
ტრამპმა უარი თქვა თავის სამშვიდობო გეგმაზე და ყურადღებას რუსეთთან ვაჭრობას უთმობს – The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 20 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია საგარეო პოლიტიკის ექსპერტის როლანდ ოლიფანტის კომენტარი სათაურით „ტრამპმა უარი თქვა თავის სამშვიდობო გეგმაზე და ყურადღებას რუსეთთან ვაჭრობას უთმობს“, რომელშიც განხილულია აშშ-სა და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბრის მნიშვნელობა და აქცენტები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
თავიდანვე ვიტყვი: მნიშვნელოვანია ის, რომ დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ორი საათი ისაუბრეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საუბრის თარგმანსაც (ინგლისურიდან რუსულად და პირიქით) თავისი დრო მიაქვს, ეს მაინც საკმაოდ ხანგრძლივი ლაპარაკი გამოდის. მით უმეტეს, რომ ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუ კიდევ რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა იმის გარდა, რაც ოფიციალურად განაცხადეს თეთრმა სახლმა და კრემლმა.
და მაინც, ის, რაც უკვე ვიცით, ბევრ რამეს მოწმობს, მათ შორის ორ მომენტს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ავხსნათ, თუ რატომ საუბრობს დონალდ ტრამპი რუსეთთან ვაჭრობაზე და რატომ მიანიჭა პრიორიტეტი ამ საკითხს ტელეფონით საუბრის დროს.
პირველი – აშშ-ის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ისევ არ ესმის, თუ რას გულისხმობს პუტინი „ომის ძირითად მიზეზში“, ან ესმის, მაგრამ ისინი მას საერთოდ არ აღელვებს. რუსეთის პრეზიდენტს ამოძრავებს სურვილი „ლენინის მიერ ჩადენილი შეცდომა“ გამოასწოროს უკრაინის შექმნის თაობაზე. იგი უკრაინის არსებობას რუსეთისადმი ფუნდამენტურ გამოწვევად თვლის, რომელიც ხელს უშლის ძველი იმპერიის აღდგენას და მის გადაქცევას დედამიწის ერთ-ერთ მთავარ პოლუსად.
მეორე – პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინას კი თვითგადარჩენის გრძნობა ამოძრავებთ.
ამ ორ პოზიციას შორის ძველებურად დიდი უფსკრული არსებობს. არც პირველი და არც მეორე არ არიან ისეთი საკითხები, რომლებთანაც შედარებით, პრიორიტეტი ვაჭრობის გაფართოებას უნდა დაეთმოს.
მაგრამ მისტერ ტრამპისათვის, როგორც ჩანს, მიზანს არა იმდენად უკრაინაში მშვიდობის დამყარება წარმოადგენდა, რამდენადაც აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება. ამის გათვალისწინებით, სავსებით გასაგებია მისი ენთუზიაზმი „ვაჭრობის განუსაზღვრელი“ პოტენციალით რუსეთთან, „როცა მშვიდობა დამყარდება“. ეს ბევრად ეთანხმება მის ტრადიციულ რიტორიკას, ამიტომ ამგვარ გამონათქვამებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მისტერ ტრამპს მოთმინების ფიალა ევსება, მას სურს რაც შეიძლება სწრაფად გააუქმოს ანტირუსული სანქციები, ომის დაწყების შემდეგ მიღებული. ეს იმასაც ნიშნავს, რომ თეთრი სახლის სურვილია რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს ისეთი მისთვის მომგებიანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის ეკონომიკურ აღდგენას.
ეს ძალიან ცუდი ამბავია უკრაინისა და ევროპისათვის.. ასეთ სიტუაციაში ძალიან ცოტა რამ აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის დამყარება გარდაუვალია. ვლადიმერ პუტინი, მართალია, დაეთანხმა მისტერ ტრამპს, რომ მშვიდობის მისაღწევად „მთლიანობაში ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართო“, მაგრამ იგი ნათლად მიანიშნებს, რომ ამისათვის რამდენიმე გაჩერებაა გასავლელი. სწორედ ამიტომ პუტინმა დაიწყო ლაპარაკი არა მშვიდობის სწრაფად მიღწევაზე, არამედ ე.წ. „მემორანდუმზე სავარაუდო სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიზნით“, რომელშიც შეტანილი იქნება „სიტუაციის დარეგულირების პრინციპები და სავარაუდო ვადები“.. და, რა თქმა უნდა, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „ჩვენთვის მთავარია კრიზისის მთავარი მიზეზები აღმოიფხვრასო“.
ანუ ეს ნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება განახლდა, წინ ჯერ კიდევ ბევრი გაჩერება იქნება და დიალოგი უსასრულოდ გაჭიანურდება.
ამასობაში საომარი მოქმედებები გაგრძელდება, ჯარი ძალას გამოიყენებს, რათა დიპლომატები აიძულონ „მხედველობაში მიიღონ ახალი რეალიები“ – ეს რუსი დიპლომატების კიდევ ერთი ფრაზაა, რომელიც შეიძლება ასე ვიგულისხმოთ: „ვისაც ძალა აქვს, ის ყოველთვის მართალია“, ან „ძალა აღმართს ხნავს“.
შესაძლოა, ომი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიჯერებთ, რომ სწორედ ასე მოხდება.
მოამზადა სიმონ კილაძემ