
“არსებობს მხოლოდ სამი ქვეყანა, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი სრულიად ენდობა. აშშ მათ შორის არ არის”-The Daily Telegraph-ი
„არსებობს მხოლოდ სამი ქვეყანა, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი სრულიად ენდობა. აშშ მათ შორის არ არის“ – ამ სათაურითაა გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დენიელ ჰენანის ავტორობით. პუბლიკაციაში განხილულია ბრიტანეთისა და აშშ-ის მოკავშირეობის შესუსტების ტენდენცია და ახალი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ალიანსის შექმნის იდეა, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
1939 წლის 3 სექტემბერს, როცა დიდმა ბრიტანეთმა ფაშისტურ გერმანიას ომი გამოუცხადა, მხოლოდ რამდენიმე საათი იყო გასული, რომ ახალი ზელანდიის პირველმა პრემიერ-მინისტრმა, მძიმე ავადმყოფმა და ფაქტობრივად სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა მაიკლ ჯოზეფ სევიჯმა ასეთი განცხადება გააკეთა: „წარსულის სიკეთის აღიარებით და მომავლის რწმენით, ჩვენ უშიშრად მივდივართ და მუდამ ბრიტანეთის გვერდით ვიქნებით. სადაც ის წავა, ჩვენც იქით წავალთ. სადაც ის დადგება, ჩვენც იქ დავდგებით“. რამდენიმე თვის შემდეგ იგი გარდაიცვალა.
რამდენ ქვეყანასთან გვაქვს ჩვენ ისეთი მოკავშირეობით დამოკიდებულება, რომლებიც ისეთი ინსტინქტური და ავტომატურია, ბუნებრივი და მოსალოდნელი, რომლებიც ახსნას არ საჭიროებენ? სია დიდი არ არის, მაგრამ უეჭველია, მასში შედის სამი ქვეყანა, რომლებთანაც ჩვენ ნამდვილად განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, კონკრეტულად კი – ავსტრალიასთან, კანადასთან და ახალ ზელანდიასთან. ჩვენ ერთმანეთთან ენა, კულტურა და ნათესაობა გვაკავშირებს. ჩვენ საერთო სამართლებრივი სისტემა გვაქვს, რომელიც ერთმანეთის პრეცედენტებს ეყრდნობა. გვაქვს მსგავსი საპარლამენტო მმართველობის ფორმები, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტები… ჩვენ ერთი მეფე გვყავს.
მსოფლიოს ოთხი მსგავსი სახელმწიფოს ერთმანეთთან დაახლოების თანამედროვე კამპანია, უფრო მჭიდრო ასოციაციად ჩამოყალიბების მიზნით, 2015 წელს ბრიტანეთის კოლუმბიაში დაიწყო და მიიღო სახელწოდება CANZUK (Canada, Australia, New Zealand, United Kingdom) – ტერმინი, რომელიც პირველად გააჟღერეს გაეროს ოფიციალურმა პირებმა – იმის გამო, რომ ოთხივე ქვეყანა ხმის მიცემის დროს საერთო ფრონტით ერთად გამოდიოდნენ.
CANZUK-ის წევრებს სურთ უფრო მჭიდრო დიპლომატიური და სამხედრო თანამშრომლობა, შრომის ავტომატური უფლება ერთმანეთის ტერიტორიებზე, საერთო ბაზრის შექმნა, რომელიც დაეფუძნება სტანდარტების, მომსახურებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ურთიერთაღიარებას.
ათი წლის განმავლობაში CANZUK-ის იდეა პოზიტიურად განიხილებოდა, მაგრამ რეალიზების პროცესი საჩქარო არ იყო. მაგრამ შემდეგ, როცა დადგა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა, როცა ჰორიზონტზე გამოჩნდა სატარიფო ომების და აშშ-ის საგარეოპოლიტიკური გადატრიალების აჩრდილი, კანადისა და ახალი ზელანდიის ძირითადმა პარტიებმა, ავსტრალიასთან ერთად, CANZUK-ის იდეას სულ უფრო მეტი ენთუზიაზმით შეხედეს. დიდ ბრიტანეთშიც იგივე ხდება და აი, რატომ:
იმის გასაგებად, თუ რამდენად გადაიხარა მსოფლიო თავისი ჩვეული ღერძიდან, მცირე ექსპერიმენტი ჩავატაროთ. დავუშვათ, დონალდ ტრამპი საიდუმლოდ მუშაობს ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ. რას გააკეთებდა იგი სხვანაირად? ერთია შეწყვიტოს იარაღის მიწოდება უკრაინისათვის იმ პარტიების ჩათვლით, რომელიც უკვე გზაშია და აღარ მისცეს სადაზვერვო მონაცემებიც, მაგრამ დონალდ ტრამპი უფრო ღრმად მიდის – იგი იმეორებს ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტულ განცხადებებს, ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორს უწოდებს და მას ბრალს სდებს ომის დაწყებაში. აშშ-ის პრეზიდენტმა თავის კიბერ ბრძოლის სააგენტოს უბრძანა, რომ რუსეთზე შეტევები შეეჩერებინა, რადგან კრემლის მხრიდან თითქოსდა საფრთხე-მუქარები აღარ არსებობს. მან თანამდებობიდან გაათავისუფლა პროუკრაინულად განწყობილი ამერიკელი გენერლები. მან გაეროში ხმა მისცა უკრაინის დამგმობ პრორუსულ რეზოლუციას – რუსეთთან, ბელარუსთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად. ხედავთ, ვისთან ერთად? ჩინეთმაც კი თავი შეიკავა, ამერიკამ კი მხარი დაუჭირა.
ყველაზე სერიოზული კი ისაა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო მწვავე კამათი თავის ნატოელ მოკავშირეებთან, დანიას გრენლანდიის მიტაცებით ემუქრება, კანადას კი ეკონომიკური ომის გაფართოებით.
ანგლოსფერული დემოკრატიის სხვა ლიდერები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ – ისევე როგორც რომის იმპერიის შორეულ პროვინციათა მმართველები – მაგისტრები, პროკონსულები, პროპრეტორები და პროკურატორები – ვანდალების მიერ მარადიული ქალაქის გაძარცვის შემდეგ. წარმოიდგინეთ, რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი დიდი ბრიტანეთის თავდაცვით პოლიტიკაზე?
1950-იანი წლებიდან ჩვენ ვვარაუდობდით, რომ დიდ ომებში ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად მხარდამხარ ვიბრძოლებდით. კი, ჩვენ შევძელით გავმკლავებოდით პატარა-პატარა ომებს ამერიკელების გარეშე – მაგალითად, ფოლკლენდის კუნძულებზე, იემენში და სიერა-ლეონეში, მაგრამ თუ საქმე ცუდად ვითარდებოდა, ჩვენ ყოველთვის კოალიციაში ვიყავით ამერიკასთან ერთად. ამასთანავე, ისევე როგორც სხვა დასავლელი ნატოელი მოკავშირეები, ჩვენ სპეციალიზებული ვიყავით შეიარაღების ცალკეულ სახეობებში და საკუთარ სამხედრო პოტენციალს სრულყოფილად არ ვავითარებდით. ჩვენ აშშ-ის იმედი გვქონდა (გვაქვს) მძიმე შეიარაღებაში, თანამედროვე კოსმოსურ სამხედრო თანამგზავრებში და დაზვერვაში. უფრო მეტიც – ჩვენივე ბირთვული რაკეტების მომსახურებაშიც ამერიკაზე დამოკიდებულები ვართ.
რუსეთის სამხედრო შეკავებისათვის ჩვენს ძირითად ინსტრუმენტს – რაკეტა „ტრაიდენტ II“-ს ამერიკული მომსახურების ვადა რამდენიმე წელიწადში დაუმთავრდება. რა იქნება შემდეგ? ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ამერიკა ჩვენს საიმედო მოკავშირედ დარჩება? კარგია და სასურველი, ეს რომ ასე იყოს, მაგრამ ბოლო თვეების მოვლენები ეჭვებს აჩენს.
რა დღეში ჩავარდება ევროპა? სასიამოვნოა ისეთი ფიქრი, რომ ჩვენ ძველებურად ერთად ვიქნებით – თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეზე, მაგრამ… ამას წინათ ევროკავშირი ირლანდიაში საზღვრის ჩაკეტვას გეგმავდა დიდ ბრიტანეთთან – იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრი აღარ ვართ. არის იმის ნიშნები, რომ ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს საერთოევროპულ თავდაცვის ნაწილად აღარ ჩათვლის, თუ ჩვენ რაიმე დათმობებზე არ წავალთ. ანუ ევროპაში დიდი ბრიტანეთი თანდათან გარიყული ხდება.
მოკლედ, არის მხოლოდ ქვეყნების ერთი ჯგუფი, რომლებთანაც 40 წლის განმავლობაში არანაირი დავა-კამათი არ გვქონია – CANZUK-ის სხვა ქვეყნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია -იმიტომ, რომ მათთან ერთად მოგვიწევს ვიფიქროთ შეკავების იარაღის მომდევნო თაობის შესაქმნელად. თუ ჩვენ გადავწყვეტთ სრულიად ავტონომიური ბირთვული პოტენციალის შექმნას, რომელსაც არ დაჭირდება ამერიკული საცავების ტექნოლოგიები ან სათადარიგო ნაწილები (როგორც ეს ფრანგებს აქვთ), მაშინ ჩვენ დაგვჭირდება საკუთარი ძალების მობილიზება რაკეტების წარმოებაში. ამაზე ორჯერ მეტი ფული დაიხარჯება, ვიდრე მზა ამერიკული რაკეტების ყიდვაზე. უშუალოდ მხოლოდ დიდი ბრიტანეთისათვის ეს მძიმე ტვირთი იქნებოდა, მაგრამ CANZUK-ის სხვა ქვეყნებთან ერთად ეს სრულიად შესაძლებელია.
CANZUK-ის იდეა პოპულარულია – ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის განცხადებებამდე მას მხარს უჭერდა ქვეყნების მოსახლეობის ორი მესამედი, ახლა კი მით უმეტეს, მხარდამჭერები აუცილებლად გაიზრდებოდა.
მოვლენები ისე ვითარდება, რომ CANZUK-ის იდეის რეალიზება გარდაუვალი და გადაუდებელი ხდება. რასაკვირველია, უფრო უკეთესი იქნება შენარჩუნდეს აშშ-დიდი ბრიტანეთის ხელშეკრულება ურთიერთ თავდაცვის შესახებ, ნატოს ხელშეკრულება, AUKUS-ის პაქტი (ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის შეთანხმება) და სხვა ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ 1941 წლის ატლანტიკური ქარტიის მიღების შემდეგ შევქმენით.
იმ შემთხვევაშიც, თუნდაც ჩვენ ბრიტანულ-ამერიკული ალიანსი შევინარჩუნოთ, CANZUK-ის იდეის სარგებლიანობა მაინც აშკარა იქნება – ის ალიანსს დამატებით განამტკიცებს. მაგრამ თუ ვერ მოხერხდება ალიანსის შენარჩუნება, მაშინ CANZUK-ის ქვეყნების ჯგუფი პლანეტაზე მესამე ძლიერ ძალად გადაიქცევა.
რამდენად სწრაფად შეგვიძლია ორგანიზაციის შექმნა? გავიხსენოთ, რომ მომავალი წლის ოქტომბერში სრულდება 100 წელი, როცა 1926 წელს საფუძველი ჩაეყარა ბრიტანეთის იმპერიის გარდაქმნას მასში შემავალი ქვეყნების ნებაყოფლობით გაერთიანებად – ბრიტანულ თანამეგობრობად.
რამდენადაც ბრიტანეთის იმდროინდელი მეფე გეორგ V ამ მოვლენასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს იღებდა და ეთათბირებოდა, მის შვილიშვილს ჩარლზ III-ს მოუწევს ოთხ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, კირ სტარმერის წინამძღოლობით (რაც, ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ მოხდება). სამიტზე აუცილებლად უნდა გამოცხადდეს CANZUK-ის სამდივნოს შექმნა, რომლის შტაბ-ბინა, ვფიქრობ, ვანკუვერში (კანადაში) უნდა იყოს.
სიტუაციის ასეთი განვითარება თითოეულ პრემიერ-მინისტრს არჩევნებისათვის უდიდეს პოზიტიურ ბიძგს მისცემს. და თუ კირ სტარმერი ამ საქმეში წარმატებას მიაღწევს, იგი ქება-დიდებას დაიმსახურებს.
მოამზადა სიმონ კილაძემ