1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

336
0

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად სცეს პატივი ადამიანთა უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხრივ ევროპულ სტანდარტებს, გზა გაუხსნას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, ასევე მოუწოდებს სამართლიანი მოპყრობისკენ ყველა ქართველის, მათ შორის ადგილობრივი არჩეული წარმომადგენლების მიმართ.

„კონგრესის პრეზიდენტის, პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნის ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ და წინა განცხადებებზე დაყრდნობით, ბიურო მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები იმ უკიდურესი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის მოსახსნელად, რომელიც აზიანებს მათ ქვეყანას. მათ უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავი უწყებების, სასამართლოს და ყველა საჯარო ინსტიტუტის დამოუკიდებლობა. საჯარო მოხელეები ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე გათავისუფლებული იქნენ პოლიტიკური მიზეზებით. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს. ასევე, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, განახორციელოს თავისი დემოკრატიული უფლებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიული საზოგადოებების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ის პირები, რომლებიც ამჟამად დაკავებული არიან მთავრობის წინააღმდეგ გამართული პროტესტების არაძალადობრივ მონაწილეობაში, უნდა იქნენ გათავისუფლებული. ეს მოიცავს ეროვნული და ადგილობრივი დონის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომლის მიმართაც კონგრესი გამოხატავს კონკრეტულ შეშფოთებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია და გამოხატოს გულწრფელი, ღია და კონსტრუქციული დიალოგის მზაობა ოპოზიციასთან.

„ამ დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებზე დაბრუნებამ უნდა უზრუნველყოს ნდობა, რაც ოპოზიციას საშუალებას მისცემს, ჩაერთოს მთავრობასთან დიალოგში და შეწყვიტოს ინსტიტუტების მიმართ ბოიკოტი. თავის მხრივ, ეს გზას გაუხსნის ახალ ეროვნულ არჩევნებს, რომლებიც დაეფუძნება ევროპულ სტანდარტებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე ხელს შეუწყობს თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს. ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან იმ მოსაზრების თაობაზე, რომელიც მოთხოვნილია კონგრესის მიერ საარჩევნო კოდექსში უახლესი ცვლილებების შესახებ. მომდევნო ადგილობრივი არჩევნები დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბერში. მათი ჩატარება მიმდინარე პირობებში ქმნის რისკს, რომ გაამწვავებს სიტუაციას. შესაბამისად, პოლიტიკურ გარემოში არსებითი ცვლილების გარეშე, ეს არჩევნები უნდა იქნეს გადადებული. ბიუროს სჯერა დემოკრატიული, ევროპული მომავლის, რომელიც ყველა ქართველის ინტერესშია. ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის მონაწილეობას, სამთავრობო სისტემის ყველა დონეზე, მათ შორის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის აღდგენას. კონგრესი მზადაა, ნებისმიერი მხარდაჭერისთვის ამ მიზნის მიღწევაში. საქართველოზე დებატი ჩატარდება კონგრესის მომდევნო სესიაზე, რომელიც 2025 წლის 25-27 მარტს გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.