, ემოციური სიძლიერე და პერსონაჟის სიღრმე.
კავალარი მალევე ცნობილი გახდა იტალიურ ტელესერიებით, განსაკუთრებით კი “La Piovra”-თი (1984-1989), ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიური კრიმინალური დრამა, სადაც იგი მთავარ როლს ასრულებდა. La Piovra-მ დაიმსახურა არა მხოლოდ იტალიური, არამედ საერთაშორისო აღიარება, ხოლო მისი ცნობილი საუნდრეკი ენიო მორიკონეს კინემატოგრაფიული პორტფოლიოს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
კიდევ ერთი ცნობილი მინი-სერიალი გახლდათ “Il Capo dei Capi” (2007), სადაც სიმონას შესრულებული როლი – როზა, ფართო პოპულარობით სარგებლობდა.
სიმონა კავალარი თეატრშიც აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა შოუებსა და სპექტაკლებში, რომლებიც აღიარებას იმსახურებენ, როგორც იტალიურ თეატრალურ სამყაროში, ისე მისი პირადი კარიერის განვითარების ნაწილში. სიმონა კავალარი მისი ვიზიტის ფარგლებში მასტერკლასებს გამართავს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის.
პროექტის მხარდამჭერები არიან:
იტალიის საელჩო საქართველოში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.