
ვპირდები საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას-პაატა სალია
ვპირდები საზოგადოებას, გპირდებით თქვენ, ბატონო პრემიერო, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ღირსეულად გავუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროში განაცხადა, სადაც ის დღეს უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.
პაატა სალიამ მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, რომლის ლიდერიც თქვენ ბრძანდებით, ჩემთვის პატივია, ვიყო იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრი. რა თქმა უნდა, მე მესმის და სრულად ვაცნობიერებ, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ვპირდები საზოგადოებას, გპირდებით თქვენ, რომ ღირსეულად ვემსახურები ამ თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ღირსეულად გავუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება, ამაში თქვენი დიდი იმედი მაქვს“,- აღნიშნა პაატა სალიამ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა წინამორბედს, ანრი ოხანაშვილს და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.