1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვინ დაკარგა უკრაინა? – რას წერს The Spectator
ვინ დაკარგა უკრაინა? – რას წერს The Spectator

ვინ დაკარგა უკრაინა? – რას წერს The Spectator

323
0

ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) 24 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ვინ დაკარგა უკრაინა?“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული სიტუაცია და გაკეთებულია დასკვნა, რომ უკრაინის ამჟამინდელ მდგომარეობაში დამნაშავე სწორედ ევროპის ქვეყნები არიან, მათ მიერ გატარებული არათანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

1950-იან წლებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში უმეტესად ერთი კითხვა ისმებოდა ყველაზე ხშირად: „ვინ დაკარგა ჩინეთი?“. ჩინელი კომუნისტების გამარჯვება ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში და აშშ-ის მოკავშირე გომინდანის მთავრობის მძიმე მდგომარეობა იწვევდა ცხარე დისკუსიას იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პრინციპები სახელმწიფო მმართველობისათვის – ბალანსი შეკავებისა და მოგერიებას შორის, ადამიანთა გულებისა და გონების მოპოვება თუ გამარჯვების მიღწევა იარაღის ძალით.

დღეს ჩვენ შეგვიძლია მსგავსი კითხვა დავსვათ: ვინ დაკარგა უკრაინა? რა თქმა უნდა, კიევსა და მოსკოვს შორის შეიარაღებული კონფლიქტი ჯერ დასრულებული არ არის, უკრაინის არმია აგრძელებს გმირულ და მამაცურ ბრძოლას, რაც საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე აგრძელებს შეუნელებელ დიპლომატიურ ძალისხმევას და ცდილობს მიაღწიოს უცხოეთის ქვეყნების მაქსმიალურ მხარდაჭერას რუსეთის არმიის წინააღმდეგობაში.

მაგრამ ახლა უკრაინისათვის ავბედითმა ქარმა დაჰქროლა…

საუდის არაბეთში დაწყებული მოლაპარაკებები რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის  მოასწავებს, რომ უკრაინის ტერიტორია ვლადიმერ პუტინის სურვილისამებრ გაიყოფა და არ იქნება გათვალისწინებული უკრაინელი ხალხის ინტერესები. კიევი მოლაპარაკების პროცესიდან მოსკოვმა და ვაშინგტონმა არამარტო გარიცხეს, არამედ მასთან კონტაქტებს საერთოდ თავს არიდებენ. დონალდ ტრამპის გუნდის მოთხოვნა უკრაინისადმი, რომ ომის დროს გაწეული სამხედრო და ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის წიაღისეული რესურსებთ ისარგებლოს, სუფთა კომერციულ და არა ურთიერთსასარგებლო ხასიათს ატარებს. რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებას, რომ უკრაინას ომის შეწყვეტა ბევრად ადრე შეეძლო ამ სამი წლის განმავლობაშიო და რომ მოსახლეობის ტანჯვაში მხოლოდ კიევია დამნაშავე, ანაზდეულ და გამაოგნებელ ბრალდებას წარმოადგენს.

ევროპელი ლიდერები, დონალდ ტრამპის ასეთი მოქმედების გამო, სრულიად ბუნებრივ აღშფოთებას გამოხატავენ. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ კოლექტიური ევროპული წვლილი, რომელიც უკრაინის დასახმარებლადაა შეტანილი, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამერიკულთან შედარებით. მათ, ცხადია, ეშინიათ, რომ თუ კონფლიქტი ისე არ დარეგულირდება, როგორც კიევს და ბრიუსელს სურს, ვლადიმერ პუტინთან პირველ რიგში სწორედ ისინი წააგებენ – მათი ქვეყნები რუსეთთან ძალიან ახლოს მდებარეობენ.

ეს შიშები არ შეიძლება შევაფასოთ როგორც უმიზეზო და უგუნური. თუ ომის შეწყვეტის მიზნით მიღწეული გარიგების შედეგად ვლადიმერ პუტინი თავისი გამარჯვების გამოცხადებას შეძლებს, ეს კრემლს დამატებით ძალას მოჰგვრის. სხვა ქვეყნები, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება დადგნენ პერსპექტიული დესტაბილიზაციის, ან, უარეს შემთხვევაში – თავდასხმის საფრთხის წინაშე. პუტინი არ მალავს, რომ მისი აზრით, რუსეთის იმპერიის დაშლა, კომუნიზმის დაისის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, ეპოქალურ ტრაგედიას წარმოადგენდა. ასეთი გარემოებების დროს განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბალტიისპირა სახელმწიფოები, რომლებიც ადრე საბჭოთა ტერიტორიის ნაწილნი იყვნენ, ახლა კი ნატოს ერთგული წევრები არიან. ჯერ-ჯერობით, სანამ რუსეთი თავის რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში ხარჯავს, კრემლს არ შეუძლია ყურადღება სხვა ქვეყნებსაც მიაქციოს, მაგრამ როცა საომარი მოქმედებები დასრულდება და რუსეთის არმია სულს მოითქვამს, ძალებს მოიკრებს, მოსკოვი აუცილებლად მიმართავს თავის მტაცებლურ მზერას სხვა მეზობლებისკენაც.

ევროპელი ლიდერებს შეუძლიათ რამდენიც სურთ, იმდენი ეშინოდეთ იმ მოტივებისა, რომლებიც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს აქვთ. მაგრამ იგივე ევროპელი ლიდერები ვერსად ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმის გამო, თუ რა სიტუაციაშიც ჩავარდნენ. ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპა და ამერიკა უკრაინას 2022 წლიდან უწევდნენ, კიევს საომარ მოქმედებებში, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა, მაგრამ ძალიან არასაკმარისი იყო უფრო ძლიერ და მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან ჭიდილში. ევროპული ქვეყნები დაყოვნებით და არააქტიურად აწვდიდნენ უკრაინას იარაღს, საბრძოლო მასალებს და რეაქტიულ არტილერიას (რაკეტებს). ანუ გამოდის, რომ მათ უკრაინის გამარჯვება სურდათ, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად კიევს იარაღის მიწოდების გარანტიას არ აძლევდნენ.

ასეთი სიტუაცია, როცა უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის საკითხებში ერთობლივი მიზანმიმართულობა არ არსებობდა, ჯერ კიდევ 2022 წლამდე, ანუ ომის დაწყებამდე შეინიშნებოდა. ვლადიმერ პუტინს შერჩა ყირიმის ანექსია 2014 წელს (ევროპას ხმაც კი არ ამოუღია). მოსკოვის მიერ ჩადენილი ამ აღმაშფოთებელი აქტის შემდეგ გერმანიამ რუსეთთან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობისათვის კონტრაქტიც კი გააფორმა.

როცა ვლადიმერ პუტინმა 2021 წლის დასასრულს სატანკო კოლონები განალაგა უკრაინის საზღვართან, გერმანია სულ უფრო აღრმავებდა თავის დამოკიდებულებას (მიბმას) რუსული გაზის მიმართ და ატომურ ელექტროსადგურებს ხურავდა (ელექტროენერგიის გამომუშავება რუსული იაფი გაზით ხდებოდა). იმ მომენტში ბორის ჯონსონის მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და უკრაინას იარაღი აჩუქა. სამწუხაროდ, ბრიტანულმა სატრანსპორტო თვითმფრინავებმა კიევში იარაღი ისე ჩაიტანეს, რომ გერმანიის ტერიტორია ვერ გადაკვეთეს და მას შემოუფრინეს – იმიტომ, რომ კანცლერ ოლაფ შოლცს მასში მონაწილეობის მიღება არ სურდა.

საბოლოოდ, გერმანია, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გახდა იარაღის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი უკრაინისათვის, მაგრამ ზიანი უკვე მიყენებული იყო. ევროპა ათწლეულების განმავლობაში სიხარულით იმალებოდა ამერიკული სამხედრო  ქოლგის ქვეშ და ფულს, თავდაცვის სფეროს ნაცვლად, სოციალურ პროგრამებში ხარჯავდა… და მხოლოდ მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა პირველი ვადით, ევროპამ გააცნობიერა, რომ ამერიკა მისი მფარველი მუდმივად ვერ იქნება.

დონალდ ტრამპმა 2018 წელს, ნატოს სამიტზე, ევროპელი მოკავშირეები მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ „ამერიკა ნატოს წევრობით ძალიან ბევრს კარგავს“. ალიანსის იმდროინდელმა გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა დონალდ ტრამპის განცხადებას „მიუღებელი“ უწოდა. თითქმის იგივენაირი რეაქცია ჰქონდათ ევროპელ ლიდერებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს დევიდ ვენსის გამოსვლის მიმართ მიუნჰენის კონფერენციაზე. განსხვავება ის იყო, რომ 2018 წელს თავდაცვის სფეროში თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მხოლოდ სამი ქვეყანა ხარჯავდა, თუმცა ყველა ვალდებული იყო ეს პირობა შეესრულებინა.

ამიტომაც, როცა დგება საკითხი, თუ ვინ დაკარგა უკრაინა, არასაკმარისია იმის თქმა, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს ვლადიმერ პუტინისადმი პირფერობას, ან იმისა, რომ ამერიკა უარს ამბობს იყოს მსოფლიოს ზესახელმწიფო. ევროპის ის ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას ევროკავშირ-ნატოს წევრობა  და ნათელი მომავალი აღუთქვეს, მზად არ იყვნენ (არ არიან) თავიანთი დაპირება რკინისებური ნებით განამტკიცონ.

ყოველივე ზემოთ თქმული ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს და შესაბამისი დასკვნა უნდა გავაკეთოთ. დემოკრატიის გამარჯვებას უზრუნველყოფს არა ევროკავშირის კომუნიკეები და რეზოლუციები ლამაზ-ლამაზი ფორმულირებებით, არამედ გაბედულება ბრძოლის ველზე, რომლის დემონსტრირება ევროპას ეშინია.

წყარო