1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინის ერთადერთი იმედია დონალდ ტრამპი და არა ვოლოდიმირ ზელენსკი – The Spectator
უკრაინის ერთადერთი იმედია დონალდ ტრამპი და არა ვოლოდიმირ ზელენსკი – The Spectator

უკრაინის ერთადერთი იმედია დონალდ ტრამპი და არა ვოლოდიმირ ზელენსკი – The Spectator

394
0

ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის ერთადერთი იმედია დონალდ ტრამპი და არა ვოლოდიმირ ზელენსკი“ (ავტორი – ოლექს კოსაჩი, ფსევდონიმით). პუბლიკაციაში მხილებულია ვოლოდიმირ ზელენსკის ანტიდემოკრატიული მმართველობა და გაკეთებულია დასკვნა: „უკრაინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“.

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

მე ძალიან კარგად ვიცნობ ვოლოდიმირ ზელენსკის, უკვე მრავალი წლის განმავლობაში. რადგანაც პირადად პრეზიდენტის მიერ ვიყავი დანიშნული მაღალ თანამდებობაზე, დღეში რამდენჯერმე მქონდა ხოლმე მასთან სამსახურებრივი კონტაქტი და ყურადღებით ვაკვირდებოდი – როგორც საჯარო ღონისძიებებზე, ისე პირადულ ცხოვრებაში. როცა თანამდებობიდან გამათავისუფლა, ჩვენ ერთმანეთს ნორმალურად დავშორდით – ფარული წყენისა და ბოღმის გარეშე. მე არავითარი პირადი ამბიციები და ანგარებითი ზრახვები არ მაქვს… მაგრამ დღეს არ შემიძლია ჩუმად ვიყო იმის გამო, თუ როგორ ასუსტებს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინას და თავის „შავ“ საქმეებს სამხედრო მდგომარეობით ნიღბავს. უკრაინაში ამჟამად შიშის ატმოსფეროა გამეფებული და ამიტომ იძულებული ვარ ანონიმურად მოგმართოთ: ანონიმურობა იძულებითი და აუცილებელი ზომაა, რომ რეჟიმის მხრიდან ჩემზე შურისძიება არ მოხდეს – იმ ხელისუფლების მიერ, რომელშიც ოდესღაც მე ვმსახურობდი.

„დონალდ ტრამპი მართალს ამბობს: ზელენსკი დიქტატორია“

ჩემთვის მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ ის, რასაც დონალდ ტრამპი ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ, მთლიანად თუ არა, დიდწილად მაინც სინამდვილეს შეესაბამება. დასავლელმა პოლიტიკოსებმა იჩქარეს, როცა დონალდ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი გააკრიტიკეს ანტიზელენსკური განცხადებების გამო, თუმცა უკრაინულ საზოგადოებაში ამერიკის ლიდერებისაგან გაჟღერებულ დახასიათებას ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ჩუმად აბსოლუტურად ეთანხმებიან.

უკრაინა პარადოქსად იქცა: ქვეყანა იბრძვის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და იმავდროულად თვითონვე ანგრევს საკუთარი სუვერენიტეტის დემოკრატიულ საფუძვლებს. დასავლეთი წლების განმავლობაში ილუზიებში იმყოფება და ვოლოდიმირ ზელენსკის პიროვნებაში „დემოკრატიის სახეს“ ხედავს, სინამდვილეში კი პრეზიდენტმა საკუთარი ხელით დაანგრია დემოკრატია, ინსტიტუტები და ეკონომიკა, დაასუსტა უკრაინა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და ქვეყანას მოტივაცია გაუქრო იმისა, რომ რუსი აგრესორის წინააღმდეგ  ახლაც ისევე იბრძოლოს, როგორც ომის პირველ თვეებში იბრძოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის მაისში ამოიწურა, მაგრამ საომარი მოქმედებების გამო არჩევნები არ გამართულა. ვადაგასული პრეზიდენტი საომარ მდგომარეობას ყოველ სამ თვეში აგრძელებს და მის შერბილებაზე არც ფიქრობს – მისი მომხრე დასავლელი პოლიტიკოსები მისსავე ნათქვამს იმეორებენ: „უკრაინელ ხალხს არჩევნები არ სურს“. მართლაცდა, „გელაპის“ მიერ გასული წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელთა 65% ომის დროს არჩევნების წინააღმდეგია, თუმცა იგივე გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინელებს სურთ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ახლა, ომის მესამე წლისთავზე, ომის დასრულების მსურველთა რაოდენობა, ალბათ, ბევრად გაიზარდა. უფრო მეტსაც ვიტყვი – ეჭვი მეპარება, რომ გამოკითხვის შედეგებს უნდა ვენდოთ. დღეს ქვეყანა შიშით ცხოვრობს, მოსახლეობაში შიშია გამეფებული: არჩევნები გაურკვეველი ვადითაა გადატანილი, ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა და ყოველდღიურ ყოფას თან სდევს სხვადასხვა საფრთხე-მუქარები.

ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტარული ზნე ჯერ კიდევ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებულ ომამდე გამოიკვეთა. 2019 წელს იგი თანამშრომლებისგან პროპაგანდას ითხოვდა – მათ მასმედიაში უნდა ეწერათ და ეთქვათ მხოლოდ ყველაფერი კარგი პრეზიდენტის შესახებ, ანუ „მისთვის დითირამბები უნდა ემღერათ“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი პოლიტიკა არ გაამართლებდა. დღეს მან თავისას მიაღწია: მთელი გუნდი უმღერის პრეზიდენტს, რომ იგი დემოკრატიისა და საერთოდ, მთელი უკრაინის განსახიერებას წარმოადგენს.

ძალაგამოცლილი და გამოფიტული უკრაინა კი გაჭიანურებულ ომს ვეღარ გადაიტანს. ათი ათასობით უკრაინელმა გადაიხადა უამრავი ქრთამი ისეთი ქვეყნიდან გასაქცევად, რომელმაც ჯარში გასაწვევი ასაკის მქონე მამაკაცებს საზღვრები დაუხურა. ისინი, ვინც გაქცევა ვერ მოახერხა, შიშში ცხოვრობენ, ქუჩაში ვერ გამოდიან, იმალებიან, რომ გამწვევი პუნქტების ჩასაფრებულმა თანამშრომლებმა არ დაიჭირონ, ფურგონებში არ შეათრიონ და ფრონტის წინა ხაზზე არ გაგზავნონ. ვის დაჭერასაც ახერხებენ, მათგან უმრავლესობა ან ინვალიდები არიან, ან ქრონიკულად ავადმყოფები. ბევრს პირდაპირ ფრონტზე უშვებენ ყოველგვარი სამხედრო მომზადების გარეშე – დრო არ ჰყოფნით, რომ  ჯარისკაცს წესდება შეასწავლონ. სულ უფრო ხშირად მათი ბედი სამხედრო კომისარიატებში წყდება – გააჩნია, როგორ ქრთამს შესთავაზებ.

ომის გამო სულ უფრო მეტი ქალი – ცოლები, დები, დედები – მუშაობს მათთვის მავნე მამაკაცურ სამუშაოებზე. ისინი თანახმანი არიან ყველანაირ მეთოდზე, რომ ჩინოვნიკები მოისყიდონ და თავიანთი ნათესავ-ახლობლებისათვის „მოწყალება“ მოიპოვონ – ჯარში სამსახურისაგან გათავისუფლების მიზნით. მათგან განსხვავებით, ვისაც მთავრობაში კავშირები აქვს და ნაცნობები ჰყავს, მათ ჯარში გაწვევისაგან „ჯავშანი“ აქვთ და გადაადგილების განუსაზღვრელი უფლებები აქვთ.

ომმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭა და მისი რეჟიმის  უშიშროების სტრუქტურებს ხელ-ფეხი გაუხსნა. მინიმუმ რვა ფრონტისპირა ოლქში სამხედრო მდგომარეობამ საქმე პოლიციისა და სამხედროების თვითნებობამდე მიიყვანა. კოლაბორაციონიზმთან ბრძოლის საბაბით უშიშროებისა და კონტრდაზვერვის სამსახური ფაქტიურად განუსაზღვრელად მოქმედებს – უნებართვოდ, სანქციებისა და ორდერების გარეშე ჩხრეკს საცხოვრებელ ბინებს, ამოწმებს ინფორმაციებს პირად ტელეფონებში და კომპიუტერებში, აკავებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ადამიანები იმდენად არიან დაშინებულნი, რომ ისინი თავიანთ ჭეშმარიტ პოზიციას და თვალსაზრისს ჟურნალისტებს და სოციოლოგებს არასოდეს არ უმხელენ, დაჭერა-დაკავების შიშით. რესპოდენტები, რასაკვირველია, მხოლოდ იმას იტყვიან, რაც მთავრობას და ხელისუფლებას აწყობთ, გაიმეორებენ ცნობილ ფრაზებს – „ოო, ვოლოდიმირ ზელენსკი? ის გმირია, დაუმარცხებელი… უკრაინა კი ურყევია“. და მხოლოდ ჩურჩულით ეტყვიან ჟურნალისტს და სოციოლოგს იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ: „დაგვანებეთ თავი, წადით, საიდანაც მოსულხართ“.

უფრო მაღალ დონეზე კი „რუსეთუმეობისა“ და კრემლთან კავშირების ბრალდება რეგულარულად გამოიყენება იმის საბაბად, რომ ვინმეს ბიზნესი და ქონება წაართვან. უკრაინა კორუფციისა და მექრთამეობის ჭაობშია ჩაძირული: თითქმის ყოველდღიურად ხდება სკანდალები, რაც მთავრობის მიმართ ნდობას ძირს უთხრის. გამოკითხვების შედეგად, მოქალაქეთა 70% დარწმუნებულია, რომ მთავრობის სტრუქტურები საომარ მდგომარეობას პირადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. იმ რეგიონებში, სადაც ადამიანები  დაბომბვებისაგან გაწამებულები არიან, ბევრი ფარულად აღიარებს, რომ უპირატესობას რუსეთის ხელისუფლების ქვეშ ცხოვრებას აძლევს. ეს ღალატი კი არ არის, არამედ პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემოკრატია გაანადგურა. იმდენად, რამდენადაც ნათელი მიზნები ბრძოლის გასაგრძელებლად გაფერმკრთალდა, ბევრი ალტერნატივას ეძებს – იმ პრორუსულ კანდიდატს, რომელიც მზად იქნება ზავი დადოს ვლადიმერ პუტინთან. ზოგიერთები იმასაც კი აღიარებენ სასოწარკვეთილებით, რომ ამ ყოველდღიური ჯოჯოხეთური და დაუსრულებელი [თანამედროვე მაღალტექნოლოგიური] ომის პირობებში, როცა  ფრონტიდან შორს, ზურგში მყოფსაც ყოველ წუთს ჰაერიდან სიკვდილი ელოდება, მზად არიან რუსეთის დროშის ქვეშ  იცხოვრონ. ზედაპირული პატრიოტიზმი, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვა პროპაგანდას უწევს, ნაწილებად იმსხვრევა. დადგა ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოფიტვის პერიოდი. ახლა საკითხი ისე კი არ დგას, გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა, არამედ ასე – იარსებებს თუ არა უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით.

როგორ იშორებს ზელენსკი ოპონენტებს

ომმა ვოლოდიმირ ზელენსკის მისცა ის ყველაფერი, რაზედაც მას ოცნება შეეძლო: აბსოლუტური ძალაუფლება, მილიარდობით დოლარის კონტროლი და მთელი მსოფლიოს ტაშისცემა. პრეზიდენტობის პირველი დღიდანვე – მე ამის დადასტურება პირადად შემიძლია – იგი ჩაციკლული იყო მეორე ვადით მმართველობაზე. იგი სპეციალური ჩანაფიქრით მოქმედებს: ერთი მხრივ, საზოგადოების გასგონად აცხადებს, რომ მის მეორედ არჩევაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია, მაგრამ მეორე მხრივ, მუდმივად ამაზე ფიქრობს და ნიადაგს იმზადებს. ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ აკვიატებული აქვს აზრი, რომ მისი რეიტინგები მაღალი უნდა იყოს. იგი უკვე საპრეზიდენტო კამპანიისათვის ემზადება. 2024 სექტემბრიდან მისი ადმინისტრაცია დიდ ფულს უხდის იმათ, ვინც პრეზიდენტის იმიჯს უკეთესად წარმოადგენს სოციალურ ქსელებში, აქვეყნებს სპეციალურად შექმნილ ვიდეორგოლებს მზრუნველი ლიდერის სახით, პროპაგანდას უწევს იმ ადამიანის ხიბლს, რომელიც კომიკოსიდან სამხედრო ლიდერი გახდა და არ იშორებს ხაკისფერ მაისურს და ქურთუკს. მაგრამ ამით შენიღბულია მისი ნამდვილი სტრატეგია – პოლიტიკური ოპონენტის ჩამოცილება ნებისმიერი წესით და მეთოდით. ვალერი ზალუჟნი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ელჩად გაუშვა და დანამდვილებით ვიცი, რომ თუ იგი გაბედავს და პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება, უკვე მომზადებულია სისხლის სამართლის საქმე ექს-სარდლის მიმართ.

ამასობაში კი ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკვე სანქციების ქვეშაა: მისი საბანკო ანგარიშები გაყინულია, აქტივებს კი ყადაღა აქვთ დადებული. მას საბანკო ბარათით ყავისა და ბენზინის საფასურის გადახდაც კი არ შეუძლია. ბუნებრივია, პეტრო პოროშენკოს სურს, რომ ხელისუფლება დაიბრუნოს და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტიდან მეშვიდე გახდეს – მას ამისათვის ერთგული მხარდამჭერები ნამდვილად ჰყავს, მაგრამ ზელენსკის რეჟიმი მას ზღუდავს. იური ბოიკო, იმ პარტიის ლიდერი, რომელიც ზელენსკის ხელისუფლებამ „პრორუსად“ შერაცხა, ამას წინათ უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაკითხვაზე გამოიძახა „ტიკ-ტოკში“ განთავსებული ვიდეორგოლის გამო, რომელშიც ომის შეწყვეტის მოწოდებაა ასახული. ვოლოდიმირ ზელენსკი მართლაც ემზადება არჩევნებისათვის და ამ მიზნით მას წაგების უმცირესი შანსის გამორიცხვაც კი სურს.

„სახელმწიფო – ეს მე ვარ!“

დღეს უკრაინის პრეზიდენტს და მის გარემოცვას სახელმწიფოს კონტროლის სადავეები მთლიანად ხელში აქვთ. მათ შეუძლიათ არჩევნების შედეგები სურვილისდა მიხედვით „შეალამაზონ“ თავიანთ სასარგებლოდ, სინამდვილე შეცვალონ და გააყალბონ, დათრგუნონ სხვაგვარად აზროვნება და საპყრობილეში ჩასვან ყველა, ვისაც კი თვალს დაადგამენ. უკრაინაში დამოუკიდებელი მასმედია ოფიციალურად აკრძალულია, ხოლო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და აქტივისტებს, კორუფციის მხილებელ ადამიანებს პატიმრობა ემუქრებათ.

ანდრეი ერმაკს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, განუსაზღვრელი გავლენა აქვს. ამას წინათ ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც იძულებული გახდა ერმაკის ძმის მიერ ჩადენილ მაქინაციებზე ელაპარაკა, დაიჭირეს და როგორც იტყვიან ხოლმე, „თავი პირდაპირ ფრონტზე უკრეს“, ყველაზე სახიფათო უბანზე. ერთ-ერთი ცნობილი გამოცემის რედაქტორი, რომელმაც კორუფციის ფაქტი გამოავლინა, ციხეში ჩამწყვდევას აშშ-ის ელჩის ჩარევამ გადაარჩინა. კიდევ ერთი გამოცემის რედაქტორი, რომელმაც გაბედა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ საყვედური გამოთქვა, ჯერ დაიჭირეს და 24 საათი იზოლატორში ამყოფეს გარესამყაროსთან კავშირის გარეშე, შემდეგ კი, რადგანაც კომპეტენტურ პირებთან „საერთო ენა ვერ გამონახა“, ისიც ფრონტზე გაგზავნეს. ვერხოვნა რადას დეპუტატი, რომელმაც სოცქსელში დაწერა, რომ ზელენსკიმ, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, ფრონტზე წარუმატებლობა უნდა აღიაროსო, სახელმწიფოს ღალატის მუხლით დააპატიმრეს და ამჟამად კიევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელს იხდის.

ომამდე ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი 23-25%-ის ფარგლებში მერყეობდა. პუტინის არმიის თავდასხმის შემდეგ კი ცნობილი ფრაზა – „მე მჭირდება იარაღი და არა ტაქსები“ (რომელიც ზელენსკის მიაწერეს, სინამდვილეში კი მას არ უთქვამს), როცა ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ერთგვარ ხატად გადაიქცა, პრეზიდენტის რეიტინგი 90%-ზე მეტი გახდა. თუმცა, რაც დრო გადიოდა, ზელენსკის პოპულარობა ეცემოდა… ამასწინანდელი გამოკითხვის მიხედვით კი, როგორც ვიცი, მისი რეიტინგი 10%-ზე დაბლა დაეცა. ისიც ვიცი, რომ ოფიციალურად გამოქვეყნებული ციფრი – 65% – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იქნა შეთანხმებული.

უკრაინელები მშიშრები და მხდალები არ არიან, მაგრამ მათ აღარ სურთ სიკვდილი ზელენსკის ხელისუფლებისათვის, მისი მთავრობისათვის, რომელიც დღითიდღე სულ უფრო ღრმად იძირება კორუფციის ჭაობში. უკრაინის გადარჩენა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეჩერებას და დემოკრატიის აღდგენას შეუძლია. ომის გაგრძელება გამარჯვებამდე კი არ მიგვიყვანს, არამედ ჩვენი სახელმწიფოს სრულ კრახამდე. უკრაინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. და თუ დონალდ ტრამპი ამას ვერ მიაღწევს, უკრაინას და უკრაინელებს არანაირი იმედი აღარ დარჩებათ.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/trump-not-zelensky-is-ukraines-only-hope/