1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რას წერს უცხოური პრესა საუდის არაბეთში გამართულ აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე
რას წერს უცხოური პრესა საუდის არაბეთში  გამართულ  აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე

რას წერს უცხოური პრესა საუდის არაბეთში გამართულ აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე

554
0

დასავლურმა პრესამ ჯიდაში (საუდის არაბეთში) გამართული აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგები, შეიძლება ითქვას, საკმაოდ თავშეკავებულად შეაფასა, თუ არ ვიტყვით „ცივად და ფრთხილად“.

ამერიკულ “ვაშინგტონ პოსტში” (The Washington Post) გამოქვეყნებული სტატიის („რადგან კიევი ცეცხლის შეწყვეტას ეთანხმება, აშშ დახმარებას განაახლებს“) ავტორები ჯონ ჰადსონი და რობინ დიქსონი, პირველ რიგში აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ მოლაპარაკების შემდეგ თეთრმა სახლმა შეწყვეტილი დახმარების განახლების გადაწყვეტილება მიიღო: „ტრამპის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ განაახლა სამხედრო დახმარება უკრაინისადმი და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება მას შემდეგ, რაც კიევმა მოიწონა თეთრი სახლის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ბრიტანული “დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) რედაქცია სტატიაში „ტრამპი ზელენსკის ისევ თეთრ სახლში იწვევს“ ხაზს უსვამს, რომ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა თანხმობის მიღწევა მოახერხეს და რომ ომის ბედი ახლა რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული: „მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ჯიდაში გამართული მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, გადადგმულია პოზიტიური ნაბიჯი და იმედია, რომ რუსეთის მოქმედებაც ასეთივე იქნება: „აშშ ახლა რუსეთს წინადადებას შესთავაზებს – გააკეთოს მთავარი სამშვიდობო ჟესტი“ და თქვას „დიახ“.

ამერიკული ტელეარხის “სი-ენ-ენ“ის (CNN) პუბლიკაციაში („უკრაინა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ეთანხმება“. ავტორები – იავანა კოტასოვა და ლორენ კენტი) ყურადღება გამახვილებულია მოლაპარაკების მნიშვნელობაზე: „როგორც იქნა, ჯიდაში მიღწეული შეთანხმება კეთილ გავლენას მოახდენს მრავალტანჯულ გარიგებაზე მინერალებით სარგებლობის შესახებ, რომელიც თითქმის ორი კვირის წინათ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხტომის გამო ჩაიშალა. სიტუაციის ასეთი განვითარება კიევისათვის ერთგვარ სულის მოთთქმას წარმოადგენს ოვალურ კაბინეტში განცდილი დაუვიწყარი წუთების შემდეგ“.

თუმცა, როგორც ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) აღნიშნავს სტატიაში სათაურით „უკრაინა თანახმაა ცეცხლი შეწყვიტოს…“ (ავტორი – ენდროუ რუთი), მოლაპარაკების ამგვარი შედეგი უკრაინას მაინცდამაინც დიდ მიღწევად ვერ ჩაეთვლება: იმიტომ, რომ, უბრალოდ, კიევს სხვა გზა არ ჰქონდა, მისი ვარიანტები შეზღუდული იყო: „კიევს სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა ის, რომ თეთრ სახლთან ურთიერთობა ააწყოს. ვოლოდიმირ ზელენსკის ბედს მაინც ამერიკა წყვეტს“.

საკვირველ შორსმხედველობას ავლენენ აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) სტატიის – „დახმარების განახლება ზავზე თანხმობის სანაცვლოდ“ – ავტორები ენდრიუ კრამერი და ალან რაპოპორტი, რომლებიც წერენ, რომ უკრაინული და ამერიკული დელეგაციების ხმამაღალი განცხადებები სულაც არ იძლევა იმის გარანტიებს, რომ რუსეთის მისთვის მიუღებელ დათმობებს დათანხმდება. „შეერთებული შტატები მოლაპარაკებას აწარმოებს ცალკე უკრაინასთან და ცალკე რუსეთთან. დღემდე არავითარი საჯარო სიმპტომები არ გამოვლენილა იმისა, რომ რუსეთი უპირობოდ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ყველამ გაიხსენოს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა მინიშნება – იგი მოითხოვს დათმობებს, მაგალითად, საჯარო განცხადებას უკრაინის ნატოში არმიღების თაობაზე… და ეს უნდა მოხდეს მანამ, სანამ კრემლი საომარი მოქმედებების რაიმე სახით შეწყვეტაზე დათანხმდება“.

„მთლიანობაში კიევის იმედები მოსკოვის „იძულებაზე“ კრემლისთვის მიუღებელ პირობებზე დასათანხმებლად შეიძლება უკვალოდ გაქრეს – უბრალოდ იმიტომ, რომ ტრამპსაც მოჰბეზრდება“, – ნათქვამია ბრიტანულ „სფექთეითორში“   (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით  „უკრაინა დათანხმდა ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას, მაგრამ…“ (ავტორი – ლიზა ჰასელდინი). „თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტის ამერიკულ პირობებზე ან ყურადღებას არ იქცევს, მაშინ „ბურთი უკვე დონალდ ტრამპის მხარეზე იქნება“ მას მოუწევს იმის გადაწყვეტა, რას გააკეთებს სამომავლოდ. ტრამპს შეუძლია ან შეასრულოს თავისი მუქარა ახალი დამატებითი ანტირუსული სანქციების გამოცხადებაზე, ან საერთოდ უარი თქვას უკრაინაზე, როგორც უიმედო საქმეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დიდი ხნის ლოდინი არ მოგვიწევს შედეგების სანახავად“, – ნათქვამია სტატიაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ