
არ ვეთანხმები ევროსაბჭოს რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით -ზაზა გოგავა
მე არ ვეთანხმები რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ზაზა გოგავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
ზაზა გოგავამ უპასუხა კომისიის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის კითხვას, ეთანხმება თუ არა ევროსაბჭოს რეზოლუციაში აღწერილ სამხედროების როლს, მათ მოქმედებებს.
„არ ვეთანხმები მაგ აზრს, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, რომ არ ვეთანხმები მუხლს სამხედროებთან მიმართებით. დანარჩენი შეგიძლიათ, იმ ადამიანებს დაუსვათ კითხვა, რის გამო გააკეთეს, რა მიიღეს აქედან შედეგი“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.
აღნიშნულის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გოგავას მიმართა:
„არ შეიძლება, აქ ორი მხარე იყოს. როცა სამხედროებს აბრალებ ომის დანაშაულს და რეალურად, ამას კენჭისყრისას ხელს უწევ, აქ არ შეიძლება, მხარეები არსებობდეს. ეს ცალსახად დასაგმობია. კარგია, რომ ამას ეთანხმებით, მაგრამ მაშინ ამათთან პარტიაში რა გინდოდათ?, იზიარებთ თუ არა ამ რეზოლუციას, რაზეც გოგავამ აღნიშნა:
„არ ვიზიარებ. პარტიიდანაც გავედი, რადგან აქ სუბიექტურად მოლაპარაკე ადამიანი არ გეხილათ“.