
“სტრასბურგში ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ვეწევით – უნდა ველოდოთ დიდი ბრიტანეთიდან სანქციების გაფართოებას” – თინა ბოკუჩავა
ხვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საკითხებზე დებატებს გამართავს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.
“ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიღებული რეზოლუციის პირობებს ძალაში დატოვებს, რაც საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას გულისხმობს.
“რაც შეეხება სტრასბურგს, ჩვენ აქ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ვეწევით და ძალიან მიხარია, რომ საგარეო მიმართულებით ქართული დემოკრატიული ძალები ვახერხებთ ძალიან კარგად კოორდინირებას და თანამშრომლობას. აბსოლუტურად ყველა შეხვედრა, რომელიც ჩვენ აქ, სტრასბურგში ჩავატარეთ, იყო მრავალპარტიულ ფორმატში, იქნებოდა ეს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დელეგაციებთან, მათ შორის, ბრიტანეთის დელეგაციასთან, რომელთანაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა. პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, ჩვენ უნდა ველოდოთ დიდი ბრიტანეთიდან სანქციების გაფართოებას.
მინდა, გავაწბილო კომისარი წულუკიანი, ის [სტრასბურგში] ვერ დაბრუნდება, ნუ, დაბრუნდება მხოლოდ და მხოლოდ თეორიულად ოპოზიციის რანგში, იმიტომ, რომ კვლავ ძალაში დარჩება ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ ვნახეთ წინა რეზოლუციაში. იყო ორი მთავარი მოთხოვნა – ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დაკავებულების გათავისუფლება. იმისთვის, რომ სამთავრობო პროპაგანდას ორმაგი ინტერპრეტაცია არ მოეხდინა რეზოლუციის, ბოლო მომენტში, ზეპირსიტყვიერი შესწორება შევიდა ჩაამატეს, სიტყვა საპარლამენტო, იმისთვის, რომ პროპაგანდას არ ემუშავა და წარმოეჩინა ეს თითქოსდა ადგილობრივ თვითმმართველობაზე იყო საუბარი. არაა – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდება დამოუკიდებელი ინსტიტუციების მიერ და მეორე, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩემი მოლოდინი არის, რომ ეს პირობები კვლავ ძალაში დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ წულუკიანი და ივანიშვილის სხვა უსახელო პაიკები აქ დაბრუნდებიან მხოლოდ ოპოზიციის რანგში,” – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ “ღამის კურიერის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით.