
“ზუსტად იმ მომენტში, როცა საჭიროა საზოგადოების ერთიანობა და საქმეზე კონცენტრირება, ვხედავთ ოპოზიციას და ენჯეოებს, რომლებიც ზურგში დანას სცემენ ქართულ საზოგადოებას” – შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში, სტიქიის ზონაში შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ადგილზეა პრემიერ-მინისტრი და თავად ხელმძღვანელობს პროცესს.
„საზოგადოება ხედავს, რომ ადგილზე მიმდინარეობს, უპირველესად ყოვლისა, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა დიდთოვლობისგან გამოწვეული კომუნიკაციის შეფერხებები აღმოიფხვრას. პრემიერ-მინისტრი არის ადგილზე, გურიას ვგულისხმობ, თუმცა სხვა რეგიონებშიც არის დიდთოვლობა, მაგრამ არა იმ მასშტაბის, სიმძიმის, როგორიც გურიაში. პრემიერ-მინისტრი ადგილზე თავად ხელმძღვანელობს პროცესს. ვითარებას ართულებს ის, რომ თოვა არ წყდება და ხელახალი გაწმენდითი სამუშაოები არის ხოლმე საჭირო. აქედან გამომდინარე, რთულია მუშაობა ამ პირობებში, მაგრამ გუშინ საღამოსაც მოვისმინეთ, დღესაც ვნახეთ განცხადებები, რომ ბევრ სოფელთან უკვე კავშირი აღდგა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ყველას, ვისაც აქვს საჭიროებები, მათ შორის, პირველადი დანიშნულების სხვადასხვა საგანთან დაკავშირებით, შესაბამისად მიეწოდებათ. პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართული არიან პოლიციის, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, ასევე ექიმები, ინტენსიურად მუშაობს სამედიცინო პერსონალი. ასე რომ, მთლიანად პროცესი არის კონტროლის ქვეშ და მიმდინარეობს სამუშაოები, რაც არის საჭირო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ახლა საჭიროა საზოგადოების ერთიანობა, კონცენტრირება საქმეზე და არა ცრუ ინფორმაციის გავრცელება, პანიკის დათესვა ხალხში.
„ზუსტად იმ დროს, როდესაც საჭიროა საზოგადოების ერთიანობა, კონცენტრირება საქმეზე, ვხედავთ ოპოზიციას, მის მედიას და „ენჯეოებს“, რომლებიც ზურგში დანას სცემენ ქართულ საზოგადოებას. აშკარა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, დათესონ პანიკა, შეიტანონ დაბნეულობა საზოგადოებაში, ისედაც რთული ემოციური ფონის არსებობისას, კიდევ უფრო ემოციურად დაამძიმონ ან გააღიზიანონ საზოგადოება. ეს მედიასტანდარტში ისედაც არ ჯდება, მაგრამ არც ადამიანურ სტანდარტში ჯდება. გუშინ რამდენჯერმე ვნახეთ, რომ გავრცელებული იყო ცრუ ინფორმაცია. რამდენიმე საათის შემდეგ თითქოს უარყვეს ეს ინფორმაცია, მაგრამ რჩება მავნე შედეგი, რაც მოაქვს დეზინფორმაციას. დაბნეულობას, ადამიანის ემოციებზე თამაშს თავისი შედეგი მოაქვს და შემდეგ ჩასწორებას დიდი გავლენა, შეიძლება, არც ჰქონდეს. მათ შორის, ჩემი გუშინდელი კომენტარიც პირდაპირ სპეკულაციურად იყო. მანიპულაციაც აღარ ჰქვია ამას, იმდენად დაჩეხილად იყო გამოყვანილი სტიქიასთან დაკავშირებით ჩემი კომენტარის ნახევარწამიანი მონაკვეთი. მათ შორის, თუ არ ვცდები, მამუკა მდინარაძეზეც იყო. მიზანია, ყველა ასეთი მძიმე შემთხვევა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. პოლიტიკური მიზანი რაიმე კონკრეტული კი არ არის, რაღაც შედეგებზე კი არ არის გათვლილი, არამედ ერთადერთი პოლიტიკური მიზანია საზოგადოების ემოციური დათრგუნვა, დატვირთვა, დაბნეულობის შეტანა, ემოციურად გაღიზიანება.
სხვათა შორის, ზუსტად ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, როდესაც მედია თუ ენჯეომიმართულებით დაფინანსებებს წყვეტს. აღიარება ითქვა აშშ-ის ხელისუფლებისგან, რომ ამ დაფინანსებით ხდებოდა პროპაგანდისტული ქსელის შექმნა ზუსტად იმისთვის, რომ როდესაც საჭიროა, სათანადო ნარატივები „აწიონ“. გუშინდელი დღე არის ამის კარგი მაგალითი, როგორ უნისონში მოქმედებდა ოპოზიცია, მისი მედია, უცხოეთიდან დაფინანსებული მედია, „ენჯეოები“. აბსოლუტურად ორკესტრირებული, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი იყო, რათა საზოგადოებაში შეეტანათ დისონანსი, გაეღიზიანებინათ საზოგადოება. კარგია, რომ ამაზე გამოწრთობლია როგორც საზოგადოება, მთლიანად სახელმწიფო, ხელისუფლება. შესაბამისად, ვხედავთ, რომ, დროული რეაგირებით, თავიანთ მიზანს ვერ აღწევენ, თუმცა საზოგადოების რამდენიმეწუთიან თუ რამდენიმესაათიან გაღიზიანებას ახდენენ. ხაზს გავუსვამდი, რომ „ტვ პირველმა“ ჩემს კომენტართან დაკავშირებით ჩაიდინა მანიპულაცია. ონლაინპუბლიკაციაში კომენტარები გათიშული აქვთ ასეთ მანიპულაციაზე, რათა ვინმემ შემთხვევით სიმართლე არ დაწეროს და არ ამხილოს მანიპულაცია, რომელსაც ავრცელებენ ეს ტელევიზიები. პირდაპირ, განზრახ ხდება მანიპულაციის გავრცელება, შემდეგ კომენტარების ველის ჩაკეტვა, რათა ამ მანიპულაციას რამე საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.