1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღეს ფერისცვალებაა
დღეს ფერისცვალებაა

დღეს ფერისცვალებაა

725
0

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება ჩატარდება. ტრადიციულად ტაძრებში ხილს აკურთხებენ. ეს დღე თევზით ხსნილია.

მართლმადიდებლებისთვის ფერიცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

წმინდა სახარების მიხედვით, წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე მაცხოვარმა თავისი სამი მოწაფე – პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა. მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად მაღალ მთაზე განმარტოვდა და ლოცვა დაიწყო. დაღლილ მოციქულებს მიეძინათ. როცა გამოიღვიძეს, დაინახეს, რომ მათ მოძღვარს, იესო ქრისტეს ფერი ეცვალა: სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი თოვლივით თეთრი ჰქონდა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი იესოსთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა და ხმა ჩაესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება – ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით, და ამგვარ გაცხადებას წმიდა დიონისე არეოპაგელმა „დროული მარადისობა“ უწოდა.

იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს, თაბორის მთა ღრუბლით იფარება.

ტროპარი:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი:
მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.