პარლამენტმა 2003-2012 წლების ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.
დადგენილების პროექტს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. კომისიის შექმნას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, არც ერთის წინააღმდეგ.
რეგლამენტის მიხედვით, კომისიის წევრთა ნახევარი ოპოზიციონერი დეპუტატებით უნდა დაკომპლექტდეს. საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილ ადგილებს უმრავლესობიდან გამოყოფილი „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები დაიკავებენ.
კომისია პარლამენტში პირველ ეტაპზე სამი თვის განმავლობაში იმუშავებს და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.
როგორც დადგენილების პროექტის წარდგენისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათავლისწინებულ სამ თვეში ვერ მოასწრებს საქმიანობის დასრულებას, ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით, მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ არაუმეტეს ექვსი თვისა.
„ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და მინიმუმ, ამ ყველაფერს ელოდება მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვანდო ამ ქვეყნის სადავეები იმ პასუხისმგებლიან გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა ექნება აღნიშნული კომისიის მუშაობას და მის შედეგებს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციისა და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის“.
როგორც აღნიშნული ინიციატივის წარდგენისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება, ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება, ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ“. ამავდროულად, მდინარაძემ აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.