1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ევროპა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკება უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით ბრიუსელისა და კიევის გარეშე გაიმართება”-Financial Times
“ევროპა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკება უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით ბრიუსელისა და კიევის გარეშე გაიმართება”-Financial Times

“ევროპა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკება უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით ბრიუსელისა და კიევის გარეშე გაიმართება”-Financial Times

772
0

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 14 თებერვლის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ევროპა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკება უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით ბრიუსელისა და კიევის გარეშე გაიმართება“ (ავტორები – ჰენრი ფოი, ქრისტოფერ მილერი და ფელიცია შვარცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპელი ოფიციალური პირები შეძრულნი არიან: დონალდ ტრამპმა ისინი აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესიდან „ამოაგდო“. ამავე დროს ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ სწორედ მათ ქვეყნებს დააწვებათ მხრებზე იმ ხარჯების უდიდესი ნაწილი, რომელიც უკრაინის ომისშემდგომ აღდგენას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაჭირდება.

როცა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებების შესაწყვეტად მოლაპარაკება დაუყოვნებლივ დაიწყებაო“, ამ ამბავმა ევროპულ დედაქალაქებზე განსაცვიფრებელი გავლენა მოახდინა. ევროპელი ლიდერების სამწუხაროდ, მათ ვერანაირად ვერ დაასაბუთეს თავიანთი მონაწილეობის აუცილებლობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.

როგორც „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუებში ევროპელმა მაღალჩინოსნებმა აღიარეს, ისინი აქედანვე გრძნობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ევროპას იძულებულს გახდის უკრაინის დანგრეული ეკონომიკის აღდგენისა და იქ სამშვიდობო ქვედანაყოფების სავარაუდო განთავსების ფასი გადაიხადოს, ანუ ისეთი გადაწყვეტილებებისათვის, რომელშიც ევროპა მონაწილეობასაც კი ვერ მიიღებს.

„ამერიკელების აზრით, ევროპას არავითარი როლის შესრულება არ შეუძლია იმ მასშტაბურ გეოპოლიტიკურ საკითხებში, რომლებიც კონფლიქტს უკავშირდებიან. როგორც ჩანს, ეს ფაქტი ევროპული ერთიანობის გამოცდა იქნება“, – თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, – „დონალდ ტრამპი ჩვენი სახით მხოლოდ ფულს ხედავს. გულახდილად რომ ვთქვათ,ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, როგორი იქნება ჩვენი როლი და ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან იმ შემთხვევაშიც კი, ფულს თუ გადავიხდით“.

იმ დროს, როცა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინას ტერიტორიული დათმობებზე დათანხმება მოუწევსო, ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ – გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით – განაცხადეს, რომ „მზად არიან გააძლიერონ კიევისადმი მხარდაჭერა“ და ხაზი გაუსვეს, რომ „მხარს უჭერენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, „რუსეთის აგრესიის“ ფონზე.

ერთობლივ განცხადებაში, ევროპის კომისიის მონაწილეობით, ასევე ნათქვამია: „ჩვენ გვსურს განვიხილოთ მომდევნო ნაბიჯები ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად… ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინა და ევროკავშირი აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებაში“.

ევროპელი ლიდერები და მინისტრები იმედოვნებენ რაღაცას მაინც გაიგებენ დონალდ ტრამპის გეგმებთან დაკავშირებით, როცა ისინი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსს და უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელს, გადამდგარ გენერალს კიტ კელოგს შეხვდებიან.

ნატოს წარმომადგენლებს იმედი არ აქვთ, რომ კიტ კელოგი მათ ყველაფერს გაანდობს და ამერიკის მიზნებზე სრულად და დაუფარავად ისაუბრებს, მაგრამ იმავდროულად ელოდებიან, რომ გენერალი უახლოეს ხანში ევროპულ დედაქალაქებსაც ეწვევა და იქაურ ლიდერებს შეხვდება.

სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა კიტ კელოგი რუსეთთან მომლაპარაკებელი ჯგუფის სიაში არ შეიყვანა და ამით ევროპელებში ეჭვებისა და განხეთქილების შეგრძნება გააღრმავა.

როცა დონალდ ტრამპმა მოლაპარაკების დაწყება გამოაცხადა, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესპანეთის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები კაია კალასს – ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში – შეხვდნენ, შემხვედრი სტრატეგიის შესამუშავებლად.

„ამ გაურკვევლობისა და ცვლილებების პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპელებს წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ რა ხდება საერთოდ და მიმდინარე პროცესი გააცნობიერონ“, – განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ევროპის გარეშე ევროპულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკება შეუძლებელია, – ხაზი გაუსვა ესპანელმა პოლიტიკოსმა, – ჩვენ უადგილოდ მიგვაჩნია ნებისმიერი იმ საკითხის განხილვა უკრაინის გარეშე, რომელიც უკრაინას ეხება“.

რუსეთთან მოლაპარაკებისათვის დონალდ ტრამპმა უკვე შექმნა ოფიციალური ჯგუფი, რომელშიც შედიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და სპეცწარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი, რომელიც მოსკოვთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამერიკელი მასწავლებლის მარკ ფოგელის რუსული საპყრობილიდან გასათავისუფლებლად. მისი მცდელობა წარმატებით დასრულდა, რუსეთმა მარკ ფოგელი ციხიდან გამოუშვა.

კიევმა იმედგაცრუება გამოხატა ევროპელი ლიდერების უმოქმედობით. „აშკარაა, რომ ყველა ელოდება, თუ როდის მოვა დონალდ ტრამპი და განკარგულებებს გასცემს“, – თქვა ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ დაურეკა, მიუნხენში გასამგზავრებლად ემზადება. მას ადრეც არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მხოლოდ ევროპული გარანტიები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არასაკმარისია, აუცილებელია გარანტორებს შორის ამერიკაც იყოს.

ევროპელი პოლიტიკოსების აზრით, დონალდ ტრამპს არ სურს, რომ მისმა ქვეყანამ რაიმე როლის შესრულება იკისროს უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ ევროპული ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა თვითონ უშუალოდ ევროპელებმა უნდა უზრუნველყონ.

როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა ბრიუსელში, „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე, უკრაინის სამომავლო დახმარების ლომის წილი – სამხედრო და არასამხედრო თვალსაზრისით – თავის თავზე ევროპამ უნდა აიღოს. მან ასევე გამორიცხა აშშ-ს ჯარების გადასროლა უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის ჩარჩოებში, ომის დასრულების შემდეგ. „უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია განმტკიცებული უნდა იყოს ევროპული და არაევროპული ჯარების მიერ, მაგრამ ამერიკის არმიის გარეშე“.

„სცენარი იმისა, თუ როდის იტყვის ამერიკა  – „ჩვენ ზავი დავდეთ, დანარჩენი კი თქვენი საქმეა. თუ რამე გასახვეტია, თქვენ უნდა გახვეტოთ“ – ასეთი დამოკიდებულება ჩვენ არ გვაწყობს“, – თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა ევროკავშირიდან, რომელიც შექმნილი სიტუაციის განხილვაში მონაწილეობდა. „არსებობს იმის ზღვარი, რის მიწოდებაც ევროკავშირს მარტო თვითონ შეუძლია – ფულის, იარაღის და გარკვეულ მომენტში, ალბათ, სახმელეთო ქვედანაყოფებისაც“, – დაამატა მან.

ევროკავშირის დიპლომატები სულ უფრო ძალიან ნერვიულობენ იმ სიძნელეების გამო, რომლებსაც მაღალჩინოსანი თანამდებობის პირები აწყდებიან, თვით ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩათვლითაც კი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრების ორგანიზების საკითხში.

ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს არცთუ იშვიათად უწევთ ხოლმე ინფორმაციების მოპოვება დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე მხოლოდ პირადი კონტაქტების მეშვეობით, რასაც შემდეგ პარტნიორებს უზიარებენ.

„ევროპულ ინსტიტუტებს ჯერ კიდევ არ ჰყავთ ისეთი ადამიანი, რომელსაც დონალდ ტრამპთან პირდაპირი კონტაქტები ექნება, მოლაპარაკების მიზნით“, – აღიარა საქმეში ჩახედულმა ერთ-ერთმა დასავლელმა ჩინოვნიკმა.

ჯეიმს დევიდ ვენსი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს სამშაბათს შეხვდნენ, მაგრამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის ხელმძღვანელთან უკრაინასთან დაკავშირებულ სამომავლო მოლაპარაკების ირგვლივ თითქმის სიტყვა არ დასცდენია, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ და დასძინა, რომ ამ მხრივ, დონალდ ტრამპის აზრით, კიტ კელოგი უფრო მნიშვნელოვან მოსაუბრედ ითვლება.

„აშშ-ის წინა ადმინისტრაციები ვაშინგტონ-ბრიუსელის დიალოგს, როგორც ტრანსატლანტიკური ალიანსის ერთიანობის გამოხატვის სიმბოლოს, მაღალ დონეზე აფასებდნენ“, – აღნიშნა ჯერემი შაპირომ, ევროსაბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების პროგრამების დირექტორმა, – „მაგრამ დონალდ ტრამპს და მის გუნდს ამ მხრივ დღემდე რაიმე ინტერესი არ გამოუჩენია. როლი, რომელიც ტრამპმა მოუმზადა ევროპელებს, არის ის, რომ ყველაფრის ფასი ევროპამ უნდა გადაიხადოს. ტრამპი გვეუბნება: „არავითარი დაფნის გვირგვინი არ გექნებათ, შეხვედრებზეც კი არ დაგიძახებთ… და საერთოდ, ხმა არ ამოიღოთ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: