1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვიყოთ რეალისტები: ევროპელები არ აღიარებენ, მაგრამ უკრაინაში ომი უკვე მთავრდება” – ABC
“ვიყოთ რეალისტები: ევროპელები არ აღიარებენ, მაგრამ უკრაინაში ომი უკვე მთავრდება” – ABC

“ვიყოთ რეალისტები: ევროპელები არ აღიარებენ, მაგრამ უკრაინაში ომი უკვე მთავრდება” – ABC

518
0

ესპანურ ABC-ში, რომელიც პოპულარობით და ტირაჟით ქვეყნის გაზეთების სამეულში შედის – El País-სა და El Mundo-სთან ერთად, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვიყოთ რეალისტები“: ევროპელები არ აღიარებენ, მაგრამ უკრაინაში ომი უკვე მთავრდება“, რომლის ავტორია ხუან მანუელ დე პრადა, ესპანელი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თითქმის 30 წლის წინათ, როცა გულწრფელი და ოპტიმიზმით აღსავსე ახალგაზრდა ვიყავი, კამილო ხოსე სელამ (ესპანელი კლასიკოსი მწერალი, 1989 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი) ერთ-ერთი მეგობრული საუბრის დროს ასეთი რამ მითხრა: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყოველთვის გვთავაზობენ რეალობას იმ ვერსიით, რომელიც მათ იდეოლოგიას შეესაბამება.  მათი ერთმანეთთან შედარება და გაანალიზება აუცილებელია, რათა ტყუილი სინამდვილისაგან გავარჩიოთ“.

კამილო ხოსე სელას სიტყვები იმ დროს გამახსენდა, როცა მასმედიის ერთსულოვნება დავინახე ოვალურ კაბინეტში მომხდარი უცნაური შეხლა-შემოხლის შემდეგ – დონალდ ტრამპმა  ვოლოდიმირ ზელენსკის შეახსენა, რომ მან ომი უკვე წააგო და თუ იგი საომარ მოქმედებებს გააგრძელებს, ფრონტზე ათასობით ადამიანს ისევ გაგზავნის, ამით მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება შეიძლება მოხდესო.

კაცმა რომ თქვას, უკრაინაში მიმდინარე ომმა უკვე გამოავლინა, თუ ვინაა მოგებული და ვინაა წაგებული – მიუხედავად იმისა, რომ გონებადაბინდულ ევროპელ პოლიტიკოსებს ამის აღიარება არ სურთ. ომი, შეიძლება ითქვას, დასრულებულია – დონალდ ტრამპს აღარ სურს, რომ კონფლიქტის მთელი სიმძიმე ამერიკამ თავისი მხრებით ატაროს. მან იცის, რომ ომი წაგებულია: როგორც კი აშშ-ის დახმარება შეწყდება, მთელი ეს აბსურდის თეატრი დასრულდება.

ვრცელდება ინფორმაციები პატრიოტული მოწოდებებით, „ომი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“, „იბრძოლე, უკრაინა, ჩვენ შენთან ვართ“, ამასობაში კი ისინი, ვისაც ევროპა მხარდაჭერას უცხადებს, ყოველდღიურად ათასობით იხოცებიან. პოლიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდები ამ პატრიოტული მოწოდებების ფონზე ჯარში წასვლას გადაწყვეტენ მარიუპოლის, ბახმუტის, ავდეევკას და შეიძლება ყირიმის დასაბრუნებლადაც კი… თუმცა ვეჭვობ, რომ უკრაინელებს უკვე ვერავინ ვერ მოატყუებს, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მათ მომავალი წაართვა.

ესპანური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, რომელიც მოვლენებს „ვარდისფერი სათვალით“ უყურებს, უმჯობესი იქნებოდა მოვლენებისათვის რეალურად შეეხედა და ჩვენი მმართველი ზედაფენისათვის რჩევა მიეცა, რომ მთავრობამ მკაცრი ნეიტრალიტეტის პოლიტიკა გაატაროს. ესპანეთისათვის ნეიტრალიტეტის დაცვა ომის პერიოდში ყოველთვის ისტორიულად მომგებიანი იყო. უმჯობესი იქნებოდა, რომ ესპანურმა მედიამ გროტესკულად არ წარმოაჩინოს და დამცინავად აღწეროს უკრაინის კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის მოძველებული მიდგომებით – თითქოსდა ის სამშვიდობო მოლაპარაკება, რომლის დაწყებაც დონალდ ტრამპს სურს, „მიუნჰენის 1938 წლის გარიგებას მოგვაგონებსო“.

თუ ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომს ობიექტური თვალსაზრისით მივუდგებით, მაშინ ისიც ვთქვათ, რომ მეორე მსოფლიო ომში აშშ და რუსეთი საერთო მტრის წინააღმდეგ იყვნენ გაერთიანებულები. ვშიშობ, რომ თუ ისტორია განმეორდება, იმ როლს, რომლის შესრულებაც მესამე რაიხს მოუწია, დღეს ევროპა გაიმეორებს. ალბათ, არ არის საჭირო ომის გაგრძელებაზე ლაპარაკი იმ სახლში, სადაც ომის შედეგად ჩამოხრჩობილი უკვე გყავს.

წყარო